Baby Bag

სპეცმასწავლებლებისთვის 120-საათიანი ტრენინგები იგეგმება

სპეცმასწავლებლებისთვის 120-საათიანი ტრენინგები იგეგმება
„სპეცმასწავლებლებისთვის განკუთვნილ 120-საათიან ტრენინგებზე რეგისტრაცია დაახლოებით იანვრის თვეში გამოცხადდება,“ - ამის შესახებ ​Yts.ge-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.
როგორც მასწავლებლის სახლში აღნიშნეს, ტრენინგებზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მათ ​ვებგვერდზე განთავსდება. რაც შეეხება ტრენინგების ჩატარების თარიღს, ამ ეტაპზე ცენტრში კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურ მასწავლებლებს მასწავლებლის სტატუსი რამდენიმე თვის წინ მიენიჭათ. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების ფარგლებში:

  • სპეციალური მასწავლებელი გახდა მასწავლებელი;
  • სისტემამ აღიარა ალტერნატიული და გაფართოებული სასწავლო გეგმები;
  • სპეციალურ სკოლებს შეეცვალა სტატუსი და გახდა რესურს სკოლები;
  • გაჩნდა ინტეგრირებული და სპეციალიზებული კლასების ტერმინთა განმარტებები.

შეიძლება დაინტერესდეთ

„განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, როგორც არასდროს,“ - ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი

ფსიქოლოგმა ლელა ტყეშელაშვილმა ზრდასრულებსა და ბავშვებს შორის არსებული უფსკრულის შესახებ ისაუბრა:

„უზნაძემ თქვა, რომ არსებობს უფსკრული ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს შორის. ზრდასრულ ადამიანს, აღმზრდელს, მასწავლებელს ამოძრავებს შესანიშნავი მიზნები. მას სურს ბავშვისგან მიიღოს საუკეთესო, რაც კი შესაძლებელია. მასწავლებელი როგორ შედის საკლასო ოთახში? ის შედის თავისი გეგმებით. კარგი მასწავლებელი შედის ძალიან გრანდიოზული გეგმებით, რომ მიაღწიოს შედეგებს, ბავშვებს უნარები ჩამოუყალიბოს, ცოდნა შესძინოს.“

„არის ადამიანი, რომელიც უფსკრულის მეორე ნაპირზე დგას. განა ბავშვს არ უნდა, რომ განათლებული იყოს?! პირიქით, პირველ-მეორე კლასში ბავშვი ისეთი მოტივირებულია, რომ ასეთი მოტივირებული არასდროს არ არის. გთხოვს, რომ უფრო რთული ამოცანა მისცე, ინგლისური სიტყვები შეეკითხო. რას ამბობს უზნაძე? ის ამბობს, რომ ბავშვი არის აწმყოს სუბიექტი და მასწავლებელი ხელმძღვანელობს მომავლით. აცდენილია დროში ეს ორი სუბიექტი. ერთი ელაპარაკება, ვინ მინდა, რომ შენგან 20 წლის შემდეგ მივიღო. მინდა, არაჩვეულებრივი გამოხვიდე, ჭკვიანი, დამოუკიდებელი. არსებობს გამონათქვამი, რომ ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კარგი განზრახვებით არის მიმოფანტული. ბავშვი აწმყოს სუბიექტია. იმას იმ მომენტში სულ სხვა რაღაც უნდა. ორი მოტივი არის სრულიად აცდენილი ერთმანეთთან. წარმოიდგინეთ, რომ მასწავლებელი თავისი მიზნებით და ბავშვი თავისი სურვილებით დგანან ორ განსხვავებულ პოლუსზე,“ - აღნიშნა ლელა ტყეშელაშვილმა.

წყარო:​ აზროვნების აკადემია

წაიკითხეთ სრულად