Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნება მასწავლებლების გადამზადების ახალი მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში განხორციელებული სწავლების ახალი მეთოდის შედეგების გათვალისწინებით.

„ეს საპილოტე პროექტი, რომელიც თითქმის დასრულებულია, გაზაფხულიდან კიდევ 50 სკოლაში შევა და ეტაპობრივად უკვე ყველა სკოლაში გავრცელება. პედაგოგების გადამზადება სწორედ ახალ მეთოდზე იქნება მორგებული. შესაბამისად ამას სჭირდება გარკვეული განახლებები. ეს უნდა იყოს ორი მიდგომით, ერთი, პროგრამების განახლებით ცვლილებები იმ კუთხით, რომელიც უნდა იყოს აზროვნებითი უნარების განვითარებაზე მიმართული და ამის პარალელურად, იქნება პედაგოგების ახალი კადრების, ახალგაზრდების ამ სისტემაში შემოყვანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

განათლების მინისტრის თქმით, ამავე მიმართულებით სამინისტრო მუშაობს მეტი ფინანსების მოძიებაზე, იმისათვის, რომ ახალი პროგრამით დააინტერესონ ახალგაზრდა პედაგოგები და პარალელურად ხელი შეუწყონ ახალ მოდელზე გადასვლის პროცესში ამ დროისთვის სკოლებში მყოფ პედაგოგებს.

„პედაგოგების კუთხით თუ იგივე მიდგომები არ შევცვალეთ, ძალიან რთულია სისტემის ცვლილებაზე საუბარი. ამიტომ. ეს უნდა მოხდეს პარალელურად, უნდა შეიცვალოს მიდგომები, უნდა მოხდეს თანამედროვე მოთხოვნების შემოტანა ამ სისტემაში. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ბავშვი, ეს არის მაღალი ხარისხის განათლება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

წყარო: 1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

რა გადაწყვეტილება მიიღეს სკოლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით?

რა გადაწყვეტილება მიიღეს სკოლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით?

15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღები, არ იფუნქციონირებენ 4 ოქტომბრამდე. სკოლები, პროფესიული კოლეჯები და უმაღლესი სასწავლებლები 4 ოქტომბრამდე იფუნქციონიერებენ დისტანციურ რეჟიმში.
რაც შეეხება სკოლებს, მინდა დავაკონკრეტო, 15 სექტემბერს, როგორც არის გამოცხადებული, სასწავლო პროცესი იწყება, სემესტრი დაიწყება, მაგრამ დისტანციურ რეჟიმში და ეს იქნება 4 ოქტომბრამდე.
მინდა დეტალურად აგიხსნათ, რა მოხდება 4 ოქტომბერს და როგორი კრიტერიუმით ვისარგებლებთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა. ეს გულისხმობს შემდეგს: იმ ქალაქეში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში ანუ დასწრებულ ფორმატში. ხოლო იმ ქალაქებში და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.

როგორც იცით, ამჟამად საქართველოში დელტა შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებს და ახალგზარდებს. შესაბამისად, ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა არის უმთავრესი პრიორიტეტი. ამის საფუძველზე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ასევე მინდა განვმარტო, რომ, როგორც მოგახსენეთ, 4 ოქტომბერს იმ სოფლებში და ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში, მაგრამ იქაც ჩვენ გვინდა მაქსიმალურად მოქნილი სისტემა შევთავზოთ მშობლებს. ჩვენ გვქონდა ეს პრაქტიკა დანერგილი წინა სემესტრებში - თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ ურჩევნია მისი შვილი კვლავ დისტანციურ ფორმატში სწავლობდეს, ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ. ჩვენი შეთავაზებული სისტემა იქნება მაქსიმალურად მოქნილი,“ - დასძინა მინისტრმა. 


წაიკითხეთ სრულად