Baby Bag

„ნამდვილი თუ მოგონილი“ - მე-10 და მე-11 კლასელებისთვის კონკურსი გამოცხადდა

„ნამდვილი თუ მოგონილი“ - მე-10 და მე-11 კლასელებისთვის კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და „მედიააკადემია“ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ​ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურსის მიზანია მოზარდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარება.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - „Fake News“, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ახალი ამბავი, უნდა წარმოაჩინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი. დავალების წარმოსადგენად კი, მოსწავლეებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული კრეატიული ფორმა.

„ნამდვილი თუ მოგონილის“ გამარჯვებულებს სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი ჟიურის წევრები გამოავლენენ და მათ შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემენ.

I ადგილზე გასული მოსწავლე პრიზის სახით MacBook Pro-ს, II ადგილზე - iPhone XS, ხოლო III ადგილზე - iPad Pro + Apple Pencil-ს მიიღებს.

მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2019 წლის 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგ ბმულზე - tiny.cc/oggb6y.

დავალების შესრულებისთვის დეტალურ და სასარგებლო ინფორმაციას ისინი კონკურსის გვერდზე ფეისბუქზე: ნამდვილი თუ მოგონილი - fb.com/namdvilitumogonili და კომისიის ვებ-გვერდზე www.gncc.ge შეძლებენ.

შეიძლება დაინტერესდეთ

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

სახელმძღვანელოების საჯარო განხილვა დაიწყო

დღეიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის, საბაზო საფეხურის VII და VIII კლასების და IX კლასის სასკოლო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი იწყება. 


ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მისთვის საინტერესო სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტს/მაკეტებს და დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა ან/და მოსაზრება ელექტრონულად, რისთვისაც უნდა ეწვიოს ვებ გვერდს - ​grifireba.emis.ge, აირჩიოს შესაბამისი მიმართულება და საგანი.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის საჯარო განხილვის შედეგები თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება განმცხადებლისა და შინაარსობრივი რეცენზიის განმახორციელებელი რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფისათვის.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების გაზიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგნობრივი ჯგუფის დამსწრე რეცენზენტთა ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კი, გადამწყვეტია საგნობრივი ჯგუფის თავმჯდომარის ხმა.

საჯარო განხილვის დროს დაფიქსირებული შენიშვნების საგნობრივი ჯგუფის მიერ გაზიარების შემთხვევაში, იგი აისახება შინაარსობრივი საგნობრივი ჯგუფის რეკომენდაციაში და განმცხადებლებისათვის სავალდებულოდ შესასრულებელი გახდება.

სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტების საჯარო განხილვის პროცესი 2021 წლის 18 მარტს დასრულდება.
წაიკითხეთ სრულად