მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა, ჩანიშნულია დამატებითი სესიები საგნების მიხედვით. აპლიკანტები გამოცდის შემდგომ ემოციებს ერთმანეთს უზიარებენ და თავიანთ მოსაზრებებსა და შეფასებებს გამოხატავენ.
აზრთა გაზიარება უმეტეს შემთხვევაში სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდებოდა სხვადასხვა ჯგუფში. მოვიფიქრეთ, რომ ამ შეფასებებისა და ემოციებისთვის ერთად მოგვეყარა თავი და მასწავლებელთა ჯგუფში ჩავატარეთ გამოკითხვა, რამდენად რთული იყო ტესტი და როგორ გაართვეს თავი სამუშაოს?
გამოკითხვაში აქტიურად ჩაერთნენ და მთავარ პრობლემად შემცირებული დრო, კითხვების დახურულის ღიით შეცვლა, არაპროგრამული მასალის დავალებებში შეტანა დაასახელეს ხელოვნების მასწავლებელთა ჯგუფში.
მაიკო კვიჟინაძე წერს, რომ 1-6 ქართული და მე-7-მე-12 ქართული ჩაბარებული აქვს. წელს კომბინირებულის ქართული ძალიან მერთულაო. მზია ზურაბული იმ აპლიკანტთაგან ერთ-ერთია, რომელიც ამბობს, რომ 1-6 მათემატიკა რთული არ იყო, მაგრამ დრო არ მეყო დავალებების შესასრულებლადო. დროის სიმცირეს უჩივიან ასევე კომბინირებულის გამოცდაზე გასული მასწავლებლები. ცისმარი ბუწურაძე ამბობს, რომ დახურული კითხვები ცოტა იყო და ღია კითხვები მეტ დროს მოითხოვდა, ხოლო წელს დრო გასულ წელთან შედარებით, ერთი საათით შეამცირეს.
გამოკითხვის დროს გამოიკვეთა ერთი ფაქტი, რომ ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის გამოცდაზე გასული მასწავლებლები ტესტის სიმარტივეს აღიარებდენ. უცხო ენის პედაგოგებსაც ემარტივათ დავალებები. ეს გამოიკვეთა გამოკითხვაში მონაწილეთა შორის.
მუსიკა, სამოქალაქო განათლება და დაწყებითი კომბინირებული იყო ყველაზე რთული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
სწორედ გამოკითხვის დროს წამოჭრილი პრობლემებისა და სირთულეების შესახებ ვესაუბრეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს, რომელმაც კითხვებზე პასუხი წერილობით მოგვაწოდა და მას უცვლელად გთავაზობთ.
რის ხარჯზე შემცირდა დაწყებითი კლასების ტესტებისთვის დავალებების შესასრულებლად განკუთვნილი დრო?
შემცირდა დრო და შემცირდა დავალებების რაოდენობაც, თუმცა ტესტი არ გამარტივებულა - სირთულე დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც წინა წლებში. მასწავლებელთა მიერ საგამოცდო ტესტებში მიღებული შედეგების ყოველწლიურმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დავალებების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, შესაძლებელია მასწავლებელთა კომპეტენციის ობიექტურად გაზომვა. დროის შემცირება მოხდა თავად მასწავლებელთა თხოვნის გათვალისწინებითაც (მათი აზრით, ძალიან ხანგრძლივი იყო გამოცდა).
პედაგოგები ჩივიან, თითქოს, ტესტებში შეხვდათ ისეთი საკითხები, რომლებიც პროგრამაში არ იყო მოცემული. მაგ., ხელოვნებაში. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
ხელოვნების ტესტში მოცემული არც ერთი საკითხი არ სცილდება პროგრამის ჩარჩოებს. ბუნებრივია, პროგრამაში ვერ იქნება მითითებული კონკრეტული ეპოქის ყველა მხატვარი და მათი ნამუშევრები, თუმცა მასწავლებლებს მოეთხოვებათ კონკრეტული ეპოქის ცოდნა ისე, რომ შეძლონ ესა თუ ის ავტორი მიაკუთვნონ მას. ყოველი დავალებისთვის შერჩეულია კონკრეტული ეპოქის ტიპური ნიმუში, რომელშიც ყველა თავისებურება ნათლად იკითხება. მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნების მასწავლებელი ზედმიწევნით ცნობდეს ეპოქას და ამ ეპოქაში მოღვაწე ხელოვანების შემოქმედებას.
თუ აპლიკანტი მიხვდა, რომ ტესტში წარმოდგენილი საილუსტრაციო მასალა, მაგალითად, რენესანსის ეპოქას განეკუთვნება, მან ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით უნდა იმსჯელოს და გააანალიზოს ფერწერული სურათის მხატვრული თავისებურებები - დაასახელოს დარგი, ჟანრი, მასალა, ტექნიკა და ა. შ.
შედეგები დაახლოებით როდის გახდება ცნობილი?
ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია და შედეგები ეტაპობრივად მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე. მოამზადა მელანო ებრალიძემ
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა სკოლებს 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ექნებათ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII კლასის ზოგიერთი საგნისა და VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა. უწყების ცნობით, გრიფირებული სახელმძღვანელოების არჩევის შესაძლებლობა სკოლებს 22 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ექნებათ, რის შემდეგაც ახალი სახელმძღვანელოები დაიბეჭდება, ყველა საჯარო სკოლაში დარიგდება და თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილი იქნება ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის ბრძანების საფუძველზე, მერვე კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მნიშვნელოვანი სიახლეებით წარიმართა:
შეფასების პირველი ეტაპის გადალახული სახელმძღვანელოების ავტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ რეცენზენტებს და, გარდა წერილობით მიღებული შენიშვნებისა და წინადადებებისა, მათგან უშუალოდ მიეღოთ დეტალური რეკომენდაციები არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და სახელმძღვანელოების გასაუმჯობესებლად;
ხარისხის გაზრდის მიზნით, აიწია გადასალახი ბარიერი და ნაცვლად 79%-ისა, წელს გახდა 90%-ზე მეტი;
ხარისხის სასარგებლოდ შეიცვალა ხარისხისა და ფასის წონის თანაფარდობა სახელმძღვანელოს საბოლოო ქულის გამოყვანისას (მანამდე თანაფარდობა იყო 90% - ხარისხი და 10% - ფასი, წელს არის 95% - ხარისხი და 5% - ფასი);
გაორმაგდა საბაზისო და ელექტრონული რესურსისთვის გასაცემი ერთჯერადი ჰონორარები; ასევე, გაიზარდა მოსწავლის წიგნის ნაბეჭდი ეგზემპლარისთვის გასაცემი ჰონორარი.
სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სახელმძღვანელოები შეფასდა როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის, ასევე შინაარსობრივი, სტრუქტურული და ენობრივი გამართულობის, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან, ასევე მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
„სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები; შემფასებელთა ჯგუფში შედიოდნენ როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, კურიკულუმის ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.
სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობით, გრიფირების პროცესში სახალხო დამცველის რეკომენდაციით ჩაერთვნენ სპეციალისტები, რომლებმაც სახელმძღვანელოები შეაფასეს სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი ტექსტებსა და ილუსტრაციებში; რამდენად თავისუფალია სახელმძღვანელო სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ელემენტებისგან; რამდენადაა გათვალისწინებულია მდგრადი განვითარების პრინციპები და სხვა,“ - აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სხვადასხვა საგანზე გაკეთებული 58 განაცხადიდან საბოლოოდ გრიფი 30-მა სახელმძღვანელომ მიიღო.
„გრიფირებული სახელმძღვანელოები ვერ შეირჩა შემდეგ საგნებში: გეოგრაფია (VIII კლასი); რუსული (VIII კლასი); ქართული, როგორც მეორე ენა (VII კლასი).
იმ საგნებში, რომელზეც განაცხადები არ შემოსულა, ან ვერ შეირჩა, IX კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად გრიფირება მომავალ წელს თავიდან გამოცხადდება.
ელექტრონული რესურსების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გამომცემლობებს შორის თანამშრომლობა გრძელდება. ამ ეტაპზე გამომცემლობების უმრავლესობამ გრიფირებული ელექტრონული სახელმძღვანელოები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის დროებით ხელმისაწვდომი გახადა.
აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ უკვე დაიწყო დასრულებული გრიფირების პროცესის ანალიზი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენისა და სახელმძღვანელოების შეფასების სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით და მზადაა გამომცემლების, ავტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან მიიღოს კონკრეტული წინადადებები, შენიშვნები და რეკომენდაციები,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.