Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნება მასწავლებლების გადამზადების ახალი მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში განხორციელებული სწავლების ახალი მეთოდის შედეგების გათვალისწინებით.

„ეს საპილოტე პროექტი, რომელიც თითქმის დასრულებულია, გაზაფხულიდან კიდევ 50 სკოლაში შევა და ეტაპობრივად უკვე ყველა სკოლაში გავრცელება. პედაგოგების გადამზადება სწორედ ახალ მეთოდზე იქნება მორგებული. შესაბამისად ამას სჭირდება გარკვეული განახლებები. ეს უნდა იყოს ორი მიდგომით, ერთი, პროგრამების განახლებით ცვლილებები იმ კუთხით, რომელიც უნდა იყოს აზროვნებითი უნარების განვითარებაზე მიმართული და ამის პარალელურად, იქნება პედაგოგების ახალი კადრების, ახალგაზრდების ამ სისტემაში შემოყვანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

განათლების მინისტრის თქმით, ამავე მიმართულებით სამინისტრო მუშაობს მეტი ფინანსების მოძიებაზე, იმისათვის, რომ ახალი პროგრამით დააინტერესონ ახალგაზრდა პედაგოგები და პარალელურად ხელი შეუწყონ ახალ მოდელზე გადასვლის პროცესში ამ დროისთვის სკოლებში მყოფ პედაგოგებს.

„პედაგოგების კუთხით თუ იგივე მიდგომები არ შევცვალეთ, ძალიან რთულია სისტემის ცვლილებაზე საუბარი. ამიტომ. ეს უნდა მოხდეს პარალელურად, უნდა შეიცვალოს მიდგომები, უნდა მოხდეს თანამედროვე მოთხოვნების შემოტანა ამ სისტემაში. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ბავშვი, ეს არის მაღალი ხარისხის განათლება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

წყარო: 1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებლის სახლი ტრენინგებზე რეგისტრაციას აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით და ზოგადი პროფესიული უნარების ტრენინგებზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.

ტრენინგები განკუთვნილია საჯარო სკოლის მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; ტესტურ დავალებებზე მუშაობის გზით დაადგენენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი, დახვეწენ ტესტის შევსების ტექნიკას, შეძლებენ საგნობრივი ცოდნის მობილიზებას.

ტრენინგის გავლა უფასოა მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებელთათვის;

რეგისტრაციის ვადა: 2 ივნისის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

წაიკითხეთ სრულად