Baby Bag

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ბრძანებაში ცვლილებაა

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ ბრძანებაში ცვლილებაა

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, ​საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ბრძანების თანხმად:

„დ) პრაქტიკოსი მასწავლებელია – პირი, რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით ჩართულია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში და არ აქვს უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი, და რომელიც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ე) უფროსი მასწავლებელია – მასწავლებელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან სქემის საფუძველზე მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

ვ) წამყვანი მასწავლებელია  – მასწავლებელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან სქემის საფუძველზე მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;

ზ) მენტორი მასწავლებელია  – მასწავლებელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ან სქემის საფუძველზე მიენიჭება მენტორი მასწავლებლის სტატუსი“;

„კ) სპეციალური მასწავლებლის სტატუსი – პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი, რომელიც სპეციალურ მასწავლებელს სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის ან/და განხორციელებული აქტივობების საფუძველზე ენიჭება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ) მე-10 მუხლის მე- 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

ა) უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 570 ლარით;

ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 950 ლარით;

გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1250 ლარით.“;

გ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში უნარჩუნდება ამ დანართით დადგენილი წესით გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება.“;

დ) მე-13 მუხლის მეორე და მესამე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზა:

ა) დანართი №2, სადაც მოცემულია 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოები (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 542.70 ლარს);

ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 40.50+101.25=141.75 ლარს);

გ) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი, რომელიც შეადგენს ამ ბრძანების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ოდენობას;

დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (542.70 +141.75+570.00=1,254.45 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1,254.45 ლარს.

3. აღნიშნული უფროსი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლა ასევე შეიძლება შემდეგი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში შესაბამის დანართებში მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით უნდა შესრულდეს არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:

ა) 405*1.1+405*1.1*0.15+405*0.5*0.15=542.70 ლარი (დანართი №2);

ბ) 542.70+570.00= 1,112.70 ლარი;

გ) 405*0.1+405*0.25=40.50+101.25=141.75 ლარი (დანართი №4);

დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 1,112.70 +141.75=1,254.45 ლარი.“;

ე) 131 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი.“;

ვ) 132 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სქემით განსაზღვრული სტატუსი.“;

ზ) 134 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სპეციალურ მასწავლებელს უფლება აქვს, მისი სამუშაოს ნაწილი – პროფესიულ განვითარებაზე მუშაობა, სამუშაო პროცესისთვის მომზადება და სხვა, შეასრულოს სკოლის გარეთ. თუ სკოლის დირექცია თვლის, რომ სპეციალური მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს, უფლებამოსილია, სპეციალურ მასწავლებელს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით სამუშაო კვირისათვის გათვალისწინებული საათების ფარგლებში სკოლაში მუშაობა, შედეგების გაუმჯობესებამდე.“;

თ) 135 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს უფროსი სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზებს:

ა) რომელსაც აქვს:

ა.ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

ა.ბ) 4-წლიანი სამუშაო სტაჟი;

ბ) რომელიც არის კლასის დამრიგებელი;

გ) ასწავლის ორ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების გზაა:

ა) დანართი №1, სადაც მოცემულია 0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 524,48 ლარს);

ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 101.25 ლარს);

გ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დანამატი 420.0 ლარს.

დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (524.48 +101.25+420=1045,73 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 1045.73 ლარს.

3. აღნიშნული სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლა ასევე შეიძლება შემდეგი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში შესაბამის დანართებში მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით უნდა შესრულდეს მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:

ა) 405*1,1+405*1,1*0,15+405*0,2*0,15=524.48 ლარი (დანართი №1);

ბ) 524.48+420=944.48 ლარი

გ) 405*0,25=101.25 ლარი (დანართი №4);

დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 944.48 +101.25=1045.73 ლარი.

ი) 135 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 136 მუხლი:

„მუხლი 136. სქემით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის შესაბამისი სტატუსის დანამატი

„1. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი ეძლევა:

ა) სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით, დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად უზრუნველყოფს მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის/მოსწავლეების სწავლებას ან/და ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობას მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;

ბ) განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.

2. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

ა) უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 570 ლარით;

ბ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 950 ლარით;

3. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი სპეციალური მასწავლებლისათვის იანგარიშება იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით, რომლებსაც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით;

4. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 370 ლარს;

ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 420 ლარს;

გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 470 ლარს;

დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 520 ლარს;

ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 570 ლარს;

5. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

ა) ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 550 ლარს;

ბ) ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 650 ლარს;

გ) სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 750 ლარს;

დ) ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 850 ლარს;

ე) ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 950 ლარს;

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ საჯარო სკოლაში ამ მუხლით გათვალისწინებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი მიეცემა თითოეულ საჯარო სკოლაში სწავლებისათვის.“

შეიძლება დაინტერესდეთ

მე-5 და მე-7 კლასებში გადასული 2000-ზე მეტი მოსწავლე საცდელ ტესტირებაში მიიღებს მონაწილეობას

მე-5 და მე-7 კლასებში გადასული 2000-ზე მეტი მოსწავლე საცდელ ტესტირებაში მიიღებს მონაწილეობას
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12-16 ოქტომბერს მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებლად საცდელი ტესტირება ჩატარდება. მათივე ცნობით, ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი მთელი საქართველოს მასშტაბით 300-მდე სკოლამ გამოთქვა. მათგან ამ ეტაპზე პილოტირების პროცესში 100-მდე სკოლა ჩაერთვება - საცდელ ტესტირებაში მონაწილეობას 2000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს.

„პროექტი „შეფასება განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს მეოთხეკლასელთა და მეექვსეკლასელთა მიღწევების შეფასებას ქართულსა და მათემატიკაში. პირველ ოთხ კლასში მიღწეული შედეგები მე-5 კლასის დასაწყისში შეფასდება, პირველი ექვსი კლასის მანძილზე მიღწეული წარმატებები კი - მე-7 კლასელების ტესტირების შედეგად.
დიაგნოსტიკური შეფასება დაეხმარება სკოლებს შესაბამისად დაგეგმონ ახალი სასწავლო წელი. საცდელი ტესტირების შედეგები ასევე გამოყენებული იქნება ელექტრონული პლატფორმისა და ტესტირების ფორმატის დასახვეწად იმ მიზნით, რომ ის მაქსიმალურად ასახავდეს სკოლის საჭიროებებს,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ჩატარდება: მოსწავლეები ელექტრონულად შეასრულებენ ტესტურ დავალებებს, შეფასების შედეგებს კი ასევე ელექტრონულად მიიღებენ.
შეფასების შედეგები წარმოდგენილი იქნება, როგორც თითოეული მოსწავლის დონეზე, ასევე კლასის დონეზეც. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სახლიდან ან სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიებიდან ჩაერთონ შეფასების პროცესში.
პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“ მუშაობა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია მეოთხე და მეექვსეკლასელი მოსწავლეების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს ელექტრონული პლატფორმის დახმარებით. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს, როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.

2020 წლის დასაწყისში ჩატარდა ცალკეული დავალებების აპრობაცია, ახლა კი მიმდინარეობს პროექტის ელექტრონული პლატფორმის გამოცდა.
წაიკითხეთ სრულად