Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნება მასწავლებლების გადამზადების ახალი მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში განხორციელებული სწავლების ახალი მეთოდის შედეგების გათვალისწინებით.

„ეს საპილოტე პროექტი, რომელიც თითქმის დასრულებულია, გაზაფხულიდან კიდევ 50 სკოლაში შევა და ეტაპობრივად უკვე ყველა სკოლაში გავრცელება. პედაგოგების გადამზადება სწორედ ახალ მეთოდზე იქნება მორგებული. შესაბამისად ამას სჭირდება გარკვეული განახლებები. ეს უნდა იყოს ორი მიდგომით, ერთი, პროგრამების განახლებით ცვლილებები იმ კუთხით, რომელიც უნდა იყოს აზროვნებითი უნარების განვითარებაზე მიმართული და ამის პარალელურად, იქნება პედაგოგების ახალი კადრების, ახალგაზრდების ამ სისტემაში შემოყვანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

განათლების მინისტრის თქმით, ამავე მიმართულებით სამინისტრო მუშაობს მეტი ფინანსების მოძიებაზე, იმისათვის, რომ ახალი პროგრამით დააინტერესონ ახალგაზრდა პედაგოგები და პარალელურად ხელი შეუწყონ ახალ მოდელზე გადასვლის პროცესში ამ დროისთვის სკოლებში მყოფ პედაგოგებს.

„პედაგოგების კუთხით თუ იგივე მიდგომები არ შევცვალეთ, ძალიან რთულია სისტემის ცვლილებაზე საუბარი. ამიტომ. ეს უნდა მოხდეს პარალელურად, უნდა შეიცვალოს მიდგომები, უნდა მოხდეს თანამედროვე მოთხოვნების შემოტანა ამ სისტემაში. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ბავშვი, ეს არის მაღალი ხარისხის განათლება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

წყარო: 1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას ავრცელებს

ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას ავრცელებს

ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,​სასწავლო წლის ბოლო დღის (15 ივნისი) შემდეგ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოიღებს ყველა კლასის შეფასებას,( 12 კლასი უკვე გადაგზავნილია) რომელიც პედაგოგის მიერ განხორციელებულა ელექტრონულ ჟურნალში და ეტაპობრივად, უახლოეს დღეებში რესურსცენტრის საშუალებით გადაეგზავნება სკოლებს.

ელექტრონული ჟურნალი არ გაიხსნება. იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი დასრულდა, ჟურნალში მუშაობა/რედაქტირება აღარ შეგეძლებათ. შეფასების გამოთვლა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული მითითების მიხედვით:

სკოლა, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდა მხოლოდ საკლასო ჟურნალს, მოსწავლეთა როგორც პირველი და მეორე სემესტრის, ასევე - წლიური შეფასებების გამოთვლა უნდა განახორციელოს საკლასო ჟურნალის მიხედვით.

სკოლა, რომელიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდა მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს, მოსწავლეთა როგორც პირველი და მეორე სემესტრის, ასევე - წლიური შეფასებების გამოთვლა უნდა განახორციელოს მართვის სისტემის მიერ მიწოდებული ექსელის ფაილისა და ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებლის მიერ აღურიცხავი შეფასებების მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ ჟურნალში ასახული შეფასებები ზუსტია, სკოლამ უნდა გამოთვალოს მოსწავლეთა სემესტრული და წლიური შეფასებები და უზრუნველყოს მისი შესაბამისი აქტით დამტკიცება, ხოლო უზუსტობის დადგენის შემთხვევაში, თავისი შეხედულებით უზრუნველყოს ინფორმაციის შესწორება/რედაქტირება, სემესტრული და წლიური შეფასებების გამოთვლა და უზრუნველყოს მისი შესაბამისი აქტით დამტკიცება,'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

წაიკითხეთ სრულად