Baby Bag

როდის შეეცვლებათ სტატუსი იმ მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდა ზაფხულში ჩააბარეს

როდის შეეცვლებათ სტატუსი იმ მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდა ზაფხულში ჩააბარეს

მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდა ზაფხულში ჩააბარეს​, სტატუსი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს შეეცვლებათ, - ამის შესახებ ​Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი, რამდენი მასწავლებელი დაწინაურდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

ცნობისთვის, წელს პედაგოგებს, პირველ გამოცდაზე (ზაფხულის გამოცდაზე) წარუმატებლობის შემთხვევაში, აქვთ შესაძლებლობა, წლის ბოლომდე მეორედ გავიდნენ გამოცდაზე (შემოდგომას) და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. 

პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია ​შემოდგომაზე ორგანიზებული კომპეტენციის დადასტურებისათვის 10 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყება და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება.

მოქმედ სქემაში ცვლილებების შემდეგ მასწავლებელს მიღწეული სტატუსი აღარ ჩამოერთმევა (სტატუსის შესანარჩუნებლად მასწავლებლებს გარკვეული რაოდენობის კრედიტების დაგროვება აღარ მოუწევთ).

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება მასწავლებელმა დაუშვას,“ - გია მურღულია პედაგოგების მიერ მოსწავლეებთან დაშვებულ შეცდომებზე

ფილოლოგმა გია მურღულიამ მასწავლებლების მიერ მოსწავლეებთან დაშვებული ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პედაგოგების მიერ დაშვებული შეცდომები ერთგვაროვანი არ არის:

„მასწავლებლების მიერ დაშვებული შეცდომები არ არის ერთგვაროვანი. შესაძლოა, დაუშვა შეცდომა გაკვეთილის დაგეგმვაში და მაშინ მთელი გაკვეთილი ცუდად წავა. შეიძლება რაღაც მომენტი გამოგრჩეს, რომელიც დაიბადა გაკვეთილზე, არ გადაეწყო იმ მომენტზე და ყველაფერმა ფუჭად ჩაგიაროს, რაც მანამდე დაგეგმე. შეიძლება მოსაწყენად ილაპარაკო და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება მასწავლებელმა დაუშვას.

შეიძლება არ აღიარო შეცდომა, რომელიც დაუშვი გაკვეთილზე და შეეცადო, რომ შენიღბო ის, რათა შეინარჩუნო შენი სახე. იმ წუთას დაკარგავ ამ სახეს, როგორც კი შეეცდები, რომ ბავშვები მოატყუო, იმიტომ, რომ ისინი ყველაფერს კარგად ხვდებიან.

როგორ მინდა ვთქვა, არ დამიშვია შეცდომები-მეთქი, მაგრამ დამიშვია, რასაკვირველია. ჩემი პედაგოგიური ცხოვრების გარიჟრაჟზე იყო ასეთი შეცდომა. ახლა ამ შეცდომას აღარ ვუშვებ. ერთმა მოსწავლემ ცოტა დამცინავად მითხრა, რომ რასაც მე ვუებნებოდი სისულელე იყო. მეწყინა და ცოტა მკაცრად ვუპასუხე. როგორც მაშინ ამბობდნენ, მივუჩინე თავისი ადგილი. ამან არ გამოიღო კარგი შედეგი, პრობლემა დაბადა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გამოვიხმე გარეთ, არ მოვუხადე ბოდიში და არ ვუთხარი, რომ, ჩემი აზრით, ის არ იყო სამართლიანო, როდესაც ეს მითხრა, მაგრამ მე პატივს მივაგებ მის აზრს. მასწავლებელს არ აქვს სხვა არჩევანი, არა იმიტომ, რომ ეს დაწერილია სადმე, არამედ იმიტომაც, რომ ის მასწავლებელია,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველ არხზე გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“ 

წაიკითხეთ სრულად