2020 წლის 1-ლი თებერვლიდან პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც სტატუსს ვერ აიმაღლებენ, შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩნენ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ. (იხილეთ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი.)
როგორც მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი „ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, პრაქტიკოს მასწავლებლებს რეალური დრო კრედიტების დასაგროვებლად და შესაბამისად, სტატუსის ასამაღლებლად ორი თვე (ოქტომბერი და ნოემბერი) აქვთ, რადგან დეკემბერში უკვე შეფასების ჯგუფები იწყებენ მუშაობას:
„პრაქტიკოს მასწავლებლებს რეალური დრო კრედიტების დასაგროვებლად ორი თვე (ოქტომბერი და ნოემბერი) აქვთ, რადგან დეკემბერში უკვე შეფასების ჯგუფები იწყებენ მუშაობას. თუმცა, ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მრავალფეროვანი აქტივობებიდან და შესაძლებლობებიდან აირჩიონ ისეთი, რომლის განხორციელებასაც მოასწრებენ. მაგალითად, სოციალური პროექტები, ისტ-ის გამოყენებით სწავლება, და ა.შ. რაც შეეხება დამატებით შესაძლებლობას, ცენტრი მათ წლის განმავლობაში შესასრულებელ აქტივობას (მაგალითად, წრე, კლუბი) სემესტრში ჩაუთვლის. ამის გარდა, ჩვენ მათ მივეცით სემინარებში მონაწილეობისა და სამუშაო შეხვედრების უფლებაც, რაც, ასევე მოუტანთ კრედიტქულებს. რეალურად, განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ასე რომ, 2 და 3 კრედიტის მოპოვება მასწავლებელს, დეკემბრის დასაწყისამდე, თავისუფლად შეუძლია,“ - აცხადებს მანანა რატიანი.