„გარკვეული დღეების განმავლობაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სკოლებში და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნების მხრიდან მარიხუანას მოხმარების,“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მარიხუანის მოხმარების რეგულირების შესახებ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.
„ამ კანონპროექტის მიზანი არის მარწუხების მოჭერა ყველა გაგებით. დიახ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანას მოხმარება პირად სივრცეში, სხვაგან ყველგან ეს კანონპროექტი ითვალისწინებს მარწუხების მოჭერას. ეს კანონპროექტი გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, პარკებში, სკოლებში არასრულწლოვნების თანდასწრებით, ვერავინ მოწევს მარიხუანას და თუ მოწევს დაეკისრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამას აქვს თავისი ლეგიტიმური მიზანი.
არ ვიცი, ახლა ჩვენ თუ იმაზე უნდა ვიკამათოთ არასრულწლოვნის თანდასწრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოწევა უნდა ისჯებოდეს თუ არ უნდა ისჯებოდეს. მათ შორის იმ ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც თქვენ მოგყავთ მაგალითად, რომლის პრაქტიკასაც თქვენ ძალიან ხშირად იშველიებთ. არც ერთ ევროპის ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სკვერებში, სკოლებში, პარკებში, ბავშვების თანდასწრებით, არსად მარიხუანას მოხმარება დასაშვები არ არის“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, დაიცვას მართლწესრიგი და ნარკოტიკული საშუალების გავრცელებას არ შეუწყოს ხელი:
„დიახ, არის საუბარი იმიტომ რომ გარკვეული დღეების განმავლობაში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა სკოლებში და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნების მოზარდების მხრიდან მარიხუანას მოხმარების ფაქტების. ახლა თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება რეგულაციები და ყველას ყველგან შეუძლია მოიხმაროს და თუ იმაზე ვსაუბრობთ და ვერ ვაცნობიერებთ საფრთხეებს, რომ არასრულწლოვნებისთვის ამ ნარკოტიკული საშუალების თუნდაც მარიხუანას ხელმისაწვდომობას რა შედეგებამდე შეიძლება მივიყვანოთ, ნუ მაშინ საერთოდ ამ დისკუსიას აზრი არ აქვს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.