Baby Bag

ქართველი მასწავლებელი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა

ქართველი მასწავლებელი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართველი პედაგოგი პრესტიჟული გერმანული პრემიის მფლობელი გახდა. ზეინაბ მურჯიკნელი მსოფლიოს იმ 10 მასწავლებელს შორისაა, რომლებიც PASCH პრემიის მფლობელები არიან.
პარტნიორი სკოლების პროგრამა (PASCH) 2008 წელს შემუშავდა და მასში მსოფლიოს 2000-ზე მეტი სკოლაა ჩართული. პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 35 ქვეყნიდან 483 ადამიანის მიერ 62 კანდიდატურა დასახელდა.
PASCH ჯილდოს ის ადამიანები იღებენ, რომლებიც გერმანულს როგორც მეორე ენას ასწავლიან და მოსწავლეებს ინტერკულტურულ ღირებულებებს უზიარებენ.

ზეინაბ მურჯიკნელს 25 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე შეხვდა და ორგანიზაციის სახელით საჩუქრები გადასცა.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF), განათლების კოალიციასა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-სა და „პირველი არხი – განათლების“ მხარდაჭერით, ახალი საგანმანათლებლო პროექტის ამოქმედებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. ამ მიზნით საგანმანათლებლო რესურსები ორი მიმართულებით შეიქმნება.

ზოგადი განათლების – „iსკოლის“ ფარგლებში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ჩართვისათვის შეიქმნება კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, რომლებიც განთავსდება ვებგვერდზე https://www.el.ge/. მოსწავლეებს დისტანციურად შეეძლებათ საჭირო მასალის გაცნობა და დავალებების შესრულება. ონლაინ პლატფორმაზე დავალებების პირველი კრებული ყოველი საგნის/საგნობრივ ჯგუფისათვის ხელმისაწვდომი იქნება მაისის პირველ კვირაში, ხოლო ყოველ მომდევნო კვირას მოსწავლეები მიიღებენ დავალების ახალ კრებულს. აღნიშნული სასწავლო მასალები ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლებისთვისაც.

რაც შეეხება პროექტის მეორე – სკოლამდელი განათლების კომპონენტს, ის გულისხმობს რეკომენდაციებისა და მრავალფეროვანი აქტივობების სატელევიზიო ფორმატში შეთავაზებას სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის, რათა მათ ოჯახურ გარემოში განაგრძონ პატარების აღზრდა-განათლება. ასევე, დისტანციური სწავლების პროცესის მართვის მხარდაჭერის მიზნით სკოლების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შეიქმნება დისტანციური სწავლების გზამკვლევები.

მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბერიძემ მოაწერეს.

წაიკითხეთ სრულად