Baby Bag

ფიქრია ჩაბაიძე - გმირი მასწავლებელი, რომელმაც ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარე სოფელ ყანობის სკოლა გადაარჩინა

ფიქრია ჩაბაიძე - გმირი მასწავლებელი, რომელმაც ზღვის დონიდან 2040 მეტრზე მდებარე სოფელ ყანობის სკოლა გადაარჩინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის სკოლის გმირ მასწავლებელზე საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს.

ფიქრია ჩაბაიძემ თბილისში მიიღო განათლება, მაგრამ არ დარჩა ქალაქში. მთაში შექმნა ოჯახი, ჰყავს ოთხი პატარა შვილი და თავის საყვარელ სოფელში დახურვის პირას მყოფი სკოლა გადაარჩინა. ფიქრია თავდადებული პედაგოგია. თავისი ოჯახის კუთვნილი ავტომანქანით ჩამოჰყავს ბავშვები რაიონულ ცენტრში ექსკურსიაზე, მუზეუმებში, თუ გასართობად და ასე უწყობს თავისი პატარა სკოლის მოსწავლეებს მცირე დღესასწაულებს. 

„მთაში ნაკლები შიში გაქვს, ხარ უფრო უსაფრთხოდ, აქ ნაკლები ბოროტებაა, ბავშვები უფრო მეგობრობენ ერთმანეთთან, მთაში გაქვს იმედი ადამიანების“ - ამბობს ფიქრია ჩაბაიძე. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება მასწავლებელმა დაუშვას,“ - გია მურღულია პედაგოგების მიერ მოსწავლეებთან დაშვებულ შეცდომებზე

ფილოლოგმა გია მურღულიამ მასწავლებლების მიერ მოსწავლეებთან დაშვებული ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პედაგოგების მიერ დაშვებული შეცდომები ერთგვაროვანი არ არის:

„მასწავლებლების მიერ დაშვებული შეცდომები არ არის ერთგვაროვანი. შესაძლოა, დაუშვა შეცდომა გაკვეთილის დაგეგმვაში და მაშინ მთელი გაკვეთილი ცუდად წავა. შეიძლება რაღაც მომენტი გამოგრჩეს, რომელიც დაიბადა გაკვეთილზე, არ გადაეწყო იმ მომენტზე და ყველაფერმა ფუჭად ჩაგიაროს, რაც მანამდე დაგეგმე. შეიძლება მოსაწყენად ილაპარაკო და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი შეიძლება მასწავლებელმა დაუშვას.

შეიძლება არ აღიარო შეცდომა, რომელიც დაუშვი გაკვეთილზე და შეეცადო, რომ შენიღბო ის, რათა შეინარჩუნო შენი სახე. იმ წუთას დაკარგავ ამ სახეს, როგორც კი შეეცდები, რომ ბავშვები მოატყუო, იმიტომ, რომ ისინი ყველაფერს კარგად ხვდებიან.

როგორ მინდა ვთქვა, არ დამიშვია შეცდომები-მეთქი, მაგრამ დამიშვია, რასაკვირველია. ჩემი პედაგოგიური ცხოვრების გარიჟრაჟზე იყო ასეთი შეცდომა. ახლა ამ შეცდომას აღარ ვუშვებ. ერთმა მოსწავლემ ცოტა დამცინავად მითხრა, რომ რასაც მე ვუებნებოდი სისულელე იყო. მეწყინა და ცოტა მკაცრად ვუპასუხე. როგორც მაშინ ამბობდნენ, მივუჩინე თავისი ადგილი. ამან არ გამოიღო კარგი შედეგი, პრობლემა დაბადა, სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ გამოვიხმე გარეთ, არ მოვუხადე ბოდიში და არ ვუთხარი, რომ, ჩემი აზრით, ის არ იყო სამართლიანო, როდესაც ეს მითხრა, მაგრამ მე პატივს მივაგებ მის აზრს. მასწავლებელს არ აქვს სხვა არჩევანი, არა იმიტომ, რომ ეს დაწერილია სადმე, არამედ იმიტომაც, რომ ის მასწავლებელია,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველ არხზე გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“ 

წაიკითხეთ სრულად