Baby Bag

​მთებში გაბნეული ლეგენდები და 5 ადგილი, რომელიც უნდა მოინახულოთ, თუ ოდესმე ხევსურეთში მოხვდებით

​მთებში გაბნეული ლეგენდები და 5 ადგილი, რომელიც უნდა მოინახულოთ, თუ ოდესმე ხევსურეთში მოხვდებით

მწვანეში ჩაფლული ციხე-სოფლები, ალუდასა და ზვიადაურის სამშობლო, ჭიუხის ძირში დაფენილი 3 ფერადი ტბა და ლეგენდები, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე შეგხვდება. მოგესალმებით, ეს საქართველოს ულამაზესი მხარე - ხევსურეთია!

მაშ ასე: ხუთი ადგილი, რომელიც უნდა მოინახულო, თუ ოდესმე ხევსურეთში მოხვდები!

1. დათვისჯვრის უღელტეხილი

სოფელ ხახმატს რომ გაივლით და დათვისჯვრის უღელტეხილს მიადგებით, უკვე ხვდებით, რომ პირიქითა ხევსურეთში უნდა გადახვიდეთ და შატილის გზას შეუდგე, თუმცა გირჩევთ, პირველი გაჩერება დათვისჯვრის უღელტეხილი იყოს, რომელიც ზღვის დონიდან 2676 მეტრზე მდებარეობს. წინ გადაიშლება ცხრა მთა და ცხრა ზღვისხელა ღრუბელი. გადახედავთ იმ გზაწვრილებს, რაც უკვე გამოიარეთ და გაოცდებით, თურმე რამდენად დიდი ბალანსია აქ ადამიანსა და სამყაროს შორის. აქ კი ნამდვილად დარწმუნდებით, რომ წინ საოცარი მოგზაურობა გელით. თუ კარგი ამინდი დაგემთხვათ, შესაძლოა, დათვისჯვრიდან ჭაუხებიც კი დაინახოთ.

2. სოფელი შატილი

ეს სოფელი ვაჟა-ფშაველას პოემებიდან გემახსოვრებათ. სოფელი, საიდანც ალუდა ქეთელაური გავიცანით.

ერთ ბორცვზე შეფენილი ციხე-სოფელი, რომელიც მშრალი ქვითაა აგებული, აქტუალობას არც დღეს კარგავს. აქ 68 კოშკია, ზოგიერთ ოჯახს სასტუმროც აქვს, ამიტომ აქ ჩასულ სტუმარს საშუალება ეძლევა, შატილის ქვითკირებში დაიძინოს და შუა საუკუნეებში დაბრუნდეს.

კოშკები ერთმანეთის მიყოლებითაა აგებული და მათ ერთმანეთთან საერთო გასასვლელი აქვთ, ამიტომ თავისუფლად შეგიძლია ციხე-სოფლის თავიდან ბოლოში ისე გახვიდე, რომ ვერავინ შეგნიშნოს. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, საკმაოდ სტრატეგიული იყო შუა საუკუნეებისთვის.

ციხე-სოფლის ძირში, მდინარე არღუნი ჩამოდის, რაც ციხე-სოფელს სიმყუდროვეს მატებს. აქვეა საბანაკე ტერიტორიებიც. ასე, რომ გარდა სასტუმროსი, ტურისტს შეუძლია პირდაპირ კოშკების წინ დაბანაკდეს და თავი ვარსკვლავებით „აჭორფლილ“ ცასა და კარავს შეაფაროს.

3. აბუდელაურის ფერადი ტბები

ჭაუხების ძირში მდებარე 3 ფერადი ტბა მნახველს ყოველთვის მონუსხულს ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხით სავალი გზა ზოგიერთისთვის საკმაოდ დამღლელია, ის მაინც იზიდავს ტურისტებს. მთებს შორის გაჭრილი ბილიკი, მდინარის ხმა, ზურგსუკან დატოვებული სოფელი როშკა და წინ გზამკვლევად აღმართული ჭაუხები უდიდეს მუხტს გაძლევთ, რომ ფერად ტბებამდე მიაღწიოთ. ჯერ მწვანე, შემდგომ ლურჯი და ბოლოს თეთრი ტბა გელოდებათ.

ფშაური ანდრეზის (გადმოცემის) მიხედვით, ამ ტბებში შეაფარა თავი იახსრის ლახტს გამოქცულმა უკანასკნელმა დევმა. იახსრის ლახტისგან ცალი თვალით დარჩენილი დევი ტბაში ჩაეშვა, იახსარი კი თან ჩაჰყვა მას. დევი განგმირა, მაგრამ დევის უწმინდურმა სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარმა ამოსვლა ვეღარ შეძლო, სანამ ოთხრქა-ოთხყურა ცხვარი არ დაკლეს და მისი სისხლი ტბას არ ასხურეს. წმინდა სისხლმა უწმინდურს სძლია და იახსარი ტბიდან ამოვიდა.

აბუდელაურის თეთრი ტბიდან, ჭაუხების გავლით, მოგზაურებს შეუძლიათ ჯუთაშიც კი გადავიდნენ.

​4. ანატორის აკლდამები

შატილიდან მუცოსკენ გზას რომ გაუყვებით, თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს გზიდან ოდნავ მოშორებით მდგარი რამდენიმე აკლდამა. მას საკმაოდ საინტერესო ისტორია ახლავს, რომელიც ხევსურთა გმირობის შესახებ გვიყვება.

ერთ ერთი გადმოცემის თანახმად, მე-18 საუკუნეში, სოფელ ანატორში შავი ჭირი გავრცელებულა. იმისათვის, რომ ინფექციას სოფლიდან არ გაეღწია, ადგილობრივებს აქ აკლდამები აუგიათ, სადაც ავადმყოფი სიკვდილს უნდა დალოდებოდა. სოფლის თავში და ბოლოში კი მეთოფეები დაუყენებიათ. არც ერთ სნეულ ხევსურს დაჭირვებია იძულება ამ აკლდამაში შესასვლელად, ვინაიდან იცოდნენ, ეს სხვისი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის კეთდებოდა. ძალისხმევის მიუხედავად, შავ ჭირს მთელი სოფელი გაუწყვიტავს, მხოლოდ ერთი ბიჭუნა გადარჩენილა, როდესაც მისთვსი უკითხავთ, რომელი სოფლიდან იყო, ასეთი პასუხი გაუცია : „მე იმ სოფლიდან ვარ, სადაც მზე ორჯერ ამოდის.“

საქმე ისაა, რომ ანატორში მზე ორჯერ ჩნდება, ერთხელ აისზე, მეორედ კი დაისისას. დანარჩენ დროს კი მზე მთას ეფარება. ასე მიმხვდარან, რომ არსებობდა ანატორელი რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია.

​5. ციხე-სოფელი მუცო

სოფელში, რომელიც თითქმის საუკუნეზე მეტია გაუკაცრიელდა შუა საუკუნეების გამაგრებული, საყოფაცხოვრებო დანიშნულების დაახლოებით 40-მდე სახლია განლაგებული. მათ შორის, ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი.

თორღვა ძაგანი ხევსურთა გმირია, სოფელ მუცოდან. გადმოცემით, თორღვა ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონოძე იყო, ბეჭებზე ჯვრის, მზისა და მთვარის გამოსახულება ჰქონდა. ხალხური ლექსის თანახმად, შვიდ წელს ნაავადარი თორღვა ფშაველი ჩოთას მჭვარტლიანმა ისარმა განგმირა. მის კოშკთან ასვლა ხევსურთა წესის მიხედვით ქალებს ეკრძალებათ.

ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლის კალოს ხატზე ლოცულობდნენ. მუცოელები განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს იცავდნენ. გადმოცემის მიხედვით, საგანძური დღესაც მუცოს ახლოს, მაღალ მთებშია დაცული და რჩეულის მოლოდინშია.


ხევსურეთში ჩასვლა ტურისტებს მაისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე შეუძლიათ.

ავტორი: მარიამ მახარაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

უდაბნოში დაკარგული 5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელსაც 24 საათი ეძებდნენ, იპოვეს

უდაბნოში დაკარგული 5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელსაც 24 საათი ეძებდნენ, იპოვეს

24-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ არგენტინის უდაბნოში დაკარგული 5 წლის ბიჭი იპოვეს. ბენჯამინ სანჩეზს გაუჩინარების ადგილიდან 21 კილომეტრში მიაგნეს. ინფორმაციას ​BBC ავრცელებს.

5 წლის ბიჭი ოჯახთან ერთად მოგზაურობის დროს დაიკარგა. მას 1000-მდე პოლიციელი, სამოქალაქო აქტივისტი და მოხალისე ეძებდა.

„მესმოდა დედა როგორ მეძახდა, მე კი გავრბოდი. შემდეგ დავიკარგე. მციოდა, ცუდად მეძინა, ქვებზე ვიწექი“, - იხსენებს ბენჯამენი, რომლესაც მხოლოდ მოკლემკლავიანი მაისური და თხელი შარვალი ეცვა. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ბალახს ჭამდა და ნაკადულის წყალს სვამდა.

გამოცემის ცნობით, რაიონში, სადაც ბიჭი დაიკარგა, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ფიქსირდება - დღისით +30°С ღამით კი - 0 °С.

ბენჯამენ სანჩეზი, ორშაბათს, დეჰიდრატაციის სიმპტომებით სან ხუანის საავადმყოფოში შვეულმფრენით გადაიყვანეს, ხოლო სამშაბათს გამოწერეს.

წაიკითხეთ სრულად