Baby Bag

„გაკვეთილის ასე დაწყება გამორიცხავს მოსწავლეების ქცევით პრობლემებს“ - ქართველი მასწავლებელი თავის გამოცდილებას გვიზიარებს

„გაკვეთილის ასე დაწყება გამორიცხავს მოსწავლეების ქცევით პრობლემებს“ - ქართველი მასწავლებელი თავის გამოცდილებას გვიზიარებს

გახსოვთ, ალბათ, ​მისის სპარკსი​, რომელიც თავის მოსწავლეებს გაკვეთილების დაწყების წინ გულთბილად ესალმება და ხალისით უშვებს საკლასო ოთახში. დღეს ქართველ მასწავლებელს, ნონა ჩუბინიძეს გაგაცნობთ, რომელმაც დაახლოებით ორი კვირაა, რაც სკოლაში მისალმების ახალი ტრადიცია დანერგა: 

„სოციალურ ქსელებში სხვადასხვა დროს გავრცელებული ვიდეოებიდან გამიჩნდა იდეა, რომ მოსწავლეებს ორიგინალურად მივსალმებოდი. ორი კვირაა, რაც მათ კლასის კარებთან ვხვდები და სათითაოდ ვესალმები. ასე ხალისითა და სიყვარულით ვიწყებთ სასწავლო პროცესს. თავიდან კვირაში ერთი დღე მინდოდა ასე მივსალმებოდი. თუმცა ყოველდღე გარეთ მხვდებიან ერთ მწკრივად, ამიტომ ყოველდღე ასე ვესალმებით ერთმანეთს. ორ კლასს ვასწავლი და ორივეგან ასეა,“ - აღნიშნავს ნონა ჩუბინიძე Momsedu.ge-სთან საუბრისას.

როგორც ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ამბობს, მისალმების მსგავსი მეთოდი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის: 

„მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილის ასე დაწყების შემდეგ მასწავლებელიც და მოსწავლეც დადებითადაა დამუხტული, რაც გამორიცხავს გაკვეთილზე ქცევით პრობლემებს. გარდა ამისა, ხალისით ითვისებენ იმასაც, რასაც სწავლობენ. ასე დაწყების შემდეგ ერთი მამოტივირებელი აქტივობაღა სჭირდებათ გაკვეთილის მსვლელობისას, დიდხანს ინარჩუნებენ კონცენტრაციას,“ - ამბობს ნონა მასწავლებელი. 

იხილეთ მოსწავლეების პირველი რეაქცია მასწავლებლის მისალმების ახალ მეთოდზე

შეიძლება დაინტერესდეთ

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე ბრძანებაში ცვლილებაა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე ბრძანებაში ცვლილებაა

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.  შესაბამისი დოკუმენტი რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

„ა) მე-6 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) 0 - დან 5 წლის ჩათვლით – 0.2;“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 0 - დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო სტაჟის მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრულია ამ დანართის №1 დანართში, 5-დან 10 წლის ჩათვლით − №2 დანართში, ხოლო 10 წლის ზემოთ − №3 დანართში.“;

ბ) მე-10 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის:

ბ.ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორის სტატუსი და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა;“;

ბ.ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა) და უმაღლესი განათლების დიპლომით უდასტურდება ზემოთ მითითებული საგნებიდან (გარდა იმ საგნისა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი) ერთ-ერთი საგნის სწავლების უფლება ან დიპლომის დანართით უდასტურდება შესაბამისი საგნის გავლა და სქემით დადგენილი წესით ასწავლის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის - ფიზიკის ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანს/საგნებს.“;

ბ.ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა რუსულში როგორც უცხო ენაში, და კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორის სტატუსი და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე ასწავლის რუსულს, როგორც მშობლიურ ენას, მიეცემა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანამატის სრული ოდენობა.“;

ბ.გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლებისთვის დანამატის გაცემის მიზნით ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სამართლებრივი აქტით.“ ;

გ) 135 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზაა:

ა) დანართი №1, სადაც მოცემულია 0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 524,48 ლარს);

ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 101.25 ლარს);

გ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (524.48 +101.25=625,73 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 625.73 ლარს.“;

დ) მე-19 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დანართი №2-ით განსაზღვრული „5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები“, - წერია ბრძანებაში. 

იხილეთ ​ბრძანება

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლები​ს სანდო წყარო“ 
წაიკითხეთ სრულად