Baby Bag

გამოცხადდება თუ არა დღეს 5-კრედიტიან ტრენინგებზე რეგისტრაცია - რას აცხადებენ მასწავლებლის სახლში

გამოცხადდება თუ არა დღეს 5-კრედიტიან ტრენინგებზე რეგისტრაცია - რას აცხადებენ მასწავლებლის სახლში

„5-კრედიტიან ტრენინგებზე რეგისტრაცია დღეს არ გამოცხადდება,“ - ამის შესახებ ​Moms.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. მათივე თქმით, ტრენინგებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ კვირაში გამოქვეყნდება.

როგორც მასწავლებლის სახლის ხელძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ ჩვენთან ინტერვიუში დააანონსა, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ჩატარდება ხუთკრედიტიანი ტრენინგები, რომლის მეშვეობითაც კრედიტების შევსებასა და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას შეძლებენ.

„პრაქტიკოს პედაგოგს მიეცემა უფლება, 19 კრედიტქულამდე გარე მექანიზმებით შეივსოს და დაადასტუროს კომპეტენცია. რას ნიშნავს გარე მექანიზმები? - 5 კრედიტის ფარგლებში მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა, გაიაროს ტრენინგმოდულები და წარმატებით გავლის შემთხვევაში, დააგროვოს 5 კრედიტი. თუ გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, პარალელურად ჩააბაროს და ამით შეივსოს 19 კრედიტქულამდე. გარე მექანიზმებია ტრენინგები და გამოცდა.

დღეს სისტემაში 14 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია, მათგან დაახლოებით 7 000-მდე პედაგოგს არც ერთი გამოცდა არა აქვს ჩაბარებული და შესაბამისად, კომპეტენცია არ აქვს დადასტურებული. 2 000-მდე მასწავლებელს ორივე საგანი ჩაბარებული აქვს, 2 700 მასწავლებელს საგნის გამოცდა აქვს ჩაბარებული, 2 300-ს კი პროფესიული უნარების გამოცდა.

ტრენინგებზე ადგილების რაოდენობა არ იქნება შეზღუდული. პედაგოგებს 3 კრედიტის მოპოვება შეეძლებათ საგნობრივი კომპეტენციის ტრენინგებიდან, 2 კრედიტის - პროფესიული უნარების ტრენინგებიდან. მასწავლებლებს ტრენინგ მოდულების წარმატებით გავლის შემთხვევაში, 1-დან 5-მდე კრედიტის დაგროვების შესაძლებლობა ექნებათ. პედაგოგები მათთვის სასურველი და საჭირო კრედიტქულის შესაბამისი ტრენინგმოდულის შერჩევას შეძლებენ,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძე.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლ​ების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

მოსწავლეთა წლიური შეფასება ​2019-2020 სასწავლო წელს - დეტალები სამინისტროსგან

მოსწავლეთა წლიური შეფასება ​2019-2020 სასწავლო წელს - დეტალები სამინისტროსგან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ​ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. 

მინისტრმა მოსწავლეების შეფასებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნულ თემაზე დეტალური ინსტრუქციის სკოლებში გაგზავნა დაანონსა. 

გთავაზობთ დოკუმენტს, რომელიც სკოლებს უკვე მიუვიდათ. 

შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციური სწავლების ფორმით.

როგორც ცნობილია, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სკოლაში ორი ტიპის შეფასება გამოიყენება - განმსაზღვრელი და განმავითარებელი.

სამინისტრომ 2019-2020 სასწავლო წელს ზოგადი განათლების სამივე (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) საფეხურზე მოსწავლის შეფასების მიზნით ადგენს შემდეგ ნორმებს:

1. მოსწავლის წლიური შეფასება შეიძლება იყოს: განმსაზღვრელი და განმავითარებელი (დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე 31-ე მუხლით გათვალისწინებულის შესაბამისი).

2. განმავითარებელი შეფასებისას მასწავლებელი აღწერს თითოეული მოსწავლის სასწავლო წლის განმავლობაში განვლილ საგანმანათლებლო პროცესს. ახასიათებს მის სუსტ და ძლიერ მხარეებს, ასაბუთებს თუ რის გაგება, გააზრება გაუჭირდა მოსწავლეს და რატომ, წაახალისებს მოსწავლის ძლიერ მხარეებს და გაწერს რეკომენდაციებს, სასურველი შედეგის მისაღწევად. დასახავს მომდევნო სასწავლო წელს განსახორციელებელ ღონისძიებებს, აქტივობებს და სხვა. შემუშავებული განმავითარებელი შეფასება, მასწავლებელს მომდევნო სასწავლო წელს თითოეული მოსწავლისთვის ეფექტიანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის და წარმართვის შესაძლებლობას მისცემს. შეფასების დოკუმენტი მასწავლებელმა მოსწავლის მშობელს/ კანონიერ წარმომადგენელს უნდა გააცნოს და საჭიროების შემთხვევაში მასთან/მათთან ინდივიდუალურად მოხდეს დოკუმენტის განხილვა.

3. განმავითარებელი შეფასების პროცესში ფასდება მოსწავლის როგორც საკლასო ოთახში მიღებული გამოცდილება, ისე დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნა, მასალა, სასკოლო აქტივობები, განხორციელებული პროექტები და სხვა.

4. განმსაზღვრელი შეფასების და წლიური ქულის გამოყვანის მიზნით მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვროს:

ა) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში მიღებული ქულა;

ბ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის ქულის და 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის პირველი ექვსი კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);

გ) V კლასის II სემესტრის შემთხვევაში - 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);

დ) (იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არ აქვს) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამის და დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით ან 2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრში დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების (იმ შემთხვევაში თუ სკოლას აქვს დისტანციური გამოკითხვის შესაძლებლობა) საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით);

შენიშვნა: სკოლა თავად განსაზღვრავს მოსწავლის შეფასებისას სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ რომელ შესაძლებლობას გამოიყენებს. სამინისტრო და რესურსცენტრები მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევენ სკოლებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლისათვის (გარდა XII კლასის მოსწავლე) ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური ქულა არ არის დამაკმაყოფილებელი და სურს საგნის წლიური ქულის ამაღლება:

ა) მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 2020 წლის 16 ივნისიდან - 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის/ნიშნების ამაღლების სურვილს.

ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში კონკრეტული საგნების მიხედვით განსაზღვრავს შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შესრულების და შეფასების ვადებს. თითოეული საგნის მასწავლებელი მოსწავლის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე იწყებს მოსწავლისთვის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების მომზადებას. სკოლა ვალდებულია, მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და კონსულტაცია გაუწიოს მიცემული დავალების მომზადების პროცესში.

გ) მოსწავლის შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შეფასება მასწავლებელმა უნდა მოახდინოს 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრის სემესტრული ქულის დაწერამდე.

დ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით.

6. თუ IX კლასის იმ მოსწავლეს, რომელიც ასრულებეს სავალდებულო საბაზო საფეხურს და გადის ზოგადი განათლების სისტემიდან, ამ მუხლი მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური ქულა არ აკმაყოფილებს და სურს საგნის წლიური ქულის ამაღლება:

ა) 2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით, მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის ამაღლების სურვილს;

ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ.

გ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით.

7. იმ შემთხვევაში, თუ XII კლასის მოსწავლისათვის, ამ წესის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური ქულა არ არის დამაკმაყოფილებელი და სურს საგნის წლიური ქულის ამაღლება:

ა) 2020 წლის 21 მაისიდან 2020 წლის 29 მაისის ჩათვლით, მოსწავლე/მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას ნებისმიერი ფორმით (განცხადება, ელექტრონული ფოსტა, სატელეფონო შეტყობინება) და კონკრეტულ საგანში/საგნებში აფიქსირებენ ნიშნის ამაღლების სურვილს;

ბ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

გ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულისა და მოსწავლის ამ წესის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული წლიური ქულის საშუალო არითმეტიკული (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).

8. გამოცდები, რომლებიც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმის 36-ე მუხლის მე-9 პუნქტით (გარდა ექსტერნატის გამოცდისა) და 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 2019-2020 სასწავლო წელს გაუქმდება; კერძო სკოლები და საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით და ირჩევენ გამოცდის ჩატარების ფორმას.

9. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 31 იანვრის N132 ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრული XII კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ფორმატი და ექსტერნად რეგისტრაციის/გამოცდების ჩატარებისთვის დადგენილი ვადები დაზუსტდება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაბამისად.

10. მოსწავლეს, რომლმაც 2019-2020 სასწავლო წელს ექსტერნატის ფორმით დაძლიეს კლასი/კლასების გამოცდა/გამოცდები უნარჩუნდებათ მიღებული შეფასება.

11. მოსწავლეს, რომელმაც უცხოეთში სწავლის პერიოდში მიიღო ზოგადი განათლება და ვერ ადასტურებს უცხოეთში სწავლის პერიოდში ზოგადი განათლების მიღების ფაქტს ან უცხოეთში სწავლის პერიოდში ნასწავლი საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების შესაბამისობა არ იქნა დადგენილი „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების შესაბამისად, წლიური ქულის გამოყვანის მიზნით:

ა) უნდა აღუდგეთ მოსწავლის სტატუსი;

ბ) მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, დისტანციური ფორმით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმით უნდა გაიაროს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შესაბამისი კლასის საგნები;

გ) სკოლის ადმინისტრაცია 2020 წლის 19 ივნისამდე მოსწავლეს აძლევს ორ შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებას და შემაჯამებელი კომპლექსური დავალებების საფუძველზე აფასებს მას. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება/დავალებები და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ;

დ) მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებებში მიღებული ქულის საშუალო არითმეტიკული, რომელიც დამრგვალდება მთელის სიზუსტით.“
იხილეთ შესაბამისი ​ბრძანება

წაიკითხეთ სრულად