რას მოხმარდება ინკლუზიური განათლების მიმართულებით გაზრდილი თანხები და აისახება თუ არა მასწავლებელთა სახელფასო დანამატებზე? - ,,ახალი განათლების'' აღნიშნულ კითხვას განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ უპასუხა.
,,მასწავლებლისთვის კლასში ყველა მოსწავლე თანაბარია, არა აქვს მნიშვნელობა, სსს მქონეა თუ ტიპური განვითარების, მასწავლებელი ვალდებულია, თანაბრად/ერთნაირად იმუშაოს გაკვეთილზე მყოფ ყველა მოსწავლესთან. აქვე ვიტყვით იმასაც, რომ სპეციალური მასწავლებლები გახდნენ მასწავლებლები და მათ არა აქვთ განსხვავებული სტატუსი. ამიტომ, ახლა, რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემაში რამდენიმე ტიპის მასწავლებელი გვყავს: მასწავლებელი, რომელიც საგანს ასწავლის, მოწვეული მასწავლებელი… და სპეციალური მასწავლებელი. რაც შეეხება მათ სახელფასო პოლიტიკას, აქაც თანაბარი პირობებია და სპეციალური მასწავლებლის ხელფასიც იმდენივეა, რაც პრაქტიკოსის. თუმცა, ძალიან კარგი სიახლე იყო ის, რომ წელს, პირველად ჩვენი განათლების ისტორიაში, სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩატარდა. ამ მიმართულებით, სასიხარულოა, რომ შედეგების მიხედვით, გამოცდაზე რეგისტრირებული მასწავლებლების 50%-ზე მეტმა სპეციალურმა მასწავლებელმა ბარიერის გადალახვა შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ სტატუსი აიმაღლეს. შესაბამისად, უკვე გვყავს უფროსი სპეციალური მასწავლებლები. მათი ხელფასი უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლების ხელფასის თანაბარი იქნება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური მასწავლებლებიც გაჰყვებიან მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზას.
რაც შეეხება კითხვას, თუ რას მოხმარდება დამატებითი დაფინანსება, გეტყვით, რომ ეს ფული, ფაქტობრივად, ხმარდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სრულყოფილი გარემოს შექმნას, დამხმარე რესურსებს, დამხმარე სპეციალისტებს, რეალურად, ეს არის მათი მხარდამჭერი თანხა. ყველა სკოლაში გავაგზავნეთ შეტყობინება/ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რესურსოთახის მოწყობა ყველასთვის სავალდებულოა, ისინი დეტალურად არიან ინფორმირებული როგორ უნდა იყოს რესურსოთახი აღჭურვილი, რა არის ამისთვის მინიმალური საჭიროება. დამატებითი დაფინანსება, ასევე, გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე სპეციალისტების აყვანას და რესურსოთახის აღჭურვას საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსებით. ასევე, დამატებითი დაფინანსებიდან, შეიძლება, სკოლამ გარკვეული თანხა სპეციალური მასწავლებლის ხელფასისთვისაც გამოიყენოს, თუკი მისი ხელფასის ასანაზღაურებლად თანხა აკლდება,'' - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
ინტერვიუ იხილეთ სრულად - ,,ახალი განათლება''
წაიკითხეთ სრულად