მასწავლებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კარიერული წინსვლა შესაძლებელია მხოლოდ გამოცდებით - აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა ,,ახალ განათლებასთან'' მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
,,მასწავლებლების იმ ნაწილისთვის, რომელიც მოითხოვს, რომ გაუქმდეს აქტივობები და კარიერული წინსვლა მხოლოდ გამოცდების ჩაბარებით მოხდეს, კიდევ ერთხელ განვმარტავ: ჩვენ არ გვაინტერესებს თეორიულად აქვს თუ არა გაცნობიერებული მასწავლებელს სიახლეები, რომელიც მის პროფესიულ სტანდარტშია ასახული – რას უნდა აკეთებდეს სტატუსის შესაბამისად სკოლაში, ჩვენ გვაინტერესებს პრაქტიკულად როგორ და, რაც მთავარია, როგორი ხარისხით ახერხებს ის ამ სიახლეების მიწოდებას მოსწავლისთვის. აქედან გამომდინარე, წინსვლა არ იქნება მხოლოდ თეორიულ კომპონენტზე დაფუძნებული, ეს ცალსახად არის ახალი სქემის პრინციპი. რა თქმა უნდა, ამაზეც ვილაპარაკებთ მასწავლებლებთან და მათგანაც მივიღებთ არგუმენტებს და არა მოთხოვნებს – ეს მინდა და ეს არ მინდა. თავისთავად, ყველაფერი მოსწავლეზე ისე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ, საბოლოო ჯამში, ხარისხიანი განათლება განაპირობოს.
პრაქტიკოსების გამოცდა კი ისევ ძალაში რჩება, რეგისტრაციაც ჩატარდა, წარმატებებს ვუსურვებ მათ. წამყვან და უფროს მასწავლებლებს კი, წინსვლის საშუალება მას შემდეგ მიეცემათ, როცა რეგულირების წესს დავამტკიცებთ. როგორც კი დოკუმენტის სამუშაო ვერსია გვექნება, პირველ რიგში, სასკოლო საზოგადოებას გავუზიარებთ, შემდგომ კი – უფრო ფართო საზოგადოებას,'' - აღნიშნავს მანანა რატიანი.
იხილეთ ინტერვიუ სრულად
წაიკითხეთ სრულად