„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
Microsoft Teams-ის გამოყენება - მასწავლებლებისთვის ვებინარი ჩატარდება
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, მასწავლებლებისთვის იწყება ვებინარი თემაზე Microsoft Teams-ი გამოყენება სასწავლო პროცესში.
მათივე ცნობით, ვებინარი გაიმართება 2 აპრილს 16:00-დან 17:00-მდე. ვებინარის სპიკერი იქნება ვანო ნარიმანიძე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სისტემური ადმინისტრატორი.
„გამომდინარე იქიდან, რომ დისტანციური სწავლება აქტუალური საკითხია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციაა მასწავლებლებმა microsoft office 365-ის პროდუქტები გამოიყენონ.
Microsoft Office 365-ის ერთ-ერთი პროგრამა Teams-ი სრულად მორგებულია დისტანციურ სასწავლო პროცესს და საშუალებას გვაძლევს:
● ჩავატაროთ ვიდეო გაკვეთილები და შევინახოთ მათი ჩანაწერები;
● მოვამზადოთ დავალებები;
● თემები განვიხილოთ ჯგუფურად;
● სამუშაო ფაილები გავუზიაროთ ჯგუფის წევრებს,“ - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.