„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
„მიღებულია, რომ სკოლები და ბაღები უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და უნდა გაიხსნას სულ პირველი“
„მიღებულია, რომ სკოლები და ბაღები უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და უნდა გაიხსნას სულ პირველი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბავშვები იცით, რომ შედარებით იოლად იტანენ ამ ყველაფერს. ამიტომ ბავშვებში ფართო გავრცელება არ გვაქვს. სკოლებში 10 პროცენტს არ სცილდება, სადაც გვქონდა შემთხვევები და რომლებიც გადავიდნენ ე.წ. ონლაინ, დისტანციურ სწავლებაზე. ანუ რომ გითხრათ, სკოლებში ძალიან ფართო გავრცელებაა, ასე არაა. ეს ზოგადად მიღებულია, რომ სკოლა და ბაღი უნდა დაიკეტოს სულ ბოლო და გაიხსნას სულ პირველი, ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ, რომ სკოლები ნაკლებად გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.