Baby Bag

სამი მასწავლებლის სამი ამბავი - პედაგოგები გარე დაკვირვების გაკვეთილებს აფასებენ

სამი მასწავლებლის სამი ამბავი - პედაგოგები გარე დაკვირვების გაკვეთილებს აფასებენ

კორონავირუსმა და პანდემიამ, რომელიც უკვე ერთი წელია მსოფლიოში მძვინვარებს, თავისი კვალი ძალიან ბევრ რამეს დაამჩნია. მათ შორის, ყველაზე მეტად ვირუსმა განათლების სისტემა დააზარალა და პედაგოგები ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა. ერთ-ერთი მათგანი წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად გარე დაკვირვების ონლაინ გავლა აღმოჩნდა.

იმ პედაგოგებისთვის, რომლებსაც წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად გარე დაკვირვება გაზაფხულზე უნდა გაევლოთ, ამ წლის დასაწყისში კვლავ გამოცხადდა რეგისტრაცია და მათ საშუალება მიეცათ ამ სემესტრშივე გაევლოთ გარე დაკვირვება, იმის მიუხედავად, სწავლა პირისპირ იქნებოდა თუ ონლაინ. აქედან გამომდინარე, პედაგოგების გარკვეულ ნაწილს გარე დაკვირვების გავლა ონლაინ რეჟიმში მოუწია, გარკვეულ ნაწილს კი - ფიზიკურად, კვლავ საკლასო ოთახში.

​MomsEdu.ge ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე პედაგოგს გაესაუბრა და გთავაზობთ მათი თვალით დანახულ პროცესს - გარე დაკვირვება ონლაინ თუ საკლასო ოთახში.

თამარ ბლიაძე ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში ასწავლის მათემატიკას. ის იმ პედაგოგთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც გარე დაკვირვების გავლა ონლაინ მოუწიათ. პედაგოგის შეფასებით, გაკვეთილმა გეგმის მიხედვით, ხარვეზების გარეშე ჩაიარა.

„სიმართლე გითხრათ, ჩემმა გაკვეთილმა, როგორც დაგეგმილი მქონდა ისე ჩაიარა, უბრალოდ ცოტა მოდიფიცირება დასჭირდა. აქტივობები არ ამომიღია, თითქმის ყველა დავტოვე, უბრალოდ, შევამცირე, რადგან დროში შეზღუდული ვიყავი. ასევე, პირისპირ გაკვეთილისთვის მომზადებული თვალსაჩინოებები ვერ გამოვიყენე, თუმცა მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეო და ამაზე იმუშავეს. მოგეხსენებათ, რომ მათემატიკის გაკვეთილი სამფაზიანი უნდა იყოს - წინარე ცოდნის გააქტიურება, ახალი მასალის მიწოდება და ცოდნის განმტკიცება, ვფიქრობ, რომ სამივე მეტ-ნაკლებად გამომივიდა“ - აღნიშნა მან.

მათემატიკის პედაგოგმა გარე დაკვირვებისთვის განსაზღვრული ოცწუთიანი გაკვეთილი მესამე კლასში ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები უმცროსკლასელები იყვნენ, მათთვის ონლაინ გაკვეთილზე გადართვა რთული არ ყოფილა და საგაკვეთილო პროცესი ტექნიკური ხარვეზების გარეშე წარიმართა.

„მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილზე მოქცევის წესები ავუხსენი, ეს მნიშვნელოვანია და ყველა პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს. მათ წინასწარ იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და რა თქმა უნდა, იცავდნენ ამ წესებს. ესეც გარკვეულწილად წარმატებული გაკვეთილის საწინდარი აღმოჩნდა, ცხადია. მართალია, პროცესი შედარებით უფრო ნელა მიმდინარეობდა, ვიდრე საკლასო ოთახში, მაგრამ ამას რაიმე პრობლემა არ შეუქმნია ჩემთვის. შეფასების დროს, როდესაც მოსწავლეებს ვთხოვე განწყობა გადმოეცათ, ეს მათ სმაილებით გააკეთეს, რომელიც კლასის ჩატში გამოგზავნეს“.

თამარ ბლიაძის თქმით, გარე დაკვირვება რომ პირისპირ სწავლებისას გაევლო, უფრო მეტი თვალსაჩინოებისა და აქტივობის გამოყენების შესაძლებლობა ექნებოდა და გაკვეთილიც უფრო მრავალფეროვანი გამოვიდოდა, თუმცა ის არც ჩატარებული გაკვეთილითაა უკმაყოფილო და თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით პედაგოგებს რჩევებს უზიარებს: „პირველ რიგში, ნერვიულობა უნდა მოიხსნათ, მით უმეტეს, რომ ყველა დამკვირვებელი დადებითადაა განწყობილი. აუცილებლად უნდა აუხსნათ მოსწავლეებს, რომ დამკვირვებელი გაკვირდებათ თქვენ, მასწავლებელს და არა მათ. გასათვალისწინებელია დროის ფაქტორი და აუცილებლად გააკეთეთ შეფასება, რამდენიმე მოსწავლის მაინც. ასევე, დავალებები, რომლებსაც მოსწავლეებს მისცემთ, დავალებების ზოლში უნდა ხორციელდებოდეს, იქვე სწორდებოდეს და უკუკავშირით მისდიოდეს მოსწავლებს. კარგი იქნება, თუ წინასწარ გაუგზავნით მოსწავლეებს განმავითარებელი შეფასების ცხრილს, მე დამატებით მათ ჩვენი წიგნის ელ-ვერსიაც ავუტვირთე. მთავარია, არ ინერვიულოთ და ყველაფერი კარგად ჩაივლის. ყველას ვუსურვებ წარმატებებს“.

პირისპირ, საკლასო ოთახში გაიარა გარე დაკვირვება გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგმა ირა გოგილაშვილმა. გაკვეთილი პედაგოგმა მეათე კლასში ჩაატარა და მისი თქმით, ყველაფერმა ზედმიწევით კარგად ჩაიარა.

„მოგეხსენებათ, რომ მეათე კლასის მათემატიკაში თითქმის ძველი მასალების გამეორებაა, ამიტომ მოსწავლეებისთვის ის თემები, რაზეც მე გაკვეთილზე ვისაუბრე, უცნობი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, რაღაც-რაღაცები უცხო იყო, მაგრამ ამას გაკვეთილის პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. დროის ხარვეზი არ მქონია, მოსწავლეები აქტიურობდნენ და ძალიან ცოცხალი გაკვეთილი გამოგვივიდა. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ გარე დაკვირვება პირისპირ სწავლების პერიოდში მომიწევდა, ამ დღისთვის დიდი ხნის მანძილზე ვემზადებოდი და არა მხოლოდ მე. სიმართლე გითხრათ, ჩვენ, პედაგოგები ძალიან ბევრს ვშრომობთ, ბევრი ვიშრომეთ კვლევაზე, აქტივობებზე და ეს 45 წუთიანი გაკვეთილი არის ბოლო ეტაპი, რომელსაც თუკი წარმატებით გაივლი, გაწეული შრომა გიფასდება“.

გამოცდილი პედაგოგი სხვა პედაგოგებს ურჩევს, რომ პირველ რიგში, ნერვიულობა გვერდზე გადადონ: „მთავარია მშვიდად იყოთ - სანერვიულო არაფერია, ემოციებმა კი შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გაკვეთილებს აკვირდებიან, ასევე განათლების სფეროდან არიან და მათთვის უცხო არ არის ეს ყველაფერი, პირიქით, ისინი ძალიან კეთილგანწყობითა და გულისხმიერებით გვეკიდებიან და მაქსიმალურად სასიამოვნო გარემოს ქმნიან გაკვეთილზე. ამ ყველაფერის ფონზე კი თქვენი ნერვიულობა შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. მესმის რთულია, თუმცა თავი ხელში უნდა აიყვანოთ და ყველაფერი გამოგივათ“.

ამ პედაგოგებისგან განსხვავებით სულ სხვა ისტორიის ნაწილია ნათია იაკობაძე, ღურტის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. ის იმ იშვიათ პედაგოგთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც საკუთარი შეცდომების აღიარების არ რცხვენიათ და ამას მომავალი გამარჯვებების გზაზე მოტივაციად იყენებენ.

ნათია იაკობაძე გარე დაკვირვების გაკვეთილის წარუმატებლად გავლას საკუთარ გამოუცდელობას აბრალებს და საკუთარი გაკვეთილის შესახებ გვიყვება:

„გარე დაკვირვებას გაზაფხულზე ველოდი, თუმცა ასე თუ ისე, ონლაინისთვისაც ვიყავი მზად. საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილი სულ სხვაა, უფრო ინტერაქტიული და ცოცხალი. დისტანციურად ძალიან რთულია სწავლება, რადგან პედაგოგი იგივე მშობელია მოსწავლეებისთვის და ეს ცივი ეკრანი ძალიან გვზღუდავს. კონტაქტი გვაქვს მათთან, მაგრამ ეს არ არის ისეთივე ხარისხის, როგორც საკლასო ოთახში. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინაც ვასწავლით მოსწავლეებს, მაინც ძალიან გვიჭირს, მით უმეტეს, ხულოში, სადაც უამინდობის გამო ხშირად ინტერნეტი და შუქი არაა. ჩემი გაკვეთილის წარუმატებლობაც, ვფიქრობ, აქედან დაიწყო, როცა უშუქობის გამო ორი მოსწავლე ვერ შემოვიდა გაკვეთილზე. ისინი ძლიერი მოსწავლეები იყვნენ და მსურდა, ჩემს გაკვეთილს დასწრებოდნენ, თუმცა არც სხვა მოსწავლეებს ვემდური და მადლობა მათ.

არ მეგონა, რომ პირველივე გაკვეთილზე დამესწრებოდნენ და აქცენტს უფრო მესამე-მეოთხე გაკვეთილისთვის ვაკეთებდი და სწორედ აქ დავუშვი შეცდომა. ამას დაერთო ჩემი გამოუცდელობაც და ის, რომ დროზე გაცილებით მეტს ვნერვიულობდი, ვიდრე საჭირო იყო. ამის გამო, მოსწავლეების პასუხებს არ ველოდებოდი, არ ვასრულებინებდი მათ აზრს და ცხადია, ამ ყველაფერმა იმოქმედა საბოლოო შეფასებაზე. მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო, რომ ქალბატონი ნესტან რატიანი, რომელიც ჩემს გაკვეთილს ესწრებოდა, ძალიან კარგი ადამიანია და თავიდანვე დადებითად განეწყო ჩემ მიმართ. თუ შესაძლებლობა იქნება, ძალიან მინდა კვლავ ქალბატონი ნესტანი დაესწროს ჩემს გაკვეთილს. ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მინდა, რომ მისგან ბევრი ვისწავლო“.

ნათია იაკობაძის თქმით, პოსტის შემდეგ, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ძალიან ბევრი პედაგოგი გამოეხმაურა. მისი მხრიდან ეს ძალიან თამამი ნაბიჯი იყო და ამას ჩვენი სასკოლო საზოგადოება მიჩვეული არაა.

„ძალიან ბევრი მწერდა პირადში და მინდა ვუთხრა, რომ მე მათ გვერდით ვარ. გული არ გავიტეხოთ და უფრო მეტი შემართებითა და მონდომებით შევუდგეთ მუშაობას. ჩვენ არავისზე ნაკლები არ ვართ. მერე რა, რომ პატარა შეცდომა მოგვივიდა, ეს მარცხი არაფერს ნიშნავს, რადგან ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ, უფრო მეტს ვიბრძოლებთ და სასურველ შედეგსაც აუცილებლად მივაღწევთ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, მაქვს თუ არა იმის უფლება, რომ თავიდან გავიარო გარე დაკვირვება, თუმცა სურვილი ძალიან დიდი მაქვს. მინდა, რომ ჩემს შეცდომებზე ვისწავლო და გამოვასწორო ის ხარვეზები, რაც მქონდა“.

ახალგაზრდა პედაგოგის მსგავსად ძალიან ბევრ პედაგოგს აინტერესებს პასუხი კითხვაზე - ექნებათ თუ არა მათ კიდევ გარე დაკვირვების გავლის შანსი. პასუხი ჯერ უცნობია, თუმცა ნათია იაკობაძე მომავალს იმედით უყურებს და უკვე შემდეგ გაკვეთილსაც გეგმავს, რომელიც აუცილებლად წარმატებული იქნება. 

ავტორი: მარიამ მაშა გვარამია 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ დავეხმაროთ ბავშვს საშინაო დავალების მომზადებაში?

როგორ დავეხმაროთ ბავშვს საშინაო დავალების მომზადებაში?
თანამედროვე ბავშვებს ასათვისებელი მასალისა და ინფორმაციის სიჭარბის გამო სწავლა ხშირად ​უძნელდებათ. ისინი გამუდმებული სტრესის ქვეშ იმყოფებიან, ცუდად სძინავთ და ფიქრობენ, რომ შემეცნებითი აქტივობა მათი სუსტი მხარეა. ზოგიერთ მშობელს ბავშვის ნეგატიური განწყობა სასოწარკვეთილებაში აგდებს და ფრუსტრაციის განცდა ეუფლება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარ შვილებთან ერთად წარმატების მისაღწევად დაუღალავად იბრძვიან და სასურველ შედეგსაც აღწევენ. თუ მცდელობას არ დაიშურებთ, თქვენც სწორედ მათ რიცხვში აღმოჩნდებით.

ძალიან ბევრი დავალება, ძალიან ცოტა დრო

ბავშვებს ჭარბ ინფორმაციასთან გამკლავება უჭირთ. ხშირად მასწავლებლები პატარებს დავალებებით მეტისმეტად ტვირთავენ, რაც ბავშვებს სტრესულ ვითარებაში შრომას აიძულებს. მშობლების ნაწილი აღშფოთებას ვერ მალავს და პედაგოგებს მოთხოვნების შემსუბუქებისკენ მოუწოდებს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ მათი შვილები სათანადოდ არ იტვირთებიან და ხარიასხიან განათლებას ვერ იღებენ. მშობლების დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რა დოზით უნდა იტვირთებოდეს ბავშვის გონება და ყოველდღიურად რა რაოდენობის ინფორმაციის ათვისება შეუძლია სკოლის მოსწავლეს, რის გამოც ისინი თავიანთი შვილების გასაჭირის გაზიარებას ვერ ახერხებენ. ბავშვს მშობლის თანადგომა ძალიან სჭირდება. გახსოვდეთ, თუ სათანადოდ ინფორმირებული იქნებით, თქვენს შვილს სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებთან გამკლავებაში მარტივად დაეხმარებით.

2004 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თანამედროვე ბავშვები გასული საუკუნის სკოლის მოსწავლეებთან შედარებით მეცადინეობას 51%-ით მეტ დროს უთმობენ. კვლევებმა ცხადყო, რომ თანამედროვე ბავშვების 10 % საშინაო დავალებებით მეტისმეტად გადატვირთულია, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ მეცადინეობის პროცესისგან მიღებული სტრესი ბავშვს სწავლისადმი ნეგატიურად განაწყობს.

კვლევებით დგინდება, რომ სწავლისთვის ოპტიმალური დროის განსაზღვრა სავსებით შესაძლებელია. პირველკლასელი ბავშვები თითოეულ საგანში დავალების შესრულებას მაქსიმუმ 10 წუთს უნდა ანდომებდნენ, მეორე კლასელები 20-ს. ყოველ მომდევნო წელს თითოეული საგნის მასალის მომზადებისთვის განკუთვნილი დრო დაახლოებით 10 წუთით უნდა გაიზარდოს. მეცნიერები თვლიან, რომ მასალის ასათვისებლად აღნიშნული დროის ინტერვალი აბსოლუტურად საკმარისია. მასწავლებლებმა მოსწავლეების შესაძლებლობები სწორად უნდა შეაფასონ და დატვირთვის ხარისხიც შესაბამისად უნდა განსაზღვრონ.

არის თუ არა თქვენი შვილი ზედმეტად გადატვირთული?

ბავშვს, რომელსაც ზედმეტად ტვირთავენ, როგორც წესი, დეპრესიულობა, აგრესიულობა და მოტივაციის დაკარგვა ახასიათებს. მშობლები აღნიშნულ ნიშნებს ხშირად უგულებელყოფენ და შვილების პრობლემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდებიან. ისინი შიშობენ, რომ სკოლაში იმიჯს გაიფუჭებენ და პრობლემური მშობლის იარლიყს გაურბიან. თუ ამჩნევთ, რომ თქვენი შვილი სწავლის დაწყების პირველივე დღეებიდანვე გადაღლილი და უმოტივაციოა, აუცილებლად უნდა იმოქმედოთ, რათა წლის ბოლოს სავალალო შედეგი არ მიიღოთ.

ჩაატარეთ დამოუკიდებელი კვლევა: მოიძიეთ მეტი ინფორმაცია სკოლაზე, რომელშიც თქვენი შვილი დადის. გაარკვიეთ, რამდენად უმკლავდებიან დავალებებს სხვა მოსწავლეები.

ესაუბრეთ სხვა მშობლებს: თქვენი პრობლემა სხვა ბავშვების მშობლებსაც გაუზიარეთ. თუ ისინიც მსგავსი სირთულეების წინაშე დგანან, სამოქმედო გეგმა ერთად შეიმუშავეთ.

დაელაპარაკეთ მასწავლებელს: მასწავლებელს თქვენი პრობლემის შესახებ პირადად გაესაუბრეთ. თუ ის გიპასუხებთ, რომ ბავშვს დავალებას სასწავლო გეგმის მიხედვით აძლევს, აუხსენით მას, რომ თქვენი შვილი მასალის ათვისებას ვერ ახერხებს. პედაგოგმა ინდივიდუალური მიდგომა უნდა შეიმუშაოს.

მიმართეთ სამეურვეო საბჭოს: თუ მასწავლებელი თქვენს თხოვნას არ გაითვალისწინებს, შეგიძლიათ სამეურვეო საბჭოს მიმართოთ. წარუდგინეთ მათ სხვა მშობლების მოთხოვნები, მოიშველიეთ სტატისტიკა.

როგორ გავუადვილოთ ბავშვს საშინაო დავალების მომზადება?

ბავშვისთვის მიცემული საშინაო დავალება მისი ასაკისთვის შესაფერისი უნდა იყოს, რათა მოსწავლეს მასთან გამკლავება არ გაუძნელდეს. თქვენს შვილს შემეცნების პროცესის სწორად აღქმაში უნდა დაეხმაროთ. დაუსვით მარტივი, პირდაპირი კითხვები. ერთი საკითხიდან მეორეზე სწრაფად ნუ გადაინაცვლებთ. არ გაამეორებინოთ ბავშვს გაკვეთილი იმავე დღეს. ეს მისთვის ძალიან მოსაწყენი და დამღლელია. უმჯობესია, თუ მასალას რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგ გადაამეორებინებთ. სწავლისადმი ინტერესის აღძვრისთვის ბავშვი თავისუფალი აქტივობებით დატვირთეთ. გამოიყენეთ მისი ჰობი და ინტერესები, რათა შემეცნების პროცესი მეტად სასიამოვნო გახდეს.

დისციპლინას მეტი ყურადღება დაუთმეთ. განსაზღვრეთ დრო, როდესაც ბავშვმა დავალებები უნდა მოამზადოს, მაგ. შუადღე, ან საღამო. არ ჩართოთ ტელევიზორი, როდესაც ბავშვი მეცადინეობს. შემეცნების პროცესისადმი მოწიწება და პატივისცემა უნდა გამოხატოთ, რათა თქვენი შვილი მიხვდეს, რომ სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს შეასრულოთ ბავშვის საშინაო დავალება, ამით მას მხოლოდ დათვურ სამსახურს გაუწევთ. არ უპასუხოთ მის მიერ დასმულ კითხვებს. თქვენი მოვალეობაა მას სწორი მიმართულება მისცეთ. მიბაძეთ სოკრატეს და დასვით კითხვები. დაეხმარეთ ბავშვს, რომ სწორ პასუხებამდე თავად მივიდეს. დარწმუნდით, რომ მას დავალების არსი სწორად აქვს გაგებული. თუ ბავშვი დასმულ შეკითხვას არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს, აუხსენით მას, რომ ცდება და სწორ პასუხამდე ამიტომ ვერ მიდის.

არასდროს დასაჯოთ ბავშვი, თუ ის საშინაო დავალებასთან გამკლავებას ვერ შეძლებს. ნუ ამოხსნით ამოცანებს მის ნაცვლად. ბავშვმა წარუმატებლობაც უნდა გამოსცადოს და წარმატების სიხარულიც შეიგრძნოს. თუ თქვენი შვილი დავალების შესრულებას ვერ შეძლებს, ნუ გაბრაზდებით და ნუ ეცდებით, რომ ეს მის ნაცვლად გააკეთოთ. მან უნდა იცოდეს, რომ გაკვეთილების მომზადება მისი ვალდებულებაა და არა თქვენი. ეს მთავარი გაკვეთილია, რომელიც თქვენს შვილს უნდა ასწავლოთ. 

ავტორი: ია ნაროუშვილი 

წაიკითხეთ სრულად