Baby Bag

როდიდან შეეძლებათ მასწავლებლებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა?

როდიდან შეეძლებათ მასწავლებლებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბარათების ამობეჭდვის საშუალება მასწავლებლებს სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ექნებათ. მათივე ცნობით, ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ჩატარდება.

ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილი იქნება სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილი იქნება პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყება. 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყ​არო“

შეიძლება დაინტერესდეთ

გაიცანით 13 წლის მათემატიკის მასწავლებელი ბიჭი, რომელიც პატარა მოსწავლეებს ცოდნის შეძენაში ეხმარება

გაიცანით 13 წლის მათემატიკის მასწავლებელი ბიჭი, რომელიც პატარა მოსწავლეებს ცოდნის შეძენაში ეხმარება

13 წლის დაჩი საზანდრიშვილი თანატოლებს მათემატიკას ასწავლის და იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ძვირადღირებულ რეპეტიტორებთან სიარულის შესაძლებლობა არ აქვთ, ამ ფორმით ეხმარება. მისი თქმით, მას კარგად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარ თავზე აიღო:

„ვიაზრებ იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩემს თავზე ავიღე. ყველანაირად ვეცდები იმ მშობლის იმედი გავამართლო, ვინც მენდობა. მკაცრი მასწავლებელი მარტო ჩემი თავის მიმართ ვიქნები. რაღაც რომ არ აინტერესებს ბავშვს, ნაწილობრივ მასწავლებლის ბრალიც არის. ჩემი ახსნილი და მასწავლებლის ახსნილი შეიძლება ერთნაირად გაიგოს. ჩემთან ბავშვს უფრო გაუმარტივდება მუშაობა, იმიტომ, რომ სხვაობა ასაკში იქნება 1-2 წელი. ჩვენ გვექნება საერთო ინტერესები, რითიც ერთმანეთთან უკეთესი კომუნიკაცია და გაგება შეგვეძლება.“

დაჩი აღნიშნავს, რომ ადამიანს მათემატიკა მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება:

„ჩემთვის მათემატიკა როგორც საგანი არ არის. ის არის რაღაც, რაც მთელი ცხოვრება დაგჭირდება. მას შეუძლია ადამიანის აზროვნება გააფართოვოს. ნებისმიერ საქმეში, რასაც ადამიანი ცხოვრებაში აპირებს, მცირე დოზით მაინც მათემატიკა ყველგან საჭიროა.“

„მასწავლებლის როლი არაერთხელ მომირგია. ჩემს მეგობრებსაც, როდესაც რაღაც გაუჭირდებოდათ, ვეხმარებოდი. აღმოვაჩინე, რომ მაქვს კარგი ახსნის უნარი და მინდა, ეს უნარი გამოვიყენო. ყველა ბავშვს არ აქვს იმის საშუალება, რომ რეპეტიტორებთან და ძვირიან მასწავლებლებთან იაროს, მათთვისაც შეღავათი იქნება. მინდა, ასეთ ბავშვებს დავეხმარო,“- აღნიშნულ საკითხზე დაჩი საზანდრიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

მასწავლებლობის დაწყების სურვილი დაჩიმ სოციალურ ქსელში გამოხატა, სადაც შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

„მოგესალმებით ყველას, მე დაჩი ვარ და ვარ 13 წლის.

ვსწავლობ გაძლიერებულ მათემატიკას 4 წელია კომაროვში და კომაროვის პედაგოგებთან.

მოვამზადებ II, III, IV, V კლასის ბავშვებს სკოლის მათემატიკაში და დავეხმარები მათ გაკვეთილების მომზადებაში და საკითხების კარგად გაგებაში.

გამიხარდება თუ ვინმეს გექნებათ სურვილი შვილები ჩემთან მოამზადოთ. ძალიან მინდა და მჭირდება მუშაობა და ეს პირველი მცდელობა და ნაბიჯია ჩემი მომავალი გეგმების მისაღწევად.

ვფიქრობ რომ მაქვს კარგად ახსნის უნარი და არ მეზარება, რაც მთავარია.“

დაჩის განცხადებას ბევრი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“


წაიკითხეთ სრულად