Baby Bag

რეგისტრაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის

რეგისტრაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის

პირველი მარტის 10:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათამდე მიმდინარეობს რეგისტრაცია მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად, აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

საგნის გამოცდაში, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:
  • მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
  • ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
  • მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.

​თუ პირი არ ფლობს რომელიმე ზემოაღნიშნულ კვალიფიკაციას, იგი საგნის გამოცდაზე მიღებულ შედეგს ვერ გამოიყენებს მასწავლებლის საქმიანობის მიზნებისათვის.

​უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებელს, ისე სპეციალური მასწავლებლობის მსურველ პირს.
  • პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად როგორც საგნობრივ (შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი), ასევე პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე;
  • პედაგოგობის მსურველ პირს მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეეძლება;
  • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირს ასევე შეუძლია ჩააბაროს პროფესიული უნარებისა და, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი საგნის გამოცდა.

​გაითვალისწინეთ, რომ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე, უფლება აქვთ, გავიდნენ 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე ორგანიზებულ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე. ამდენად მათ ხელახლა რეგისტრაციის გავლა არ მოუწევთ.
იმ შემთხვევაში თუ სურვილი აქვთ შეცვალონ მონაცემები, სისტემაში შესასვლელად უნდა ჩაწერონ პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი. კოდის დავიწყების შემთხვევაში დააჭირონ ბმულს: „თუ თქვენ არ გახსოვთ თქვენი პაროლი...“ და ახალი კოდი მათ რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე გაეგზავნებათ.
ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, სპორტსა და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მხოლოდ იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.

​კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:
  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური );
  • ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
  • საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
  • უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
  • ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  • პროფესიული უნარები;
  • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.

​ყველა პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის რეგისტრაცია უფასოა. მასწავლებლობის მსურველთათვის კი რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

​გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
1. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი (თანხა აისახება მომდევნო დღეს).

​თუ დარეგისტრირებულმა პირმა რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 31 მარტის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, ასევე ელექტრონულად ფოსტაზე: [email protected] (ელექტრონულად განაცხადის გამოგზავნის დეტალური ინსტრუქცია იხილეთ ბმულზე).

​გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლ​ებლების სანდ​ო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

მიმდინარე კვირაში Covid-19 მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1% გამოუვლინდა

მიმდინარე კვირაში Covid-19 მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1% გამოუვლინდა

ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურა.

მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე კვირაში სრულად 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი გადავიდა.

მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამავდროულად, სამინისტროს პირველი პირებისა და ადგილობრივი რესურსცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი ასევე უწყვეტად მიმდინარეობს. შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ნორმები მაქსიმალურადაა დაცული. ამ კუთხით, საქართველოს მასშტაბით, რეკომენდაცია მხოლოდ რამდენიმე სკოლას მიეცა.

განათლების ხარისხთან ერთად, სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ვირუსის თავიდან ასაცილებლად, სამინისტროს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ სკოლებს ჰქონდეთ ჰიგიენური საშუალებების მარაგი.

ხაზგასასმელია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დამტკიცდა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ახალი ფორმა. სკოლებში არსებული გარემოს მონიტორინგი კოვიდპანდემიის პერიოდში, სწორედ აღნიშნული ფორმით განხორციელდება. კერძოდ, მონიტორინგის პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტებთან ერთად, ჩართულები იქნებიან სკოლამდელი, ზოგადი განათლებისა და ადმინისტრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით.

წაიკითხეთ სრულად