„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
ის უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება სურთ, გარე დაკვირვების მოლოდინში არიან. თუმცა პანდემიის პირობებში, როდესაც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება დახურულია, წარმოუდგენელია ამ აქტივობის განხორციელება.
რა იგეგმება გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით, ამ კითხვით Momsedu.ge-მ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართა.
როგორც უწყებაში გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ვებგვერდზე განათავსდება ინფორმაცია:
„როგორც იცით, შექმნილი მდგომარებიდან გამომდინარე, გარე დაკვირვება არ ხდება. როგორც კი რაიმე სიახლე იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს ვებგვერდზე განთავსდება“, - გვითხრეს მასწავლებლის სახლში.
მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვება ეს ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ გარე დაკვირვების გავლაზეა დამოკიდებული მათი სტატუსის ცვლილება და კარიერული წინსვლა.