Baby Bag

​„თვეებია მასწავლებლები კომპიუტერთან ერთად ვცხოვრობთ“ - პედაგოგებმა ონლაინ სასწავლო წელი შეაჯამეს

​„თვეებია მასწავლებლები კომპიუტერთან ერთად ვცხოვრობთ“ - პედაგოგებმა ონლაინ სასწავლო წელი შეაჯამეს

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი სასწავლო სემესტრი დასრულდა და მიილია მოულოდნელობებით სავსე 2020 წელიც. Covid-19-მა, რომელიც უკვე ერთი წელია საქართველოშიც მძვინვარებს, განათლების სისტემა სერიოზული სიახლეებისა და გამოწვევების წინაშე დააყენა. დისტანციური სწავლება, ტელეფონებსა და კომპიუტერებს მიჯაჭვული მოსწავლეები და მასწავლებლები, ონლაინ გაკვეთილები, ტექნოლოგიური მხარდაჭერისთვის შექმნილი სოციალური ჯგუფები, ხარვეზები, პრობლემები და კვლავ გამოწვევები - მოკლედ რომ შევაჯამოთ, სწორედ ასეთი გამოდგა 2020 წელი სასკოლო საზოგადოებისთვის.

momsedu.ge ამ თემასთან დაკავშირებით მასწავლებლებს დაუკავშირდა და გთავაზობთ მათ თვალით დანახულ ონლაინ სასწავლო წელს.

თამარ ხუციშვილი, თბილისის N174 საჯარო სკოლა: „ფორსმაჟორული წელი იყო, საკმაოდ რთული და სტრესული მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის. პირადად მე ვფიქრობ, რომ სიახლეებს ფეხი მარტივად და იოლად ავუწყვე და არ გამჭირვებია დისტანციურ რეჟიმზე გადართვა, თუმცა პრობლემები და ხარვეზები, რა თქმა უნდა, ბლომად იყო.

ამ ტიპის სწავლების პლიუსად შემიძლია დავასახელო ის, რომ, მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მოსწავლეებს შევთავაზე ისეთი რესურსები, თვალსაჩინოებები, პრეზენტაციები, რომლის საკლასო ოთახში ჩვენების შესაძლებლობა არ მქონდა ტექნიკური ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო. ამ დადებით მხარეს გამოვყოფ და სრულიად სამართლიანადაც.

პრობლემებს რაც შეეხება, იყო ხარვეზები ინტერნეტთან დაკავშირებით და ყველა მოსწავლე ვერ ერთვებოდა პროცესში. მინდა აღვნიშნო, რომ დისტანციური სწავლების დროს მხოლოდ მასწავლებლისა და მშობლის პასუხისმგებლობა არაა გაკვეთილის პროცესში ჩართვა, მოსწავლეებმაც უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა. ვგულისხმობ იმას, რომ მოსწავლეების ნაწილი გაკვეთილზე შემოდიოდა გამორთული კამერითა და მიკროფონით, რათა მათ ეს დასწრებაში ჩათვლოდათ და შემდეგ გადიოდნენ. შესაბამისად, არ ესწრებოდნენ გაკვეთილებს და დავალებებსაც სრულყოფილად ვერ ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, განსაზღვრო, მოსწავლე გესწრება თუ არა, როცა მას კამერაც და მიკროფონიც გამორთული აქვს, შენ ვერ ხედავ ის რას აკეთებს და ვერ ხვდები როგორ მუშაობს.

ცხადია, იყვნენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც აქტიურად ესწრებოდნენ გაკვეთილებს და მუშაობდნენ, ინდივიდუალურადაც მეკონტაქტებოდნენ და აქედან გამომდინარე, ამ თვეების მანძილზე პედაგოგები ფაქტობრივად კომპიუტერებთან ერთად ვცხოვრობდით. ამ ყველაფერს სკოლაშიც ვაკეთებდით და იქაც ვმუშაობდით, მაგრამ ახლა ზღვარი წაიშალა და მთელი დღე ზიხარ და ამზადებ პრეზენტაციებს, რომ როგორმე შედეგზე გახვიდე, მოსწავლემ რაღაც გააკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ მე ტექნიკური თვალსაზრისით მომზადებული შევხვდი ამ პროცესს და აბსოლუტურად ყველა გაკვეთილის ჩანაწერი გავაკეთე, რათა ვინც ვერ მესწრებოდა, მათაც შეძლებოდათ გაკვეთილების მოსმენა, ეს ყველაფერი საკმაოდ რთული და სტრესულია“. 

არჩილ აბესაძე, გამარჯვების საჯარო სკოლა: „ყველაზე რთული და ამავდროულად, მთავარი, სპორტის ონლაინ გაკვეთილებში არის ის, რომ გაკვეთილები იყოს საინტერესო და მრავალფეროვანი, უნდა მოიფიქრო სხვადასხვა აქტივობა და შესთავაზო მოსწავლეებს. თავდაპირველად ვარჯიშებს ვაკეთებდით ხოლმე, ეკრანს ვუზიარებდი და ერთობლივად ვვარჯიშობდით, თუმცა შემდეგ დავაკვირდი, რომ ქაოსი იქმნებოდა და ამიტომ მოტორულ ვარჯიშებზე გადავედით, რომელსაც თეორიულად ვუხსნიდი და შემდეგ ისინი შესრულებულ ვარჯიშებს ვიდეოს სახით მიგზავნიდნენ. როცა ეს რესურსიც ამოიწურა, გადავედით თეორიებზე და მინდა გითხრათ, რომ ამ დისტანციურმა სწავლებამ საშუალება მომცა მოსწავლეებისთვის მსგავსი ტიპის მასალები მიმეწოდებინა, მათ შორის, გავაკეთეთ კომპლექსური დავალებაც, რომელიც საკმაოდ შედეგიანი გამოდგა.

მოსწავლეების ჩართულობა დიდია, თუმცა, სამწუხაროდ, არიან მოსწავლეები, რომლებიც ვერ ახერხებენ არა თუ ჩემს, არამედ, სხვა გაკვეთილებზე დასწრებას და მათი პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ზოგს ინტერნეტი არ აქვს, ზოგს მოწყობილობა, რამდენიმე მოსწავლეს კი საერთოდ არ შეუძლია ტექნოლოგიების გამოყენება, რაც ხარვეზებს აჩენს სწავლების პროცესში. მაწუხებს ეს ფაქტი, მაგრამ ჩვენი ძალებით ეს პრობლემები ვერ მოვაგვარეთ. ამას უფრო მასშტაბური ჩარევა სჭირდება.

მეორე მხრივ, გაკვეთილის პროცესში ჩართვის შემდეგ კიდევ სხვა პრობლემები იჩენს თავს, მაგალითად, პირადი სივრცის არარსებობა. მოსწავლეები ხშირად ვერც ისმენენ გაკვეთილს, რადგან საკუთარი ოთახი და მაგიდა არ გააჩნიათ, საერთო ოთახებში კი ხმაურია, რის გამოც სრულყოფილად ვერ ერთვებიან ისინი საგაკვეთილო პროცესში. ამის გარდა, რამდენჯერმე შევეჩეხე „რეპეტიტორ მშობლებსაც“, რომლებიც ბავშვებს კარნახობენ კითხვებზე პასუხებს და ეს ყველაფერი ჩვენ, მასწავლებლებს გვესმის.

სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს მგონი უკვე მივეჩვიეთ, რაღაცნაირად კომფორტის ზონა გახდა ეს დისტანციური სწავლება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან რთულია ასეთ რეჟიმში გაკვეთილების დაგეგმვა და წარმართვა. მართალია, გვაქვს სამინისტროს რეკომენდაციები, თუმცა როგორც შევატყვე, ისინი ნაკლებად გამოსადეგია“. 

მარიამ ხეთაგაშვილი, რუსთავის N25 საჯარო სკოლა: „იმის გამო, რომ ტექნოლოგიებში კარგად ვერკვევი და თან ჩემი საგნის, ინგლისური ენის სწავლება ონლაინ რეჟიმში რთული არაა, პირადად მე, პრობლემები არ შემქმნია. მოსწავლეებს სხვადასხვა რესურს ვუზიარებდი, რომლებიც მარტივად ხელმისაწვდომი იყო, ასევე, ძალიან კარგად ვიმუშავეთ მოსმენის უნარ-ჩვევებზე. სკოლაში თუ ეს პრობლემაა იმის გამო, რომ არ გვაქვს ტექნიკა, ონლაინ ეს არ გაგვჭირვებია.

პრობლემები იყო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით თიმსთან დაკავშირებით, როდესაც მოსწავლეები ვერ შემოდიოდნენ, ეს განსაკუთრებით უჭირდათ ეს უმცროსკლასელებს, თუმცა ნელ-ნელა აითვისეს, ხოლო მათ, ვინც ვერ შემოდიოდნენ, ცალკე ტელეფონით ვუკავშირდებოდით“. 

თინა ძულიაშვილი, ხაშურის N3 საჯარო სკოლა: „რადგანაც, 2020 წელი საგანმანათლებლო სივრცისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა, მასწავლებლები შევეცადეთ ძალიან სწრაფად აგვეღო ალღო ონლაინ სწავლებისათვის, რაშიც ძალიან დაგვეხმარა პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“, რომლის ფარგლებში სკოლას გადმოეცა კომპიუტერები, რომელიც ძალიან გამოგვადგა ონლაინ სწავლების დროს. ჩვენ უკვე გვქონდა თიმსში მუშაობის გამოცდილება და ამიტომ ონლაინ გაკვეთილების ჩატარება არ გაგვძნელებია, თუმცა, რა თქმა უნდა, იყო ხარვეზები და გამოწვევები, რომელთა დაძლევას ყოველდღიურად ვცდილობდით.

წინა პერიოდთან შედარებით, ახლა უფრო კარგად ვმუშაობთ თიმსში. მე მე-2 კლასი მყავს, კლასში 28 მოსწავლეა და უნდა ითქვას, რომ ყველა მოსწავლე ახერხებს გაკვეთილზე ჩართვას, დასწრების ხარისხი მაღალია და ყოველ დღე 25-26 მოსწავლე ესწრება გაკვეთილს. გარდა ამისა, გაკვეთილებმა უფრო ორგანიზებული სახე მიიღო, მოსწავლეები მიეჩვივნენ ხელის აწევას, მიკროფონისა და კამერის ჩართვა-გამორთვას, ვცდილობ დრო დავუთმო მინი-პრეზენტაციებს, მაგრამ დროის სიმცირის გამო ხშირად ვერ მივმართავ ამ ხერხს. პრობლემაა, ასევე, დაბალსიჩქარიანი ინტერნეტი, რომელიც აფერხებს სხვადასხვა რესურსის ეფექტურად გამოყენებას, არადა, ვცდილობ გაკვეთილი დავტვირთო საგანმანათლებლო რესურსებით, მინდა წარიმართოს ინტერაქტიური მეთოდებით, რათა მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნონ სწავლა-სწავლების პროცესში, სწავლა უფრო სახალისო გავხადო, საშინაო დავალებები იყოს საინტერესო და დავუახლოვო მათ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას.

მოგეხსენებათ, დაწყებით კლასებში მშობელთა ჩართულობის ხარისხიც მაღალია. ონლაინ სწავლების დროს ბავშვებს მშობლები გვერდზე უზით, ამას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეც აქვს. ჩემი არაერთი თხოვნის მიუხედავად ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი კარნახობს ბავშვს პასუხს, ასევე, სანამ პასუხს გამცემენ ბავშვები, ოჯახის წევრებს მისჩერებიან და აკვირდებიან მათ რეაქციას, მოეწონათ თუ არა მათი პაუხი, სწორად უპასუხა თუ არა კითხვას.

ზოგადად, ონლაინსწავლებისას ბავშვი მოკლებულია ცოცხალ ურთიერთობას და ფერხდება სოციალური უნარების განვითარება. დისტანციური სწავლისას ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს შედეგების გაზომვა, რთულია განსაზღვრო რა გააკეთა ბავშვმა, როგორ გააკეთა, რაში სჭირდება დახმარება და რა დოზით ჩაერია მშობელი“. 

ანა ურუშაძე, თბილისის N133 საჯარო სკოლა: „საკმაოდ რთული და სტრესული სემესტრი იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. ბუნებრივია, რომ მთელი სამი თვის განმავლობაში გაჯეტებთან დიდი დროით ყოფნა ძალიან დამღლელი აღმოჩნდა ყველა მხარისთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა ვფიქრობ რომ წინა სემესტრის გამოცდილება გავითვალისწინეთ და ახლა ბევრად უკეთესი და შემდგარი იყო პროცესი, ვიდრე წინაზე. ეს ბუნებრივიცაა, ჩვენ უკვე მივიღეთ პრაქტიკა, როგორ გვემუშავა პროგრამასთან, როგორ გაგვემრავალფეროვნებინა დისტანციური გაკვეთილები, მოსწავლეებმაც დაინახეს, რომ ცოდნის მიღების სურვილია მთავარი, ფორმას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციაა. ჩემი გადასახედიდან რომ გითხრათ, გაიზარდა დისტანციურ გაკვეთილებზე დამსწრეთა რაოდენობა, გაიზარდა ონლაინ მოსწავლეთა აქტიურობა, მათ ალღო აუღეს ამ სისტემას, მოვახერხეთ და ჩემს კლსებთან ერთად გავაკეთეთ ონლაინ კონფერენციები ონლაინ გაზეთები და არსებული რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენეთ. დასწრება არ არის სრული, თუმცა პროგრესი ნამდვილად გვაქვს, სამაგიეროდ მოსწავლეთა ტექნიკური უნარები ძალიან გაძლიერდა. ჩემთვის, როგორც დამწყები მასწავლებლისთვის ეს ონლაინ სწავლება ნამდვილად არის დიდი გამოწვევა, თუმცა მიმაჩნია, რომ ორმხრივი გამოცდილება მივიღე, როგორ გამოვიყენო არსებული რესურსი და ჩემი გაკვეთილები როგორ გავხადო მაქსიმალურად საინტერესო, ასევე, როგორ შევძლო ეკრანებს მიღმაც კი ჩემს ბავშვებს დავუმეგობრდე და ემოციური იმპულსები გავუზიარო, რის გარეშეც წარმოუდგენელი მგონია სწავლა-სწავლების პროცესი. სირთულე გახლდათ ის, რომ წელს ბევრი ახალი კლსი მყავს და სამწუხაროდ ბავშვების გაცნობა დისტანციურად მომიწია. ეს ქმნის გარკვეული ტიპის სირთულეებს, თუმცა მჯერა, რომ მომავალი სემესტრი უკვე საკლასო ოთახებში გადაინაცვლებს და მე მომეცემა საშუალება ჩემს ყოჩაღ მოსწავლეებს პირადად გავეცნო. რა თქმა უნდა, გამოწვევად რჩება ის, რომ საკმაოდ ბევრი მოსწავლე განათლების მიღმა რჩება ინტერნეტის გაუმართაობის გამო. ჩემს შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე იყო, რომელიც ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ გვერთვებოდა, თუმცა ჩვენმა სკოლამ მაქსიმალურად უზრუნველყო, რომ მოსწავლეები ტექნიკურად აღეჭურვა. ინტერნეტის პრობლემა კი ვფიქრობ უფრო მასშტაბურ დონეზე უნდა გადაწყდეს და მეტად ჩაერთოს სახელმწიფო ამ პროცესებში“. 


შეიძლება დაინტერესდეთ

ახალი ტიპის საკლასო ოთახი: არანაირი ნიშნები, სტრესი და საგამოცდო მღელვარება!

ახალი ტიპის საკლასო ოთახი: არანაირი ნიშნები, სტრესი და საგამოცდო მღელვარება!
საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის ძალიან ცოტა აცნობიერებს საკუთარ მათემატიკურ უნარებს. ბრუკლინის არაერთ სკოლაში ნერგავენ ახალ სასწავლო პროგრამას, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაანალიზონ თავიანთი ცოდნა და უნარები. აღნიშნული პროგრამა საფუძვლიანად ცვლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების შეხედულებებს აკადემიური მიღწევებისა და ცოდნის დაუფლებისადმი. სასწავლო დაწესებულებებეში პედაგოგები ცოდნას ქულებით არ აფასებენ. პროექტში მონაწილე მოსწავლეები მთელ ძალისხმევას საკუთარი უნარების განვითარებასა და ცოდნის შეძენაზე ხარჯავენ. მათ მეცნიერული ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ნაშრომის ძირითადი თემის გამოკვეთა და სხვა მსგავსი დავალებების შესრულება ევალებათ. როდესაც ერთ დავალებას წარმატებით დაძლევენ, ისინი მეორე საკითხის შესწავლას იწყებენ. მოსწავლეების ცოდნა ქულებით არ ფასდება. მთავარია, მათ მასალა სრულფასოვნად აითვისონ.
დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად საკმაოდ დიდი დრო ეძლევათ. ისეთ მოსწავლეებს კი, რომლებიც მასალას მარტივად ითვისებენ, საკმაოდ მოკლე დროში შეუძლიათ ახალი მასალის შესწავლაზე გადასვლა. თითოეული მოსწავლე ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე მუშაობს. მათ ონლაინ გაკვეთილები, ჯგუფური დისკუსიები და ლექციები უტარდებათ. პედაგოგები თითოეულ ბავშვთან იმ უნარების გაუმჯობესებაზე მუშაობენ, რომელიც შედარებით ნაკლებად აქვთ განვითარებული.
საგნის სრულფასოვან ფლობაზე, კომპეტენციასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება ამერიკის შეერთებულ შტატებში სწრაფი ტემპით ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვერმონტისა და მენის შტატების კანონმდებლობა უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ სკოლები სწავლების აღნიშნულ სისტემაში აქტიურად ჩაერთონ. ნიუ-ჰემფშირშიც ცდილობენ ინოვაციური მეთოდების პილოტირებას. ილინოისის ათ სკოლაში აღნიშნული პროგრამა უკვე მოქმედებს. ტრადიციული შეფასების სქემებისა და სისტემების ცვლილებებს აიდაჰოშიც მიესალმებიან.
ნიუ-იორკის 40 სკოლა და 1,1 მილიონი მოსწავლე აღნიშნულ პროგრამაში აქტიურად არის ჩართული. სკოლებმა პროგრამაში ჩართვის სურვილი თავად გამოთქვეს. პორტლენდში პროგრამის ამოქმედებას მასწავლებლებისა და მშობლების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მსგავსი მიდგომა დროის სერიოზულ დანაკარგს იწვევს და არაეფექტიანია. მიუხედავად ამისა, სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პროგრამაში ჩართვის სურვილი მაინც გამოთქვეს. ზოგიერთი მასწავლებელი და მშობელი მიიჩნევს, რომ მასალის სრულფასოვნად ასათვისებლად მოსწავლისთვის ულიმიტო დროის მიცემა არარეალურია და დადებით შედეგს ვერ გამოიღებს.
ნიუ-იორკის საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლებმა შეფასებისა და სწავლების ახალი მეთოდი დადებითად შეფასეს. მათ საგნის სრულფასოვნად დაუფლებისთვის კოლაბორაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სკოლები, რომლებიც ყურადღებას მასალის სრულფასოვნად დაუფლებაზე ამახვილებენ, საკუთარ გამოცდილებას სხვა სასწავლო დაწესებულებებს უზიარებენ. შესაძლოა, მიდგომები და მეთოდები თითოეულ სკოლას განსხვავებული ჰქონდეს, მაგრამ მათ საერთო მიზნები აერთიანებთ. ნიუ-იორკში რვა სკოლა ლაბორატორიის ფუნქციას ასრულებს. აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი მეთოდები ინერგება, მოწმდება და წარმატების შემთხვევაში სხვა სკოლებშიც ვრცელდება. ინოვაციური მიდგომები განსაკუთრებით იმ სკოლებს ხიბლავთ, რომლებიც მაღალი რეიტინგითა და სერიოზული მიღწევებით არ გამოირჩევიან. თუმცა, დროთა განმავლობაში უახლესი მეთოდებით და პროგრამებით წარმატებული სკოლებიც იხიბლებიან.
უახლოეს მომავალში პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლებში სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და ექსკურსიების მოწყობა იგეგმება, რათა ის საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც ახალი მეთოდებისადმი კრიტიკულად არიან განწყობილნი, მათ ეფექტიანობაში დარწმუნდნენ. კოლაბორაციული სწავლების მზარდი პოპულარობა ონლაინ სწავლების ფართოდ გავრცელებამ და სკოლაში ტექნოლოგიების აქტიურმა გამოყენებამაც განაპირობა. კომპიუტერები საკლასო ოთახის განუყოფელ ნაწილად იქცა.
მასალის სრულფასოვნად დაუფლებაზე ორიენტირებული სწავლება ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ჩიკაგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა ბენჯამინ ბლუმმა სტანდარტული სალექციო პრაქტიკის შეცვლა დაისახა მიზნად. ის ჰოლისტურ მეთოდებსა და მიდგომებს ეძებდა, რომელთა დახმარებით სტუდენტებს სწავლების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად განვლილი მასალის სრულფასოვანი ცოდნა უნდა ეჩვენებინათ. ინტენსიური ძალისხმევის საჭიროების გამო სხვა პროფესორებში ახალმა მიდგომამ პოპულარობა ვერ მოიპოვა. თანამედროვე სამყაროში კი ცოდნის ხარისხის შემოწმება ძალიან გამარტივდა. ონლაინ სწავლება და სპეციალიზირებული სავარჯიშოების სიუხვე ინოვაციური მეთოდების დანერგვას საკმაოდ ამარტივებს.
კოლაბორაციული, მასალის სრულფასოვნად დაუფლებაზე ორიენტირებული სწავლების მომხრეები თვლიან, რომ მსგავსი მიდგომა მოსწავლეებს ორგანიზაციის მეტ საშუალებას აძლევს, განურჩევლად მათი აკადემიური მოსწრებისა. ახალი მეთოდი ყურადღებას ინდივიდზე ამახვილებს და მის განვითარებაზეა ორიენტირებული.
სკოლების დიდი ნაწილი პროგრამაში იმ მიზნით ჩაერთო, რომ გულგატეხილი და რისკის ქვეშ მყოფი მოსწავლეები დაღუპვისგან ეხსნა. ახალი მეთოდის მომხრეებს სურთ მტკიცედ ჩამოყალიბებული ხედვები სამუდამოდ შეცვალონ. მოსწავლემ არ უნდა თქვას: „მე ძალიან ცუდი ვარ ამ საგანში,“ ამის ნაცვლად ის უნდა ამბობდეს: „მე განვითარების გარკვეულ საფეხურზე ვდგავარ.“
რა თქმა უნდა, ახალ პროგრამას ჰყავს კრიტიკოსებიც. მათი აზრით, უახლესი მიდგომების დანერგვის უმთავრეს მიზანს საგანმანათლებლო ხარჯების შემცირება წარმოადგენს. ისინი თვლიან, რომ მასალის სრულფასოვნად დაუფლების მეთოდი საბოლოოდ დიდ საკლასო ოთახებამდე და კომპიუტერულ სწავლებამდე მიგვიყვანს. მასწავლებელთა რიცხვი კი კატასტროფულად შემცირდება. კრიტიკოსების ნაწილი კი თვლის, რომ აღნიშნული პროგრამა ინტელექტუალებს ვერ აღზრდის. მათი თქმით, შესაძლოა, ახალი მეთოდი მათემატიკური უნარების განვითარებისთვის ეფექტური იყოს, თუმცა ჰუმანიტარული ცოდნის დაუფლებისთვის ის არაეფექტურია.
კრიტიკოსები თვლიან, რომ ახალი მეთოდი ქმედითი არ არის. მსგავსი ტიპის სწავლება მოსწავლეებს ხანგრძლივი დროის მანძილზე ცოდნის დაგროვებაში ეხმარება, თუმცა ისინი ათვისებულ მასალას მალევე ივიწყებენ. როგორც კი ბავშვს საშუალება ეძლევა, რომ სწავლების შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლოს, ის ყველაფერს ივიწყებს, რაც იცოდა. მათი თქმით, ახალი ხედვებით შეპყრობილ ადამიანებს არ ესმით ის ფუნდამენტი, რომელსაც განათლების სისტემა ემყარება.
კრიტიკა არც ტრადიციულ განათლების სისტემას აკლია. მოსწავლეები სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ხშირად მზად არ არიან. ქულებით შეფასება და სწავლების ტრადიციული მეთოდები მათ სათანადო განათლების მიღებაში ვერ ეხმარება. გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების მოსწავლეებს შორის უნივერსიტეტში მოსახვედრად საჭირო ინგლისური ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება მხოლოდ 61-მა პროცენტმა შეძლო, ხოლო მათემატიკის - 41-მა პროცენტმა.
მასალის სრულფასოვანი დაუფლების სისტემაზე გადასვლა საკმაოდ პრობლემატურია და სერიოზულ კოორდინაციას მოითხოვს. მსგავსი ცვლილებების განხორციელება ერთ ღამეში ვერ მოხერხდება. სკოლები, რომლებიც ახალი პროგრამის დანერგვას ესწრაფვიან, თანამშრომლებს ხშირად კარგავენ, რადგან მათი უდიდესი ნაწილი ექსპერიმენტების მომხრე არ არის. ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლა ახალი მეთოდის დანერგვის გამო 7-მა პედაგოგმა დატოვა. აღნიშნული პროგრამა განსაკუთრებით ეფექტიანი აღმოჩნა იმ სკოლებში, სადაც იმიგრანტები სწავლობენ. ისინი ექსპერიმენტული მეთოდის დახმარებით წერის, კითხვისა და საუბრის უნარ-ჩვევებს მარტივად ივითარებენ. ქიმიის გაკვეთილებზე ლაბორატორიული მუშაობა მოსწავლის ცოდნის დონის მიხედვით მიმდინარეობს. მასწავლებელი ითვალისწინებს, თუ რომელი ცნებებია ნაცნობი ან უცხო ამა თუ იმ მოსწავლისთვის.
ახალი მიდგომა კრიტიკული აზროვნების განვითარებასაც უწყობს ხელს. ის მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაშიც ეხმარება. იმისთვის, რომ მოსწავლე ჯგუფური მუშაობის უნარებს ფლობდეს, მას კოლაბორაციისა და კვლევის დამოუკიდებლად წარმართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ინდივიდუალური მიღწევების შესაფასებლად კი პატარა მეცნიერებს პედაგოგების ინოვაციური ხედვებით გაკვირვება მოეთხოვებათ.
ნიუ-იორკის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში ახალი მეთოდის დანერგვამდე მოსწავლეთა მხოლოდ 5% აკმაყოფილებდა მათემატიკის ცოდნის სახელმწიფო სტანდარტებს, სრულფასოვნად კითხვა კი მხოლოდ 7%-ს შეეძლო. ახალი პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი მათემატიკის მცოდნეთა რიცხვი 26%-მდე გაიზარდა, ხოლო კითხვის სრულფასოვნად დაუფლება მოსწავლეთა 29%-მა შეძლო. მიმდინარე წელს ყველა მერვე კლასელმა ალგებრის გამოცდა წარმატებით ჩააბარა. სისტემის ამუშავებისთვის სკოლები შტატის კურიკულუმის დირექტივებსა და საგანმანათლებლო სტანდარტებს ემყარებოდნენ, რათა მოსწავლეთა ის უნარები გამოეკვეთათ, რომლებიც მათ სწავლების მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად აუცილებლად უნდა განევითარებინათ.
მეექვსე კლასის მოსწავლეებს მათემატიკური უნარების განვითარებისთვის შეკრებისა და გამოკლების, გამრავლებისა და გაყოფის სრულფასოვნად დაუფლება დაევალათ, ხოლო ინგლისური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მათ ტექსტის მთავარი სათქმელისა და იდეის ამოცნობა უნდა მოეხერხებინათ. მოსწავლეები ქულების ნაცვლად ფერებით ფასდებიან. წითელი ფერი ნიშნავს, რომ მოსწავლე მიზნისგან შორს არის, ყვითელი გულისხმობს, რომ ის მიზანს უახლოვდება, მწვანე მიზნის მიღწევას აღნიშნავს, ლურჯი კი იმაზე მიანიშნებს, რომ მოსწავლემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ახალი მეთოდის მხარდამჭერები თვლიან, რომ მსგავსი მიდგომა მოსწავლეს სწავლის შემოქმედებით პროცესად აღქმაში დაეხმარება. თითოეული უნარის სრულფასოვნად გასავითარებლად, მოსწავლემ 3-ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ ის აღნიშნულ უნარს ფლობს. ისინი მასწავლებლის წინაშე გარკვეულ პრობლემას გადაჭრიან, რათა მას აჩვენონ, რომ მასალა აითვისეს და მისი პრაქტიკული გამოყენების უნარი აქვთ, შემდეგ კი ონლაინ ტესტს და ქვიზსაც წერენ.
მოსწავლეთა შეფასება წლის ბოლოს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შედეგი აჩვენეს მათ საერთო ჯამში. თუ რომელიმე მოსწავლემ ესა თუ ის უნარი მოგვიანებით აითვისა და პროგრამის ჩარჩოებში ვერ ჩაჯდა, ის მაინც დადებითად ფასდება. მთავარი მასალის დაუფლებაა და არა დაუფლების დრო.

​ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეთა მესამედს მასალის ათვისების პრობლემა ჰქონდა. სპეციალური მასწავლებლისა და საგნის პედაგოგის ერთობლივი მუშაობის მიუხედავად, აღნიშნულ მოსწავლეებთან წარმატების მიღწევა ვერ ხერხდებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა სკოლაში სასწრაფო ცვლილებების დანერგვის იდეა დაბადა. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია ერთად მსჯელობდნენ, რა უნდა მოემოქმედათ. საბოლოოდ მათ სკოლაში მასალის დაუფლებაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდიკის დანერგვა გადაწყვიტეს. მომდევნო წელს მოსწავლეებმა გარკვეული საგნების მენტორის დახმარებით შესწავლა დაიწყეს. მათ კომპიუტერში საკუთარი მონაცემები შეჰყავდათ. მოსწავლეები მიზნებს ისახავდნენ და შემდეგ მათ მიღწევას ცდილობდნენ. ისინი გაცილებით მეტი მონდომებით სწავლობდნენ და გაკვეთილებზე ნაკლებად ხმაურობდნენ.
ონლაინ სწავლება მოსწავლეთა მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდიდა. სკოლამ ალგებრის ცოდნის შეფასების სპეციალური ონლაინ პროგრამა შეიმუშავა, რომლის დახმარებით მოსწავლეს საკუთარი პროგრესის შემოწმება დღეში რამდენჯერმე შეუძლია. მშობლები ახალ წამოწყებას სკეპტიკურად შეხვდნენ, თუმცა მალევე დარწმუნდნენ, რომ მათი შვილების ცოდნის დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
„წაგება იმის მიმანიშნებელია, რომ შენ ცდილობ. შეცდომა წარმატების საწინდარია,“ - ეს სიტყვები ახალი პროგრამის მხარდამჭერთა ერთგვარ კრედოს წარმოადგენს. მათ უმთავრეს მიზანს მოსწავლეებში წარუმატებლობის შიშის დაძლევა წარმოადგენს. 
მომზადებულია ​nytimes.com-ის მიხედვით

​თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად