Baby Bag

ნაეკი მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთათვის ინფორმაციას ავრცელებს

ნაეკი მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთათვის ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებში მონაწილეთათვის ინფორმაციას ავრცელებს. 

ცენტრის ინფრომაციით, მონაწილე საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში და მისი ამობეჭდვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს გამოცდების დასრულებამდე. 

მასწავლებელი ბარათის ამოსაბეჭდად უნდა ეწვიოს ვებგვერდს - online.naec.ge, გახსნას ფანჯარა „მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება“, მიუთითოს რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელფოსტის მისამართი და 5 ნიშნა კოდი. ამის შემდეგ, დააჭიროს ღილაკს „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა აპლიკანტებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

აპლიკანტმა უნდა დაიმახსოვროს ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი. ამ ნომრის საშუალებით მასწავლებელი შეძლებს შედეგების გაგებას! ბარათის დაკარგვის შემთხვევაში უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე online.naec.ge-ზე ელფოსტის მისამართითა და 5 ნიშნა კოდით და ხელახლა ამობეჭდოთ იგი.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებში ახალი კადრები შედიან

სკოლებში ახალი კადრები შედიან

საქართველოს განათლების სისტემაში პირველად გაჩნდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც სკოლებში ჯანსაღი, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან.

მანდატურის სამსახურის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული 28 კვალიფიციური მუშაკი საქართველოს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებში, კერძოდ თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ოფისებში, აპრილიდან განაწილდება. კონკურსის გზით დამატებით კიდევ 22 აპლიკანტი შეირჩევა და საბოლოოდ, საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილთან ერთად, განათლების სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრა გამართა და მათთან სკოლებში სოციალური ზრუნვის კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, ზოგადი განათლების სისტემაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება შეამცირებს და აღმოფხვრის საგანმანათლებლო პროცესებში ბავშვების ეფექტიანი ჩართულობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს. ამასთან, ისინი აქტიურად ჩაერთვებიან მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პროცესში. კერძოდ, სოციალური მუშაკები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებსა და ოჯახებში, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, კანონიერ წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებსაც გამართავენ.

წაიკითხეთ სრულად