Baby Bag

მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეებისთვის საცდელი ტესტირება ჩატარდება

მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეებისთვის საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 12-16 ოქტომბერს ჩატარდება საცდელი ტესტირება მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებლად. მასში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში სკოლები უნდა დაუკავშირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.

პროექტი (,,შეფასება განვითარებისთვის“) მიზნად ისახავს მეოთხეკლასელთა და მეექვსეკლასელთა მიღწევების შეფასებას ქართულსა და მათემატიკაში. პირველ ოთხ კლასში მიღწეული შედეგები მე-5 კლასის დასაწყისში შეფასდება, პირველი ექვსი კლასის მანძილზე მიღწეული წარმატებები კი - მე-7 კლასელების ტესტირების შედეგად.
დიაგნოსტიკური შეფასება დაეხმარება სკოლებს შესაბამისად დაგეგმონ ახალი სასწავლო წელი. საცდელი ტესტირების შედეგები ასევე გამოყენებული იქნება ელექტრონული პლატფორმისა და ტესტირების ფორმატის დასახვეწად იმისათვის, რომ ის მაქსიმალურად იყოს მორგებული სკოლის საჭიროებებზე.

ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ჩატარდება: მოსწავლეები ელექტრონულად შეასრულებენ ტესტურ დავალებებს, შეფასების შედეგებს კი ასევე ელექტრონულად მიიღებენ.

შეფასების შედეგები წარმოდგენილი იქნება, როგორც თითოეული მოსწავლის დონეზე, ასევე კლასის დონეზეც. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სახლიდან ან სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიებიდან ჩაერთონ შეფასების პროცესში.

პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“ მუშაობა 2019 წელს დაიწყო. შეფასების ელექტრონული პლატფორმის დახმარებით ჩატარდება მეოთხე და მეექვსეკლასელი მოსწავლეების რეგისტრაცია და ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია კონკრეტული პრობლემების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს, როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.

2020 წლის დასაწყისში ჩატარდა ცალკეული დავალებების აპრობაცია, ახლა კი მიმდინარეობს პროექტის ელექტრონული პლატფორმის გამოცდა.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად