Baby Bag

ონლაინ კონსულტაციებზე, რომლებიც გამოცდის 10 კრედიტზე ჩაბარებაში დაგეხმარებათ, რეგისტრაცია სრულდება - მასწავლებელთა გამოცდები 2020

ონლაინ კონსულტაციებზე, რომლებიც გამოცდის 10 კრედიტზე ჩაბარებაში დაგეხმარებათ, რეგისტრაცია სრულდება - მასწავლებელთა გამოცდები 2020
მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც გამოცდაზე 22 ივლისიდან გადიან, პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლის სახლის ტრენერებთან კონსულტაციების გავლას სთავაზობს.

„მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც გამოცდაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის წინასაგამოცდო ონლაინ კონსულტაციები გაიარონ. სწორედ ეს ტრენინგი დაეხმარებათ მასწავლებლებს, გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარონ. ტრენინგს ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები, რომელთა ნაწილიც თავად ასწორებს ამ გამოცდას,“ - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.

მათი ინფორმაციით, ტრენინგი მოიცავს 3 სესიას. თითოეული მათგანის ხანგრძლივობაა 2 საათი. კურსის დასაწყისში მასწავლებლებს ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები მიეწოდებათ.

ტრენინგებზე რეგისტრაცია 15 ივლისს დასრულდება (ადგილები შეზღუდულია), კონსულტაციები ჩატარდება 16, 17 და 18 ივლისს.

კონსულტაციები მიმდინარეობს შემდეგ საგნებში:

  • დაწყებითი I-IV კომბინირებული
  • მათემატიკა I-VI
  • მათემატიკა - VII-XII
სრული კურსის ღირებულებაა 50 ლარი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულ​ს​
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ​პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის ფეისბუქგვერდს ან დარეკეთ ნომერზე 592 47 72 77.

R.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის 5 განსაკუთრებული უნარი, რომელიც კარგ მშობელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს

მასწავლებლის 5 განსაკუთრებული უნარი, რომელიც კარგ მშობელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს

მასწავლებლებს ბავშვებთან ურთიერთობისთვის გარკვეული უნარები აუცილებლად სჭირდებათ. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული უნარები მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენს სტატიაში მასწავლებლების იმ ხუთ უნარს გაგაცნობთ, რომელთა შეძენა მშობლებს შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

1. მოთმინება

მასწავლებლისთვის მოთმინების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. მან უნდა იცოდეს, რომ ​ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და მათთან განსხვავებული მიდგომაა საჭირო. მასწავლებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველა ბავშვი სასწავლო მასალას ერთნაირი წარმატებით ვერ ითვისებს. მშობელიც მოთმინებით უნდა აკვირდებოდეს შვილის სწავლის პროცესს და მის შესაძლებლობებს ითვალისწინებდეს. მასწავლებელს აქვს უნარი ბავშვს ცოდნა თანდათანობით გადასცეს. ის ჯერ უხსნის ბავშვს, როგორ ისწავლოს. შემდეგ მასთან ერთად აკეთებს დავალებას, რის შემდეგაც ბავშვი დამოუკიდებელ მუშაობაზე გადადის. მშობელმა შვილთან ურთიერთობაში სწორედ ასეთი მოთმინება უნდა გამოიჩინოს.

2. ორგანიზებულობა

ორგანიზებულობის უნარი ბუნებრივად თუ გერგოთ, ძალიან იღბლიანი ხართ. ​თუ ეს უნარი არ გაქვთ, უმჯობესია მის ჩამოყალიბებაზე იზრუნოთ. სკოლებში ყველაზე ორგანიზებული მასწავლებლები სიმარტივისადმი სიყვარულით გამოირჩევიან. სახლში მარტივი ცხრილი შეადგინეთ, რომელშიც თქვენი მთავარი ინტერესები და პრიორიტეტები იქნება ჩამოწერილი. თუ თქვენთვის მთავარი ბავშვის მეცადინეობაა, პირველ რანგის საქმედ სწორედ შვილის სწავლაში დახმარება უნდა განსაზღვროთ. შეადგინეთ ცხრილი, სადაც მთელი კვირის საქმეებს პრიორიტეტების მიხედვით გაწერთ. ეს ძალიან დაგეხმარებათ.

3. ქცევის მართვა

თუ მასწავლებელს მოსწავლის ქცევის მართვის უნარი არ აქვს, მას სწავლება გაუჭირდება. კარგი მასწავლებელი ბავშვს არ უყვირის და არ არცხვენს, თუმცა მის კლასში დისციპლინა არ ირღვევა. კარგი დედა კარგი მასწავლებლის მსგავსად ცდილობს, რომ ​ბავშვებს თავდაჯერება აუმაღლოს. როდესაც ბავშვები გრძნობენ, რომ მშობელს მათი სჯერა, ისინი კარგი ქცევისკენ მეტ მიდრეკილებას ავლენენ. ბავშვი ხშირად შეაქეთ, თუნდაც მცირედი მიღწევებისთვის. თუ თქვენი შვილი დას ან ძმას კეთილად ექცევა, აუხსენით, რომ ეს მოსაწონი საქციელია, რის გამოც ის გარკვეულ ჯილდოს მიიღებს. ბავშვს უფლება მიეცით ველოსიპედით გაისეირნოს, რათა მისი დადებითი ქმედება წაახალისოთ.

4. კრეატიულობა

დედებს კრეატიულობა ძალიან სჭირდებათ, რათა ბავშვებთან ურთიერთობა გაიუმჯობესონ. თუ გსურთ, რომ ბავშვებმა ტანსაცმელი დაალაგონ, ტანსაცმლის კეცვაში შეჯიბრი მოაწყვეთ. თქვენს შვილებს ეს ძალიან მოეწონებათ. თუ გსურთ, რომ ბავშვი კომპიუტერის ეკრანს მოშორდეს, უთხარით, რომ თუ ის კომპიუტერს სწრაფად გამორთავს და 30 წამში ჩაგეხუტებათ, შაბათ-კვირას კომპიუტერთან დამატებით 10 წუთს გაატარებს.

5. ბავშვზე ორიენტირება

მასწავლებელი კლასში იმისთვის შედის, რომ ბავშვს ასწავლოს და მოსწავლეებზე იყოს ორიენტირებული. ​ბავშვზე ორიენტირება დედისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. როდესაც შვილებთან ვართ, მთლიანად მათზე უნდა გადავიტანოთ ყურადღება. მასწავლებელი, რომელიც კლასშია და გამუდმებით ტელეფონში იყურება, კარგი პედაგოგი არ არის. დედაც შვილთან ყოფნისას ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ ბავშვი მისი ყურადღების ცენტრში იყოს.

მომზადებულია ​imom.com-ის მიხედვით

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge

თარგმნა ია ნაროუშვილმა 


წაიკითხეთ სრულად