პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ჯილდოს გაცემის პროცესი დაიწყო, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, უწყების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელ პენსიაზე გასულ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის პრაქტიკოს პედაგოგებს შეხვდა, მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„თაობების აღზრდაში თქვენი წვლილი ძალიან დიდია. რეფორმა მასწავლებლით იწყება და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისის პირობები. პედაგოგზე დგას ქვეყნის მომავალი. დიდი შრომა და წარმოუდგენელი ძალისხმევა გაქვთ ამ საქმეში ჩადებული და მადლობა თქვენი შრომისთვის, სამინისტროს, ბავშვებისა და მშობლების სახელით. უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ. პედაგოგი არის მთავარი ადამიანი ქვეყანაში!“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს პრეცედენტი არის მნიშვნელოვანი სტიმული იმ მოქმედი და მომავალი პედაგოგებისთვისაც, რომლებიც ამ ურთულესი პროფესიის გზას ადგანან.
პირველ ეტაპზე სახელმწიფოსგან ჯილდოს აღების სურვილი ექვსი ათასზე მეტმა პედაგოგმა გამოხატა. ჯილდოს სახით მათ ორი წლის ჯამური ხელფასი უკვე მიიღეს. ჯილდოს აღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს წლის ბოლომდე კიდევ ექნებათ.
რეფორმის ფარგლებში ის მასწავლებლები, რომლებმაც სტატუსი აიმაღლეს, გაზრდილ ხელფასს ოქტომბერში აიღებენ.