Baby Bag

მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა

მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა. შესაბამის ბრძანებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ​ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს. 

დოკუმენტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი. 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებმა აღნიშნულ პერიოდში უნდა შეაფასონ და წარადგინონ მხოლოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს N169/ნ ბრძანების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები, კერძოდ: ის მასწავლებლობის მაძიებლები, რომლებმაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს მასწავლებლობის მაძიებლობის ინტენსიური მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და უფლება მიეცათ აღნიშნული ვალდებულებები შეესრულებინათ მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვის 5 ოქროს წესია შემუშავებული

სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვის 5 ოქროს წესია შემუშავებული

სრულიად რეალისტური გვგონია ის, რომ ეპიდემიური სიტუაცია მოგცემს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დაწყების საშუალებას. ჩვენ დიდი ხანი ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ მოგვემზადებინა ერთიანი, სრული პაკეტი უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისთვის, რათა ყველა დაცული იყოს კორონავირუსის რისკებისგან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ​„ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვის არის 5 ოქროს წესი, რომლებიც ​რეკომენდაციებშია ასახული.

„ეს, რა თქმა უნდა, შეეხება პირბადის გამოყენებას. პირბადის გამოყენება აუცილებელი იქნება ყველა სკოლაში, სასწავლო გარემოში მყოფი პირისთვის, მაგრამ არ იქნება სავალდებულო მოსწავლეებისთვის. რაც შეეხება სხვა წესებს, ეს არის ისევ და ისევ ჰიგიენა და სკოლა უზრუნველყოფს სადეზინფექციო საშუალებებით ბავშვებისა და სხვა პერსონალის მომარაგებას. ეს არის ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ყველაზე ეფექტურია ხელების დამუშავებისთვის. მესამე ეს არის ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვა სველ წერტილებში, ასევე საკლასო ოთახებში. ოთახების განიავება- ეს არის მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი წესია სოციალური დისტანციის დაცვა,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მშობლებმა სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ უნდა გაუშვან. „ეს არც მანამდე იყო გამართლებული და ახლა კიდევ განსაკუთრებულ რისკებს უკავშირდება, ამიტომაც ყველა მშობელს ვთხოვთ, თავი შეიკავოს ბავშვის სკოლაში მიყვანისგან, თუ მას აქვს სიცხე, სურდო, ხველა და რესპირაციული სიმპტომები, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ უკვე სკოლაში მისულ ბავშვს აქვს სიცხე, ამ შემთხვევაში სკოლებში ყველგან არის მოწყობილი იზოლირებული ოთახი, სადაც ბავშვი, თუ მას ტემპერტურა დაუფიქსირდება, იქ გადავა და დაელოდება ექიმს ან მშობელს,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად