რა კომპეტენცია მოეთხოვება მასწავლებელს, როგორ უნდა დააფიქსიროს მან ეს კომპეტენცია და როგორ უნდა მოექცეს სახელმწიფო თავის პედაგოგებს - აღნიშნულ თემებზე გადაცემაში „ჩვენი სკოლა“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მასწავლებლის სახლს სურს, რომ სკოლაში შეიქმნას ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობის ფორმატით დაესწრება გაკვეთილს:
„თანამედროვე მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების დადგენა და ამ საჭიროებიდან გამომდინარე მასთან ინდივიდუალური მიდგომა. ჩვენ გვინდა, სკოლაში შეიქმნას ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელიც თანამშრომლობის ფორმატით (და არა დასჯის, გამოჭერის) დაესწრება გაკვეთილს და მასწავლებელთან ერთად შეაფასებს. ეს დაგვეხმარება, რომ პედაგოგი გახდეს უკეთესი. აღარ უნდა იყოს გარე დაკვირვება და საბუთომანია. შეიძლება, მასწავლებელს საერთოდ არ ჰქონდეს გაკვეთილის გეგმა, მაგრამ მან უნდა შეძლოს მოსწავლის გაკვეთილით დაინტერესება. ეს არის მთავარი. მე მაინტერესებს მასწავლებელმა არა რამდენი დრო დაუთმო ამა თუ იმ გაკვეთილს, არამედ შეძლო თუ არა მოსწავლემ გაკვეთილის გააზრება. ჩვენი ორიენტაცია არის შედეგზე.“
ბერიკა შუკაკიძემ მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაზეც გაამახვილა ყურადღება:
„მასწავლებელს სტატუსი ერთხელ რომ მიენიჭა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის კარგი მასწავლებელი იქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყოველ წელს მასწავლებლის შეფასება უნდა მოხდეს მის მიერ მიღწეული შედეგებით, ხოლო შედეგი უნდა იყოს პროგრესზე ორიენტირებული და არა იმაზე, თუ რამდენი ათოსანი მოსწავლე ეყოლება კლასში.“
ამ ყველაფრის გაკონტროლება კი განათლების მინისტრის ხედვით შემდეგნაირად განხორციელდება - განათლების მინისტრი უნდა ენდოს მასწავლებლის სახლს, მასწავლებლის სახლი დირექტორს, დირექტორი მასწავლებელს, მასწავლებელი მშობელს და მოსწავლეს:
„საქართველოში არის 45 000 საკლასო ოთახი და შეუძლებელია ამდენი გაკვეთილი გაკონტროლდეს. ამიტომ ჩვენ უნდა ვენდოთ სკოლას. ჩვენი განათლების მინისტრის ხედვა ასეთია და ჩვენ ამის ირგვლივ ვართ შემოკრებილები: განათლების მინისტრი უნდა მენდოს მე, მე უნდა ვენდო დირექტორის, დირექტორი მასწავლებელს, მასწავლებელი მშობელს და მოსწავლეს. მოგეხსენებათ, პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და საბჭოთა საზოგადოებაში უნდობლობის დათესვა და ზედმეტი კონტროლი ერთ-ერთი მთავარი მეთოდი იყო, ეს უნდობლობა აღარ გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გესმით, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვერანაირად ვერ შეძლებს 58 684 პედაგოგისა და 2 083 საჯარო სკოლის გაკონტროლებას, ეს უტოპიაა და ვისაც ამის სჯერა, ვეტყვი, რომ ისევ საბუთომანიამდე მივალთ. გვქონდა გამოცდილება, რომ მასწავლებლები გაკვეთილების ნაცვლად ამ საბუთომანიაზე იყვნენ კონცენტრირებულები. სკოლის დირექტორებს ტრენინგზე ერთ რამეს ვეუბნები, თუ სკოლა კარგად მუშაობს (ფეხბურთის გუნდი და სკოლა ძალიან ჰგავს ერთმანეთს), მასწავლებლების დამსახურებაა, ხოლო, როცა ცუდად მუშაობს, ეს სკოლის დირექტორის ბრალია. ასევეა ფეხბურთის გუნდიც - იგებს გუნდი, ნიშნავს, რომ ფეხბურთელებმა მოიგეს, აგებს გუნდი, ნიშნავს, რომ მწვრთნელმა წააგო,“ - დასძინა მან.
სკოლის კომპლექსურად შესაფასებლად მასწავლებლის სახლის დირექტორმა ხუთი მთავარი კომპონენტი დაასახელა:
- სწავლა-სწავლების პროცესი
- დისციპლინა
- ადამიანური რესურსი
- ფინანსური რესურსი
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
ბერიკა შუკაკიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ხუთი კომპონენტით სკოლის შეფასება დასჯაზე ორიენტირებული არ იქნება:
„სად გინახავთ მშობელი, რომელიც შვილს იმისთვის სჯიდეს, რომ ავადაა? ბავშვს, რომელიც ავად არის, სწორედ მაშინ სჭირდება მეტი ზრუნვა, მეტი ენერგია და ფულის ხარჯვა, მეტი დროის დათმობა, რომ გამოაკეთო. ამიტომ, ჩვენ რომ მივადგეთ ახლა სკოლებს და იმის გამო დავხუროთ, რომ ამ ხუთი კომპონენტით ისინი კარგად ვერ მუშაობენ, გამოვა, რომ ჩვენ თავს ვისჯით. როგორ შეიძლება სახელმწიფომ დასაჯოს სკოლა იმის გამო, რომ თვითონ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ამის შეცვლას სხვაგვარი მიდგომით ვაპირებთ. ჩამოთვლილ კრიტერიუმებს ექნება სამი დონე, რომლის მიხედვით შევაფასებთ სკოლებს. მაგალითად, მივედით საქაშეთის სკოლაში (გორის რაიონი), შევაფასეთ სწავლა-სწავლების პროცესი (პროცესში იქნება, დაახლოებით, 20-30 ცვლადი), ოღონდ ეს წინასწარ ეცოდინება სკოლას, რომ გამოჭერის მიზნით არ მივიდეთ. თუ დავუდგინეთ, რომ ისინი არიან მესამე დონეზე, უნდა შევიმუშაოთ სტრატეგიული გეგმა და ამ პროცესში დიდი პასუხისმგებლობა დირექტორს დაეკისრება. მან სასწავლო პროცესის მობილიზება ისე უნდა მოახდინოს, რომ მომავალ წელს მეორე დონეზე გადავიდნენ. ბუნებრივია, სტრატეგიული გეგმისთვის სკოლებს მეტი თანხა დასჭირდებათ და ყბადაღებული ვაუჩერული დაფინანსების სისტემა უფრო მიზნობრივი დაფინანსების სისტემაზე გადავა. მაგალითად, როგორ ვიქცევით სახლში, თუ საქვაბე გაფუჭდა? როიალს ხომ არ ვიყიდით? - სადაც გვიჭირს, იქ მეტს ვხარჯავთ და ვაკეთებთ საქვაბეს. იგივე მიდგომა იქნება აქაც - ჩვენ სადაც გვიჭირს და გვინდა მდგომარეობის გაუმჯობესება, თანხებსაც იმ მიმართულებით მივმართავთ. აქედან გამომდინარე, როდესაც სკოლას დაუდგინდება, რომ მას დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, თანხასაც და ადამიანურ რესურსსაც იქით მიმართავს. ასეთ დიფერენცირებულ მიდგომას გულისხმობს სკოლების შეფასების კომპლექსური სისტემა,“ - დასძინა მან .