Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდგადატანილთა იმუნიტეტი 7-ჯერ უფრო ძლიერია აცრილებთან შედარებით სიმპტომური დაავადებების განვითარების თვალსაზრისით,“- გიორგი კამკამიძე

„კოვიდგადატანილთა იმუნიტეტი 7-ჯერ უფრო ძლიერია აცრილებთან შედარებით სიმპტომური დაავადებების განვითარების თვალსაზრისით,“- გიორგი კამკამიძე

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, ვაქცინაციით უნდა მოხდეს მაღალი ასაკის და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების მოცვა:

„ჩვენ პირველ რიგში უნდა დავფაროთ ის პოპულაციური ჯგუფები, რომლებიც არიან მაღალი ასაკის, ქრონიკული დაავადებების მქონე. შემდეგ შეიძლება უკვე ფიქრი იმაზე, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ ახალგაზრდები. ​ბავშვების ვაქცინაციაზეც მიდის ძალიან ინტენსიური მსჯელობა. ჩვენი ვაქცინაციის მაჩვენებელი ჩამორჩება სხვა ქვეყნების მაჩვენებელს. ამას აქვს თავისი დადებითი მხარეც. ჩვენ ვიცით გამოცდილება გვერდითი მოვლენების მხრივ, იკრიბება ეს ინფორმაცია.“

გიორგი კამკამიძის თქმით, ვაქცინა 60 %-ით ამცირებს გადაცემას და გვიცავს დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისგან:

„ბოლო პერიოდში საუბრობენ ისრაელის მაგალითზე, სადაც სამიზნე 60 პროცენტი აცრილი იყო, მაგრამ მაინც არის აღმავლობა ახალი შემთხვევების. ეს იყო ერთ-ერთი საბაბი კითხვისთვის:​ „რატომ ავიცრათ?“ ვაქცინა 60 %-ით ამცირებს გადაცემას, არამხოლოდ მძიმე შემთხვევებს და სიკვდილობას. მთავარი ამოცანაა, რომ არ მივიღოთ სიკვდილიანობა, არ მივიღოთ მძიმე შემთხვევები.“

„მეორე ინფორმაცია ბოლო დროს გაჟღერებული არის, რომ ბუნებრივად გადატანილი ინფექცია უფრო ძლიერ იმუნიტეტს გვანიჭებს, ვიდრე ვაქცინა. ეს დიდი ხანია სპეციალისტებმა ვიცით. ​ისრაელის მონაცემებით, 7-ჯერ უფრო ძლიერი იმუნიტეტია აცრილებთან შედარებით ბუნებრივი იმუნიტეტი, სიმპტომური დაავადებების განვითარების თვალსაზრისით. კვლევებით ასევე დასტურდება, რომ ვისაც გადატანილი აქვს ინფექცია და აცრილია, ორ-ნახევარჯერ უფრო დაცულია, ვიდრე მხოლოდ გადატანის შემთხვევაში. მოსახლეობის ნაწილში, განსაკუთრებით იმათში, ვინც მძიმედ გადაიტანა ინფექცია, საკმაოდ ძლიერია იმუნიტეტი და შესაძლოა, რომ წლების განმავლობაში გაგრძელდეს. რეინფექციის, ხელახალი დაინფიცირების პროცენტი არის ძალიან დაბალი. კვლევები აჩვენებს, რომ ხელახალი რეინფექციის შემთხვევები 1 პროცენტზე ნაკლებია. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვაქცინირებულებში ინფექციის შემთხვევები. დადასტურებულია, რომ ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში ჩვენ დაგვიცავს ან ვაქცინა, ან გადატანილი ინფექცია. თუ იქნება გადატანილი ინფექცია, პლუს ვაქცინაცია, აქ გაცილებით ძლიერი დაცვა გვაქვს,“ - აღნიშნულ საკითხებზე გიორგი კამკამიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილის შოუ“

წაიკითხეთ სრულად