მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრების წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად აქტიურად მუშაობს სკოლებისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელთა შემუშავებისას მნიშვნელოვანია სკოლებისა და რესურსცენტრების ჩართულობა, რათა სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა უსაფრთხოება და ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული.
ეკატერინე დგებუაძის თქმით, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვისა და სასწავლო პროცესის რეგულირების შესახებ დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში სამინისტროსთან ერთად მონაწილეობენ როგორც სკოლის დირექტორები, რესურსცენტრის ხელმძღვანელები და განათლების ექსპერტები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზანიზაციების წარმომადგენლებიც, ითვალისწინებს ყველა იმ საჭიროებას, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას უკავშირდება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებს ზოგადი განათლების მიმართულებით კონკრეტულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრის საშუალებაც მიეცათ.
ახალი სასწავლო წლის დაწყების მოახლოებასთან ერთად სამინისტრო გააგრძელებს მხარეებს შორის თანამშრომლობას.