Baby Bag

ჩატარდება თუ არა მასწავლებელთა გამოცდები 2020 წელს?

ჩატარდება თუ არა მასწავლებელთა გამოცდები 2020 წელს?

კიდევ როდის მიეცემათ მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს.

„მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაციის გავლა, სავარაუდოდ, მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ტესტირება კი ზაფხულში ჩატარდება,“ - აღნიშნეს naec-ში.

ვისთვის ჩატარდება საგნის გამოცდა და შეიცვლება თუ არა შინაარსობრივად? - პედაგოგთა ზაფხულში ორგანიზებულ გამოცდასთან დაკავშირებულ „ახალი განათლების“ აღნიშნულ კითხვას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა უპასუხა.

„ეს იქნება ჩვეულებრივი საგნის გამოცდა, ისეთივე, რა ფორმატსაც არიან მიჩვეულები, არც შინაარსობრივად შეიცვლება რამე ტესტში. საგნის გამოცდა ჩატარდება მათთვის, ვისაც სურს მოიპოვოს მასწავლებლობის უფლება და შესაბამისად, ბარიერი ყველასთვის ერთი იქნება და აღარ იარსებებს ნაწილობრივი კრედიტქულები - 1, 4, 7 კრედიტი. ბარიერი ყველასთვის ერთია, მნიშვნელობა არ აქვს ყოფილი პრაქტიკოსია თუ სრულიად ახალბედა, ისინი თანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან, როგორც პროფესიაში შემსვლელი ადამიანები. კონკრეტულად, რამდენ პროცენტიანი ბარიერი იქნება, ჯერჯერობით, უცნობია. რაც შეეხება გამოცდას, რომელიც სტატუსის მოსაპოვებლადაა განკუთვნილი, განსხვავებული იქნება შინაარსობრივადაც და ფორმატითაც - ეს იქნება წამყვანობისა და მენტორობის სტატუსის მოპოვების მსურველების კომპლექსური შეფასება. “ 


შეიძლება დაინტერესდეთ

„ტელესკოლამ“ ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვცა, თვალსაჩინო გახდა, როგორ ორგანიზდეს საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილები“

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისტანციური სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა:

„დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რაღაც გადააფასა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ჩატარდა უამრავი საინტერესო ვებინარი, ტრენინგი, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ყველა მასწავლებლისთვის. პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილებას გაცნობოდნენ. ამის ფუფუნება აქამდე არ იყო. უშუალოდ ბრიტანეთიდან სპეციალისტები აძლევენ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე რეკომენდაციებს,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ „ტელესკლის“ გაკვეთილები თვალსაჩინო მაგალითია, როგორ უნდა ჩატარდეს საინტერესო გაკვეთილი:

„ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვცა „ტელესკოლამ.“ თვალსაჩინო გახდა, როგორ ორგანიზდეს საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილები. ხისტი გაკვეთილები, მე არ ვამბობ, რომ ყველა საკლასო ოთახში მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლების ძველი მეთოდი და სტიგმა დღესაც არსებობს ჩვენს სისტემაში. ასეთი თვალსაჩინო მაგალითები არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, რაღაცებს ვაფასებთ. პროექტი „ტელესკოლა“ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. გვაქვს გეგმები ზაფხულისთვის, არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება. ზუსტად ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალექეებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ძალიან მაღალი ხარისხის პროექტში იყოს ჩართული,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ. 

წაიკითხეთ სრულად