Baby Bag

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

მასწავლებლის სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

2 დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წლის შემაჯამებელი, ორდღიანი კონფერენცია „eTwinning დემოკრატიისთვის“ გაიხსნა.

ღონისძიება ევროკავშირის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ხაზი გაუსვას აქტიური მოქალაქის უპირატესობებს. ასევე, აჩვენოს, რომ მასწავლებლებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ მდგრადი დემოკრატიის განვითარებაში.

სწორედ ამ შინაარსს ეხება კონფერენცია, რომელშიც 100-ზე მეტი პედაგოგი, 30 სკოლის მოსწავლე და განათლების ექსპერტები მონაწილეობენ.

საპატიო სტუმრის სტატუსით, ძირითად მომხსენებლად მოწვეულია ევროპის საბჭოს ექსპერტი, ციურიხის მასწავლებელთა განათლების უნივერსიტეტის პროფესორი, საპატიო დოქტორი, საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი როლფ გოლობი, რომელიც მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში არსებულ გამოწვევებს აცნობს.

პროგრამა eTwinning საქართველოში აერთიანებს 1200-მდე მასწავლებელს 600 სკოლიდან. ისინი პროექტებს უცხოელ კოლეგებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

​„გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება ყველა კლასშია შესაძლებელი“ - მასწავლებლის სახლი

​„გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება ყველა კლასშია შესაძლებელი“ - მასწავლებლის სახლი

„გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება ყველა კლასშია შესაძლებელი“, - ამის შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს.

თუმცა ამ საკითხზე მასწავლებლის სახლმა რამდენიმე დღის წინ განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა:

„როგორც მოგეხსენებათ, დაწყებითი კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა ახალი რედაქციით ხორციელდება. I-VI კლასებში ახალი სტანდარტის მიხედვით, გამჭოლი კომპეტენციები არ არის. ამიტომ, ვინც დაწყებით კლასებს ასწავლის და სურს სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, ისინი გამჭოლ კომპეტენციაზე გაკვეთილს ვერ ჩაატარებენ. რაც შეეხება მე-7-მე-12 კლასებს, აქ ისევ ძველი ბრძანება მოქმედებს. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, იმ საგნებში, რომლებიც ამ კლასებში ისწავლება, შესაძლებელია გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება,“ - უთხრეს მასწავლებლის სახლში Moms.ge-ს.

აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელში არაერთი პედაგოგი გამოეხმაურა. მათი მტკიცებით, ინფორმაცია, რომ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება მხოლოდ მე-7-მე-12 კლასებშია შესაძლებელი, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და საკითხის დაზუსტება ვთხოვეთ:

„არაფერი არ შეცვლილა, ყველაფერი ისეა, როგორც ადრე იყო. ანუ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება ყველა კლასშია შესაძლებელი და ფასდება,“ - აღნიშნეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

წაიკითხეთ სრულად