არსებული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მასწავლებელთა გამოცდები, ასევე, სპეციალურ მასწავლებელთა გამოცდები 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიმართება, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა.
„ცვლილება შეეხება იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს (გარდა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე. მათ უფლება ეძლევათ, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე აიმაღლონ მასწავლებლის სტატუსი.
გარდა ამისა, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით დაგროვებული ჰქონდათ 15 კრედიტქულა (მათ შორის, საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები ნაწილობრივ ჰქონდათ დადასტურებული) და 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ/ვერ დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება ეძლევათ, დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე და დაგროვებული 15 კრედიტქულა 19 კრედიტქულამდე შეივსონ.
სქემაში შესული ცვლილებები უფროს მასწავლებლებსაც შეეხება. კერძოდ, 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში მათ მიეცემათ უფლება, გაიარონ მხოლოდ გარე დაკვირვება (როგორც პირისპირ, ასევე დისტანციური ფორმით). 2020 წლის 31 დეკემბრამდე გარე დაკვირვების წარმატებით გავლის შემთხვევაში მათ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი 2021 წლის იანვრიდან მიენიჭებათ, ხოლო 2021 წლის 15 ივნისამდე წარმატებით გავლის შემთხვევაში - 2021 წლის 30 სექტემბრამდე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ თუკი უფროსი მასწავლებელი 2020-2021 წლის II სემესტრის დაწყებამდე მოიპოვებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს, მას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“