„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან გაწეული ძალისხმევა გამოცდების აკადემიური კეთილსინდისიერებითა და უსაფრთხოდ ჩატარების გარანტი იქნება“
„ყველას მოგეხსენებათ, რომ კოვიდინფექციით შექმნილმა ვითარებამ არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა განათლების სისტემა. მთელი მსოფლიო ინტერესით აკვირდებოდა ყველა იმ პროცესს, რომელიც განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად განხორციელდა. სწორედ განათლების სფერო აღმოჩნდა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება უმძაფრესი გამოწვევა განვითარების შესაძლებლობად ვაქციოთ. მიუხედავად მრავალი სირთულისა, ტრადიციული ფორმიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ხარისხით და მასშტაბებით ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესოთა შორის დასახელდა. უმაღლესი განათლების ხარისხზე ზრუნვა სწორედ საგამოცდო სისტემის გამართულობიდან იწყება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ნუნუ მუცკევიჩის თქმით, 2020 წლის გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვა განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს უპირველესი ამოცანაა და ჯანდაცვის რეკომენდაციების უზრუნველსაყოფად უწყების მხრიდან დამატებითი ხარჯები და რესურსი იქნა გაღებული. საგამოცდო პროცესის მაქსიმალურად სრულყოფილად წარმართვის მიზნით აქტიური მუშაობა სამინისტრომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების პირველივე დღიდანვე დაიწყო.
მინისტრის მოადგილემ უსაფრთხოების იმ წესებზე გამახვილა ყურადღება, რომლებიც გამოცდებზე რეგისტრირებული თითოეული გამოსაცდელი პირის, ასევე, მეთვალყურეთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა, დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს.
ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, რომ 2020 წლის გამოცდების ჩატარების პერიოდი და ძირითადი ფორმატი შენარჩუნდება. დაპირებისამებრ, დაცული იქნება გამოცდების ზუსტი თარიღების გამოცხადების ვადებიც. წლევანდელ გამოცდებში 55 000-ზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი მონაწილეობს.
ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან გაწეული ძალისხმევა გამოცდების აკადემიური კეთილსინდისიერებითა და უსაფრთხოდ ჩატარების გარანტი იქნება.