Baby Bag

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს

ბრიტანეთის საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროგრამის - „პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე, მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნის შექმნა და სატრენინგო პროგრამა“ ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს 1,5 კრედიტიან (22 საკონტაქტო საათი) ტრენინგს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

​მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია,
 დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში დანერგონ პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებლები შეძლებენ პროექტების ინტეგრირებას ენის სწავლების პროცესში.

„ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები დაგეგმავენ პროექტს პროექტზე დაფუძნებული სწავლების ძირითადი მახასიათებლებისა და პრინციპების და ასევე კომუნიკაციური მიმართულებების (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) სწავლების თავისებურებების გათვალისწინებით. მონაწილეები შეძლებენ შეარჩიონ ავთენტური შეფასება სასწავლო მიზნების შესაბამისად და გამოიყენონ განმავითარებელი შეფასების ტექნიკა პროექტების შეფასებისას. ასევე, ტრენინგის მონაწილე ინგლისური ენის მასწავლებლები შეარჩევენ კონკრეტულ ონლაინ რესურსებს ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული გზამკვლევიდან და დაგეგმავენ პროექტს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად. დავალებები და აქტივობები მთლიანად მოდის შესაბამისობაში ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოლოგიასა და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან,“ - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ტრენინგი რეკომენდებულია საჯარო და კერძო სკოლის ინგლისური ენის ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის. რეგისტრაცია ეტაპობრივად გამოცხადდება რეგიონების მიხედვით. ამჯერად ტრენინგზე რეგისტრაცია გამოცხადებულია შიდა-ქართლის რეგიონის მასწავლებლებისათვის. ტრენინგი ჩატარდება ქალაქ ხაშურში. ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, ავტომატურად გაითიშება 75 ბენეფიციარის დარეგისტრირებისთანავე.

ტრენინგზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ ​სარეგისტრაციო ფორმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

პროფესიულ უნარებში საცდელი ტესტირება ჩატარდება

პროფესიულ უნარებში საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს მასწავლებლების საგამოცდო ტესტების აპრობაციას (საცდელ ტესტირებას) პროფესიულ უნარებში.
აპრობაცია ჩატარდება 21 სექტემბერს, 13:00 საათზე თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში (მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის N42). 

აპრობაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საგნის მასწავლებელს.

ტესტირების ხანგრძლივობა - 1 საათი და 45 წუთი.

მონაწილეებს შეეძლებათ, გაეცნონ იმ ახალი ტიპის დავალებებს, რომლებიც საგამოცდო ტესტებში იქნება შეტანილი.

მონაწილეობის მსურველებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს სკოლებში დარეგისტრირება, შეუძლიათ გამოგზავნონ თავიანთი მონაცემები (სახელი, გვარი, სკოლის სახელწოდება, პირადი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

მონაცემთა მიღების (რეგისტრაციის) ბოლო ვადაა 20 სექტემბრის 12:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: 032 2 473333 ან +99599145238.
წაიკითხეთ სრულად