Baby Bag

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია - დეტალები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის რეგისტრაციას იწყებს. საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის მსურველთა რეგისტრაცია 30 მარტის 10:00 საათზე ელექტრონულად, ვებგვერდზე: online.naec.ge დაიწყება და 30 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

წინასაგამოცდო პერიოდში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს ონლაინ კონსულტაციების გავლას სთავაზობს. ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე მსურველებს ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შესაძლებლობა ექნებათ, პასუხი ყველა კითხვაზე მიიღონ. კონსულტაციები შეეხება როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე საგამოცდო პროცედურებს.

ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:

➡ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;

➡ ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;

➡ მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის, ის საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს. პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება.

პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

რჩევები მოსწავლეებსა და მშობლებს „ტელესკოლის“ გაკვეთილებში ეფექტიანი ჩართულობისთვის

რჩევები მოსწავლეებსა და მშობლებს „ტელესკოლის“ გაკვეთილებში ეფექტიანი ჩართულობისთვის

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტრო მოსწავლეებსა და მშობლებს „ტელესკოლის“ გაკვეთილებში ეფექტიანი ჩართულობისთვის​ რჩევებს აძლევს.

„დარჩით სახლში“ – ამ მთავარი მოწოდების ფონზე ჩვენ ვდგებით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, თუ როგორ გავხადოთ სახლში გატარებული დრო სტრუქტურირებული და შეძლებისდაგვარად ნაყოფიერი და ეფექტიანი.

აქციეთ „ტელესკოლა“ ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილად.

მოსწავლეებს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნონ სახელმძღვანელოებში მოცემულ საკითხებს ახალი და მრავალფეროვანი ფორმატის საშუალებით და გაატარონ დღის მნიშვნელოვანი ნაწილი საინტერესოდ.

  • გაეცანით ტელეგაკვეთილების განრიგს, რათა არ გამოგრჩეთ საინტერესო გაკვეთილები.
  • წინასწარ გაამზადეთ ის რესურსები, რომლებიც შესაძლოა დაგჭირდეთ ტელეგაკვეთილისთვის, მაგალითად: ფურცელი, რვეული, კალამი, ფანქრები, საშლელი, სახაზავი, მაკრატელი და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია დაგჭირდეთ მნიშვნელოვანი საკითხებისა თუ კონკრეტული ინფორმაციის ჩანიშვნა, ცხრილის გადახატვა, საშინაო დავალების მონიშვნა.
  • ახალი ინფორმაციის მიღებისას ზოგიერთი თემა შესაძლებელია ნაკლებად გასაგები იყოს, ან კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გაგიჩნდეთ დამატებითი შეკითხვები. ასეთ შემთხვევაში, ჩამოწერეთ შეკითხვები და მოიძიეთ პასუხები სახელმძღვანელოსა თუ სხვადასხვა წყაროში. დაუსვით შეკითხვები უფროსებს. ასევე მნიშვნელოვანია, გქონდეთ აქტიური და ყოველდღიური კომუნიკაცია თქვენი საგნის მასწავლებლებთან.
  • შეეცადეთ შეასრულოთ საშინაო დავალებები (ასეთის არსებობის) შემთხვევაში, რათა განიმტკიცოთ და პრაქტიკულ სავარჯიშოებში გამოსცადოთ ტელეგაკვეთილის მანძილზე მიღებული ცოდნა და ინფორმაცია. საჭიროების შემთხვევაში, სთხოვეთ დახმარება უფროსებს, ოჯახის დანარჩენ წევრებს ან დაეკონტაქტეთ მასწავლებელს.
  • რეკომენდებულია, არ გამოტოვოთ გაკვეთილები. „ტელესკოლის“ ფორმატის მიხედვით, ზოგიერთ საგანში მომდევნო გაკვეთილი შესაძლოა იყო წინა გაკვეთილების გაგრძელება იყოს, ან მიმდინარე ტელეგაკვეთილის გაგება დამოკიდებული იყოს წინა გაკვეთილის განმავლობაში ათვისებულ მასალაზე.
  • გაუზიარეთ ტელეგაკვეთილის ან მასში განხილული საკითხების შესახებ თქვენი შთაბეჭდილებები და ემოციები სხვებს: ოჯახის წევრებს ან თანაკლასელებს, მეგობრებს, მასწავლებებს (კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების დახმარებით).
  • გაეცანით მომავალი ტელეგაკვეთილების თემებს განწყობის, მოლოდინებისა და წინასწარი პროგნოზის შექმნის მიზნით.
  • მშობლებო, შეუქმენით კომფორტული და მშვიდი გარემო თქვენს შვილებს, რათა უკეთ შეძლონ გაკვეთილზე კონცენტრირება. გაიზიარეთ ბავშვების ემოციები და შთაბეჭდილებები. ეს მნიშვნელოვანია როგორც მათი ემოციური კეთილდღეობისათვის, ასევე, მიღებული ინფორმაციისა და ცოდნის უკეთ გააზრება/გაღრმავებისთვის,“ - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.

შეგახსნებთ, რომ ორშაბათიდან ტელეგაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ - ​იხილეთ ცხრილი​

წაიკითხეთ სრულად