„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის კრედიტქულიან ტრენინგზე რეგისტრაციას აცხადებს
ბრიტანეთის საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროგრამის - „პროექტზე დაფუძნებული სწავლება ინგლისური ენის გაკვეთილზე, მასწავლებლის სახელმძღვანელო წიგნის შექმნა და სატრენინგო პროგრამა“ ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის მასწავლებლებს სთავაზობს 1,5 კრედიტიან (22 საკონტაქტო საათი) ტრენინგს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს საკუთარ სასწავლო პრაქტიკაში დანერგონ პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპები. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მასწავლებლები შეძლებენ პროექტების ინტეგრირებას ენის სწავლების პროცესში.
„ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები დაგეგმავენ პროექტს პროექტზე დაფუძნებული სწავლების ძირითადი მახასიათებლებისა და პრინციპების და ასევე კომუნიკაციური მიმართულებების (კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი) სწავლების თავისებურებების გათვალისწინებით. მონაწილეები შეძლებენ შეარჩიონ ავთენტური შეფასება სასწავლო მიზნების შესაბამისად და გამოიყენონ განმავითარებელი შეფასების ტექნიკა პროექტების შეფასებისას. ასევე, ტრენინგის მონაწილე ინგლისური ენის მასწავლებლები შეარჩევენ კონკრეტულ ონლაინ რესურსებს ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული გზამკვლევიდან და დაგეგმავენ პროექტს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად. დავალებები და აქტივობები მთლიანად მოდის შესაბამისობაში ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოლოგიასა და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან,“ - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ტრენინგი რეკომენდებულია საჯარო და კერძო სკოლის ინგლისური ენის ყველა მოქმედი მასწავლებლისათვის. რეგისტრაცია ეტაპობრივად გამოცხადდება რეგიონების მიხედვით. ამჯერად ტრენინგზე რეგისტრაცია გამოცხადებულია შიდა-ქართლის რეგიონის მასწავლებლებისათვის. ტრენინგი ჩატარდება ქალაქ ხაშურში. ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, ავტომატურად გაითიშება 75 ბენეფიციარის დარეგისტრირებისთანავე.