Baby Bag

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა

იზოლდა ბართაია 41 წელია ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„დედა პედაგოგი მყავდა, ოჯახის სხვა წევრებიც ამ პროფესიის იყვნენ და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. შესაბამისად, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობაზე.

პირველად რომ შევედი საკლასო ოთახში, მივხვდი, რომ ადვილ საქმეს არ მოვკიდე ხელი. თუმცა თანდათან მივეჩვიე, გამოცდილება შევიძინე, სხვებს ვესწრებოდი გაკვეთილზე, ვეცნობოდი, ვინ რა მეთოდოლოგიას იყენებდა.

მასწავლებელს ძალიან დიდი მოთმინება უნდა ჰქონდეს. ყველა ბავშვთან უნდა
გამონახო საერთო ენა. მოსწავლეებთან ურთიერთობა არასოდეს გამჭირვებია.
კარგმა პედაგოგმა თავისი საგანი უნდა იცოდეს და ზოგადად ადამიანი უნდა უყვარდეს, ბავშვი მით უმეტეს.

ძალიან მიხარია, რომ სკოლაში ახალგაზრდა თაობა შემოვა. ისინი თანამედროვეები არიან და უფრო მეტად ესმით ბავშვების. მთავარია,
პროფესიის სიყვარული ჰქონდეთ და შემდეგ თანდათან დახელოვნდებიან, გამოცდილებას შეიძენენ.

ჯილდო, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის დააწესა, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. გულისწყვეტა, რა თქმა უნდა, მაქვს, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ამას ტრაგედიად არ ვაქცევ. მიხარია, რომ სახელმწიფომ ჩემს საქმიანობას ასეთი კარგი დასასრული მისცა.“

შეიძლება დაინტერესდეთ

სპეციალური მასწავლებლებისთვის მაისში რეგიონული სასწავლო ტური გაიმართება

სპეციალური მასწავლებლებისთვის მაისში რეგიონული სასწავლო ტური გაიმართება

2019 წლის 12-დან 18 მაისის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს ინკლუზიური განათლების 30 სპეციალურ მასწავლებელს რეგიონებიდან, - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ​ავრცელებს.

სპეციალური მასწავლებლები განაწილდებიან თბილისის 8 სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ 9 სუპერვიზორი/ხელმძღვანელი. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3-4 სპეციალურ მასწავლებელთან.

„თუ ხართ დასაქმებული რეგიონის სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე და სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ პროექტში „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ გთხოვთ, მოგვმართოთ და წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. CV (რეგიონი, რაიონი, სკოლა. პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა, გავლილი ტრენინგების შესახებ სრული ინფორმაცია: დასახელება, თარიღი);
  2. ატვირთეთ სამოტივაციო წერილი;

აუცილებელი პირობაა, რომ გქონდეთ მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან და არ უნდა იყოთ წინა წლების რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე.

უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონს, ან იმ რაიონსა და სკოლას, სადაც ნაკლებ ხელმისაწვდომია სასწავლო მედია (ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები, რესურსები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კურსები; დარგის ექსპერტების კონსულტაცია და ა.შ.).

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილეების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით,“ - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: ​რეგიონული სასწავლო ტური

იხილეთ ასევე:

​დეტალები პედაგოგების სერტიფიცირების ახალი მოდელის შესახებ

​დამამთავრებელი გამოცდების ჩატარებას თავად სკოლა უზრუნველყოფს - განათლების მინისტრი

წაიკითხეთ სრულად