Baby Bag

„მასწავლებელი, რომელსაც კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე მიღებული აქვს 1 ან 4 კრედიტი, სტატუსის ასამაღლებელი გამოცდის ჩაბარებას ვერ შეძლებს“

„მასწავლებელი, რომელსაც კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე მიღებული აქვს 1 ან 4 კრედიტი, სტატუსის ასამაღლებელი გამოცდის ჩაბარებას ვერ შეძლებს“

როგორ უნდა გახდეს პედაგოგი წამყვანი, მენტორი - რა პრაქტიკული საქმიანობები შეუფასდებათ მასწავლებლებს? - ​„ახ​ალი განათლების“ აღნიშნულ კითხვას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა უპასუხა. 

მისი თქმით, მასწავლებელი, რომელსაც კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე მიღებული აქვს 1 ან 4 კრედიტი, სტატუსის ასამაღლებელი გამოცდის ჩაბარებას ვერ შეძლებს:

„საინტერესო დეტალი, რაც სქემაში ცვლილებების შედეგად აისახა - მასწავლებელი, რომელსაც კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე მიღებული აქვს 1 ან 4 კრედიტი, სტატუსის ასამაღლებელი გამოცდის ჩაბარებას ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე, ის სტატუსს ვერ აიმაღლებს. ამიტომ, თუკი სტატუსის ამაღლების სურვილი ექნება, კიდევ ერთხელ მოუწევს გამოცდაზე გასვლა, ანუ გადაბარება და საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შედეგის გაუმჯობესება. მასწავლებელს გამოცდაში 7 ან 10 კრედიტი უნდა ჰქონდეს მიღებული, რომ სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე დაიშვას,“ - აღნიშნა მანანა რატიანმა.

მან ასევე ისაუბრა სტატუსის ცვლილებისთვის აუცილებელ ორ პირობაზე - პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილზე:

„სქემის მიხედვით, სტატუსის ცვლილებისთვის აუცილებელი პირობაა, პრაქტიკული და თეორიული ნაწილი. თეორიულ ნაწილში იგულისხმება გამოცდა, რომელსაც გამოცდების ცენტრი მოამზადებს სტატუსის შესაბამისად. ეს იმას ნიშნავს, რომ აქამდე არსებული სტანდარტული გამოცდის ნაცვლად, მასწავლებლებს მოუწევთ წამყვანის ან მენტორის კომპეტენციების შესაბამისი გამოცდის ჩაბარება. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, რადგან მას თავის პორტფოლიოში მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში გაწერილი ფუნქცია-მოვალეობებისა და კომპეტენციების დამადასტურებელი საქმიანობის დოკუმენტაცია უნდა ჰქონდეს ატვირთული – პორტფოლიო შემოწმდება. გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი, მასწავლებელს თავად შეუძლია აარჩიოს, სამწლიან პერიოდში, რომელ სემესტრში სურს, რომ დააკვირდნენ, ნაცვლად 5 გაკვეთილისა, როგორც აქამდე ვაკვირდებოდით. ეს არ იქნება ერთჯერადი დაკვირვება, როგორც აქამდე ხდებოდა, ეს იქნება მისი პორტფოლიოს სრულფასოვანი შესწავლა – ადგილზე ინტერვიუ სასკოლო საზოგადოებასთან (სასკოლო საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, კოლეგებსაც ვგულისხმობთ და ადმინისტრაციასაც). ჩვენი წარმომადგენელი მივა სკოლაში და ინტერვიუებს ჩაატარებს, მანამ კი შეისწავლის მის პორტფოლიოს. მასწავლებელთან ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდება – რა გააკეთა, როგორ გააკეთა, შემოწმდება დოკუმენტების ავთენტურობაც, ისიც – რამდენად სწორადაა მთელი ეს პროცედურა შერულებული. თუ ის პრაქტიკულ კომპონენტსაც წარმატებით გაივლის, მხოლოდ ამის შემდეგ შეიცვლის სტატუსს,“ - დასძინა მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილემ.

გამოცდასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ ის აღარ იქნება სტანდარტული, არამედ – განსხვავებულ კომპეტენციებზე გათვლილი, ჩატარების დროდ კი მომდევნო ზაფხული დაასახელა:

„რაც შეეხება გამოცდას, მომდევნო ზაფხულს ჩატარდება და პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაც მხოლოდ გამოცდის გავლის შემდეგაა შესაძლებელი. მაგრამ ეს დრო, რომელიც გამოცდამდე რჩება, მასწავლებლებმა შეიძლება ძალიან გონივრულად გამოიყენონ იმ თვალსაზრისით, რომ იმ კომპეტენციების მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია პროფესიულ სტანდარტში, ნელ-ნელა აიღოს მასზე სწორება და სტატუსის ცვლილებისთვის მოემზადოს.

პროფესიული სტანდარტი შეიცვალა და ამიტომ, მასწავლებელმა უნდა იცოდეს ყველა კომპეტენცია, რაც ახალ სტანდარტში წერია და იმაზეც უნდა იფიქროს, ფლობს თუ არა ამ კომპეტენციებს. ამიტომაც გადაწყდა, რომ გამოცდა აღარ იქნება სტანდარტული, არამედ – განსხვავებულ კომპეტენციებზე გათვლილი. შესაბამისად, მათ დროს სჭირდებათ, რომ ამისთვის მოემზადონ. მას გამოცდის ქულები სამი წელი ენახება და ამ პერიოდში უნდა იმუშაოს სკოლაში და დაიგროვოს საქაღლდეში მენროტორობისთვის ან წამყვანობისთვის განკუთვნილი ქმედებები,“ - აღნიშნა რატიანმა. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ცვლილებაზე ისაუბრა:

„აქამდე დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებელი შეიძლება, გამოცდის გარეშე გამხდარიყო წამყვანი მასწავლებელი, მაგრამ ახლა ეს გამოირიცხა და ყველას მოუწევს ამ სტატუსის შესაბამისი გამოცდის ჩაბარება და პრაქტიკულ ნაწილზე დაკვირვება. თუმცა, ეს არ ეხება უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას – დორექტორის ხარისხის მქონე, შესაძლებელია, გამოცდის გარეშე გახდეს უფროსი მასწავლებელი. ძალიან სასიამოვნოა, როცა ხარისხის მქონე კადრი შემოდის სისტემაში, მაგრამ შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად მას პრაქტიკული და თეორიული კომპონენტი ისევე მოეთხოვება, როგორც დანარჩენებს“, - აღნიშნა მანანა რატიანმა.

გაეცნით ინტერვიუს სრულად ამ ​ბმულზე

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებ​ლების სანდო წყარო“.

ონლაინ კონსულტაციებზე, რომლებიც გამოცდის 10 კრედიტზე ჩაბარებაში დაგეხმარებათ, რეგისტრაცია...
მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც გამოცდაზე 22 ივლისიდან გადიან, პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლის სახლის ტრენერებთან კონსულტაციების გავლას სთავაზობს. ​„მასწავლებლობის მსურველებს,...

შეიძლება დაინტერესდეთ

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციას გამოსაცდელები მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის პროცედურებსა და ვადებს, მანამდე კი აუცილებლად გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონულ კრებულს - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.

კრებული თავს უყრის 2022 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

  • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა;
  • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 1 მარტს გამოქვეყნდება.


წაიკითხეთ სრულად