Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად“ - მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

„მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად“ - მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მასწავლებლებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა!

მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღე! თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით მომავალი თაობების აღზრდაში.

თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით უდიდესი წვლილი შეგაქვთ უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში.

თქვენი შრომა, ღვაწლი და ამაგი განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისას.

იცოდეთ, რომ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მონდომებას, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებას, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნება.

ღრმად მწამს, მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად.

გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისთვის!

წარმატებებსა და ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად