„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
რა ბედი ელით პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც სტატუსს ვერ აიმაღლებენ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა დაადასტუროს მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლოს სტატუსი.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი:
იმ პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, საჯარო სკოლის დირექტორი საჭიროების შემთხვევაში გაუფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას, ხოლო აღნიშნულ პოზიციას გამოაცხადებს ვაკანტურად.
ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით დასაქმდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები).
ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეული პირის დანიშვნის შემდეგ პრაქტიკოს მასწავლებელს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება.