Baby Bag

ყველაფერი განათლების სამინისტროს ახალი პროგრამის შესახებ

ყველაფერი განათლების სამინისტროს ახალი პროგრამის შესახებ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალ პროგრამაზე - „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 20 ოქტომბერს დასრულდება.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ მათ, ვისაც აქვთ ბაკალავრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სურთ მასწავლებლობა. ამასთან, როგორც მასწავლებლის სახლში აცხადებენ, ნოემბრის გამოცდაზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნული პროგრამა გაიარონ.

„მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში“ ჩასარიცხად უნდა დარეგისტრირდეთ საიტზე Tpdc.ge, ჩააბაროთ ტესტი, რომელიც თქვენს საბაზისო ცოდნას შეამოწმებს და ამის შემდეგ შეძლებთ, გახდეთ კურსის მსმენელი. ტესტის გავლის ვალდებულებისგან თავისუფალია ის აპლიკანტი, რომელმაც მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ საგნობრივ გამოცდაზე გადალახა 40%-იანი ზღვარი.

მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსები ჩატარდება რაიონულ ცენტრებსა და დიდი ქალაქების სკოლებში კვირაში სამჯერ - პარასეკევს, შაბათსა და კვირას. სასწავლო კურსს გაუძღვებიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. 

მასწავლებლები მომზადდებიან:

1. ფიზიკა, მათემატიკა, ტექნოლოგიების
2. ბიოლოგია და ქიმიის
3. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
4. ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლების
5. დაწყებითი განათლების (ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) მიმართულებით.

მსმენელები ასევე მომზადდებიან ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ფიზიკურ აღზრდაში.

თითოეული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები პედაგოგიურ პრაქტიკას სკოლაში ადგილობრივი მასწავლებლის მენტორობით გაივლიან. 

პროგრამის მონაწილეები წინასწარ გაეცნობიან შესაძლო ვაკანტურ ადგილებს იმ სკოლებში, სადაც მასწავლებელთა დეფიციტია. 

„მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულები სკოლებში მაძიებლად შევლენ, პარალელურად გადამზადდებიან დისტანციური სწავლების კურსით და კომპეტენციის დადასტურების შემდგომ უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებენ.

„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ 2019 წელს პროფესიაში შესვლის 2 000-ზე მდე მსურველს უფასოდ მოამზადებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ჩვენთვის მთავარია, მასწავლებელს, პირველ რიგში, ეცალოს მოსწავლისთვის, საკლასო ოთახში დაიხარჯოს ბოლომდე, ჩაატაროს ხარისხიანი გაკვეთილი

ჩვენთვის მთავარია, მასწავლებელს, პირველ რიგში, ეცალოს მოსწავლისთვის, საკლასო ოთახში დაიხარჯოს ბოლომდე, ჩაატაროს ხარისხიანი გაკვეთილი

ჩვენთვის მთავარია, მასწავლებელს, პირველ რიგში, ეცალოს მოსწავლისთვის, საკლასო ოთახში დაიხარჯოს ბოლომდე, ჩაატაროს ხარისხიანი გაკვეთილი, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“.

„საბოლოო ჯაში, ჩვენი მთავარი სამიზნე, ვისთვისაც ყველა ერთად ვშრომობთ, არის მოსწავლე, მაგრამ მთავარი, ვისაც შესაბამისი განათლება მიაქვს, არის მასწავლებელი. ამიტომ მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს აღიარებული და დაფასებული, მასწავლებელმა თავი იგრძნოს კომფორტულად და აკეთოს მთავარი. რა არის მთავარი? ჩვენთვის მთავარია, მასწავლებელს, პირველ რიგში, ეცალოს მოსწავლისთვის, საკლასო ოთახში დაიხარჯოს ბოლომდე, ჩაატაროს ხარისხიანი გაკვეთილი და მას სისტემამ არ დაუდოს რამენაირი ბიუროკრატია, რომ ამ მთავარ მიზანს როგორმე მოაცილოს. მე მინდა, დღეს ამ პერსპექტივიდან შევხედოთ მთლიანად სქემას, იმას, რაც გვაქვს, მასწავლებლის პროფესიული განვითარება, და ეს მთავარი კონცეპტია ჩვენი მხრიდან, რაც ჩვენი ანალიტიკის, მოკვლევის ფარგლებში დავინახეთ. ეს კვლევა კიდევ გრძელდება და, საბოლოო ჯამში, ძალიან მალე გვექნება შედეგები“, – განაცხადა მახარაშვილმა.

მისი თქმით, როგორც ქვეყნის პრემიერმა დააანონსა, სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლებს სახელფასო ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარის ფარგლებში ეზრდებათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც მახარაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს თვითმიზანი არ არის, რომ აუცილებლად რაღაც უნდა შეცვალოს.

„მთავარია, სამართლიანობის პრინციპები იყოს დაცული. ის, რაც შეიმჩნევა და რაც კატეგორიულად არ გვინდა, იყოს, არის საკითხი, რომ, რეალურად, მასწავლებელი ამბობს: თქვენ წამყვანი რომ ბრძანდებით, მენტორი ან უფროსი, ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენ ჩემზე უკეთეს გაკვეთილს ატარებთ საკლასო ოთახში? ჩვენ, აი, ამ კითხვებიდან გამოვალთ და მივიღებთ იმ პასუხებს, რომლებიც ერთად გადაგვაწყვეტინებს, არის თუ არა რამე შესაცვლელი. იქნებ არაფერი არ არის შესაცვლელი. ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ აუცილებლად რაღაც უნდა შევცვალოთ, მაგრამ დაგროვილმა ინფორმაციამ, გამოცდილებამ და ანალიტიკამ გვაჩვენა, რომ საქმე მთლად მაინცდამაინც კარგად არ გვაქვს“, – განაცხადა მახარაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც საუბარია მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე და ხარისხის უზრუნველყოფაზე, არ შეიძლება, ეს ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს, უნდა არსებობდეს თუ არა, მაგრამ მნიშვნელოვანია, წარიმართოს ფართო დისკუსია, რამდენად კარგია შემოთავაზებული მოდელი და უკუკავშირები.

„ათასობით მასწავლებელს შევხვდით და ამ თემაზე ჩვენ გვაქვს ღია მსჯელობა. საკლასო ოთახში თავის საქმიანობაში რა პრობლემასაც მასწავლებელი ხედავს, ეს მათგან უნდა მოვისმინოთ. ამიტომ ძალიან საინტერესოა მასწავლებლების მოსმენა და ჩვენ ერთად გვაქვს გადაწყვეტილება მისაღები, თუ რამე დასახვეწია, უნდა დავხვეწოთ, თუ ყველაფერი კარგად არის, ესე იგი, ისე იქნება, როგორც არის“, – განაცხადა მახარაშვილმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ რაც შეეხება მასწავლებლის მიერ მოპოვებულ სტატუსს, ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და ვერც დადგება.

„ის შრომა და ის შემოთავაზებული ვერსიები, რასაც სახელმწიფო აქამდე გთავაზობდათ, როგორი ფორმითაც არ უნდა ყოფილიყო და დღეს ეს სამსჯელო შეიძლება, გავხადოთ თუ არ გავხადოთ, აქ მოპოვებული სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ არც დგას და ვერც დადგება. შრომა, რომელიც თითოეულმა თქვენგანმა გასწია, არის დასაფასებელი და, რასაკვირველია, ყოველთვის ასე იქნება აღიარებული ჩვენი მხრიდან, მაგრამ ვსაუბრობთ იმაზე, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ უკეთესობისთვის და რა ნაბიჯები შეიძლება, გადაიდგას, რომ მთავარ მიზანს მივაღწიოთ – გვეცალოს მოსწავლისთვის“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად