მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა, ჩანიშნულია დამატებითი სესიები საგნების მიხედვით. აპლიკანტები გამოცდის შემდგომ ემოციებს ერთმანეთს უზიარებენ და თავიანთ მოსაზრებებსა და შეფასებებს გამოხატავენ.
აზრთა გაზიარება უმეტეს შემთხვევაში სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდებოდა სხვადასხვა ჯგუფში. მოვიფიქრეთ, რომ ამ შეფასებებისა და ემოციებისთვის ერთად მოგვეყარა თავი და მასწავლებელთა ჯგუფში ჩავატარეთ გამოკითხვა, რამდენად რთული იყო ტესტი და როგორ გაართვეს თავი სამუშაოს?
გამოკითხვაში აქტიურად ჩაერთნენ და მთავარ პრობლემად შემცირებული დრო, კითხვების დახურულის ღიით შეცვლა, არაპროგრამული მასალის დავალებებში შეტანა დაასახელეს ხელოვნების მასწავლებელთა ჯგუფში.
მაიკო კვიჟინაძე წერს, რომ 1-6 ქართული და მე-7-მე-12 ქართული ჩაბარებული აქვს. წელს კომბინირებულის ქართული ძალიან მერთულაო. მზია ზურაბული იმ აპლიკანტთაგან ერთ-ერთია, რომელიც ამბობს, რომ 1-6 მათემატიკა რთული არ იყო, მაგრამ დრო არ მეყო დავალებების შესასრულებლადო. დროის სიმცირეს უჩივიან ასევე კომბინირებულის გამოცდაზე გასული მასწავლებლები. ცისმარი ბუწურაძე ამბობს, რომ დახურული კითხვები ცოტა იყო და ღია კითხვები მეტ დროს მოითხოვდა, ხოლო წელს დრო გასულ წელთან შედარებით, ერთი საათით შეამცირეს.
გამოკითხვის დროს გამოიკვეთა ერთი ფაქტი, რომ ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის გამოცდაზე გასული მასწავლებლები ტესტის სიმარტივეს აღიარებდენ. უცხო ენის პედაგოგებსაც ემარტივათ დავალებები. ეს გამოიკვეთა გამოკითხვაში მონაწილეთა შორის.
მუსიკა, სამოქალაქო განათლება და დაწყებითი კომბინირებული იყო ყველაზე რთული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
სწორედ გამოკითხვის დროს წამოჭრილი პრობლემებისა და სირთულეების შესახებ ვესაუბრეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს, რომელმაც კითხვებზე პასუხი წერილობით მოგვაწოდა და მას უცვლელად გთავაზობთ.
რის ხარჯზე შემცირდა დაწყებითი კლასების ტესტებისთვის დავალებების შესასრულებლად განკუთვნილი დრო?
შემცირდა დრო და შემცირდა დავალებების რაოდენობაც, თუმცა ტესტი არ გამარტივებულა - სირთულე დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც წინა წლებში. მასწავლებელთა მიერ საგამოცდო ტესტებში მიღებული შედეგების ყოველწლიურმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დავალებების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, შესაძლებელია მასწავლებელთა კომპეტენციის ობიექტურად გაზომვა. დროის შემცირება მოხდა თავად მასწავლებელთა თხოვნის გათვალისწინებითაც (მათი აზრით, ძალიან ხანგრძლივი იყო გამოცდა).
პედაგოგები ჩივიან, თითქოს, ტესტებში შეხვდათ ისეთი საკითხები, რომლებიც პროგრამაში არ იყო მოცემული. მაგ., ხელოვნებაში. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
ხელოვნების ტესტში მოცემული არც ერთი საკითხი არ სცილდება პროგრამის ჩარჩოებს. ბუნებრივია, პროგრამაში ვერ იქნება მითითებული კონკრეტული ეპოქის ყველა მხატვარი და მათი ნამუშევრები, თუმცა მასწავლებლებს მოეთხოვებათ კონკრეტული ეპოქის ცოდნა ისე, რომ შეძლონ ესა თუ ის ავტორი მიაკუთვნონ მას. ყოველი დავალებისთვის შერჩეულია კონკრეტული ეპოქის ტიპური ნიმუში, რომელშიც ყველა თავისებურება ნათლად იკითხება. მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნების მასწავლებელი ზედმიწევნით ცნობდეს ეპოქას და ამ ეპოქაში მოღვაწე ხელოვანების შემოქმედებას.
თუ აპლიკანტი მიხვდა, რომ ტესტში წარმოდგენილი საილუსტრაციო მასალა, მაგალითად, რენესანსის ეპოქას განეკუთვნება, მან ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით უნდა იმსჯელოს და გააანალიზოს ფერწერული სურათის მხატვრული თავისებურებები - დაასახელოს დარგი, ჟანრი, მასალა, ტექნიკა და ა. შ.
შედეგები დაახლოებით როდის გახდება ცნობილი?
ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია და შედეგები ეტაპობრივად მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე. მოამზადა მელანო ებრალიძემ
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„სიტყვით გამოუთქმელი სიკეთე ჩვენს რეალობაში“ - საოცარი საჩუქარი მასწავლებელს სკოლისგან, სადაც 2 წლის წინ ასწავლიდა
რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი ბედნიერებისა და სიხარულის მომტანი, ვიდრე გულწრფელი მადლიერება, შენი შრომის დაფასება და იმის ცოდნა, რომ შენი დაწყებული საქმე ისევ ისე კაშკაშებს და აკვირვებს სხვებს.
სწორედ ასეთ სიხარულზე წერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი, რომელიც 2 წლის წინ უწერის სკოლაში ასწავლიდა. სკოლამ ლელა მასწავლებელზე ვიდეო გადაიღო, რომელსაც მასწავლებელი სიტყვით გამოუთქმელ სიკეთედ აფასებს:
„მეგობრებო, დღეს ასეთი საოცარი (ამ სიტყვის მთელი სისავსე იგულისხმეთ) ვიდეო მივიღე საჩუქრად.
ეს ერთი სოფლის ერთი სკოლის ერთი უბრალო ოთახია, რომელიც ასეთი დავტოვე ორი წლის წინ და ისევ ისე კაშკაშებს, ისევ ისე აკვირვებს მნახველს, ისევ ისე უჩნდებათ უწერის სკოლაში სწავლის სურვილი და ყველაფერი ეს სათქმელს მიგროვებს.
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ შეფასებაზე და ეს ვიდეო სიტყვით გამოუთქმელი სიკეთეა ჩვენს რეალობაში. ქალბატონ სოფო გუგეშაშვილს, რომელიც ჩვენი უფროსი მეგობარი და მასწავლებელია, აუწონავი მადლობა ამგვარი შეფასებისთვის! ერთია, რომ დაინახო და მერე კიდევ, იფიქრო, შეაფასო, ამისთვის დრო გამონახო და სხვებს გაუზიარო.
ვიდეო დოკუმენტურ ფილმს ჰგავს და ჩემთვის თითოეულ კადრს, ფრაზას სიმბოლური დატვირთვა აქვს.
წმ. გიორგის ეკლესიიდან იწყება ყველაფერი. გზას მოვყვებით და იქვე ჩანს ორი ხე, რომლის ძირში მე და ჩემი სამი მოსწავლე 2014 წლის შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, გაკვეთილების მერე მოვკალათდით და ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ ხმამაღლა ვუკითხეთ ერთმანეთს. ხიდი. ჩრდილები ხიდზე. რიონის ტალღები. წინ სკოლაა. ამ ხიდზე გაკვეთილების შუალედში წიგნს ვკითხულობდი ხოლმე. აბიბინებული გზა, რომელიც ყველა სოფლის სკოლას მიუყვება, გულს მატკიებს. არსებობენ დაუვიწყარი გზები, რომლებთანაც ვმეგობრობთ.
რამდენიმე დღის წინ უწერის სკოლის დირექტორს, ნაილი მასწავლებელს ვეუბნებოდი, დროსთან ერთად როგორ მიძლიერდება მისდამი მადლიერება. რომ არა მისი თანხმობა და თანადგომა, ეს ოთახი არ იარსებებდა.
აქ ყოფნისას გული სევდით მევსება. სიმშვიდეს მანიჭებს ის განცდა, რომ ჩემგან გაშვებული მყავს ყველა საქმე, რაც განგებამ მაკეთებინა.
მთავარია, რასაც ბავშვები ამბობენ და გრძნობენ. მთავარია, ჩვენი მეგობრობის ამბავი ისევ გრძელდება, ჩემო ძვირფასო სოფო, საყვარელო ადამიანებო, სოფელო, ბავშვებო,“ - წერს ლელა კოტორაშვილი.