Baby Bag

მშობელთა ინტერესების გათვალისწინებით პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-4 ეტაპის ვადები შეიცვალა

მშობელთა ინტერესების გათვალისწინებით პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-4 ეტაპის ვადები შეიცვალა
მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა. შედეგად, ნაცვლად 20 აგვისტოსი, პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც ცნობილია, საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა. კერძოდ, პირველი, მეორე და მესამე ეტაპების დასრულების შემდეგ, სკოლებში დოკუმენტაციის წარდგენის პერიოდი 5 ივლისამდე გაგრძელდა. მეოთხე ეტაპის რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადად კი 20 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდი დადგინდა.

თუმცა, სამინისტროში შემოსული დიდი რაოდენობით მოქალაქეთა განცხადებების გათვალისწინებით, რომელთა შვილები ელექტრონული რეგისტრაციით ვერ მოხვდნენ სასურველ ან ვერცერთ ახლომდებარე სკოლაში და გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან, სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩაითვალა დაჩქარდეს რეგისტრაციის მე-4 ეტაპის დაწყება რათა დარჩენილ ადგილებზე სკოლებს დროულად მიეცეთ შესაძლებლობა რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი ბავშვები ჩარიცხონ. სწორედ ამიტომ, რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ IV ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას ამ ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:
  • სკოლებში მოქმედებს საქმისწარმოების ახალი წესი, რომლის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ ელექტრონულად გადააგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან სკოლის მიერ დადგენილი წესით უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ სკოლის ადმინისტრაციას; სკოლა ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.
  • ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში, სკოლა არ მოითხოვს დოკუმენტებს მატერიალური სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაადასტურებს მოსწავლის ჩარიცხვას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა იხელმძღვანელონ, ,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 აგვისტოს N675 ბრძანებით და მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად არ მოითხოვონ დამატებით სხვა დოკუმენტები, რაც არ არის განსაზღვრული აღნიშნული ბრძანებით.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

შეიძლება დაინტერესდეთ

2021-2022 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა დამტკიცდა

2021-2022 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა დამტკიცდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2021-2022 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების მოცულობა და ოდენობა დამტკიცდა. შესაბამისი ​დოკუმენტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

დადგენილების თანახმად, ​„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით:

1. 2021-2022 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 2,250,000.00 ლარის ოდენობით.

2. 2021-2022 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა (შემდგომში – სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა) განისაზღვროს შემდეგი სახით:

4. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის ფარგლებში.3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამის მოდულის საფასურის განსაზღვრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყონ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობების შესაბამისად.

5. თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი სწავლის საფასური ნაკლებია შესაბამის სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობაზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა გაუტოლდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს,“ - აღნიშნულია დადგენილებაში.

წაიკითხეთ სრულად