მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
შევიდა თუ არა მასწავლებელთა გამოცდის საკითხებში ცვლილებები
შევიდა თუ არა მასწავლებელთა გამოცდის საკითხებში ცვლილებები? - აღნიშნულ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ უპასუხა. მისი განმარტებით, განსაკუთრებული სიახლეები მასწავლებელთა გამოცდის ფორმატში და შინაარსში არ არის შესული:
„პროგრამები ჩვენს ვებგვერდზე დევს. განსაკუთრებული სიახლეები მასწავლებელთა გამოცდის ფორმატში და შინაარსში არ გვაქვს. რაც შეეხება ბარიერს, ეს არის მინიმალური კომპეტენციის დადასტურება და მასწავლებელს შეუძლია დააგროვოს 1, 4 ან 7 კრედიტი ისევე, როგორც ადრე იყო. მასწავლებლებს უწევთ ორი ტესტის ჩაბარება - უნარების და საგნობრივის. პრაქტიკოს მასწავლებლებს შეუძლიათ ერთიც ჩააბარონ და მეორეც, მაგრამ პროფესიაში შემომსვლელები აბარებენ მხოლოდ საგნობრივ გამოცდას,“ - დასძინა სოფო გორგოძემ.