Baby Bag

მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეებისთვის საცდელი ტესტირება ჩატარდება

მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეებისთვის საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 12-16 ოქტომბერს ჩატარდება საცდელი ტესტირება მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებლად. მასში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში სკოლები უნდა დაუკავშირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.

პროექტი (,,შეფასება განვითარებისთვის“) მიზნად ისახავს მეოთხეკლასელთა და მეექვსეკლასელთა მიღწევების შეფასებას ქართულსა და მათემატიკაში. პირველ ოთხ კლასში მიღწეული შედეგები მე-5 კლასის დასაწყისში შეფასდება, პირველი ექვსი კლასის მანძილზე მიღწეული წარმატებები კი - მე-7 კლასელების ტესტირების შედეგად.
დიაგნოსტიკური შეფასება დაეხმარება სკოლებს შესაბამისად დაგეგმონ ახალი სასწავლო წელი. საცდელი ტესტირების შედეგები ასევე გამოყენებული იქნება ელექტრონული პლატფორმისა და ტესტირების ფორმატის დასახვეწად იმისათვის, რომ ის მაქსიმალურად იყოს მორგებული სკოლის საჭიროებებზე.

ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ჩატარდება: მოსწავლეები ელექტრონულად შეასრულებენ ტესტურ დავალებებს, შეფასების შედეგებს კი ასევე ელექტრონულად მიიღებენ.

შეფასების შედეგები წარმოდგენილი იქნება, როგორც თითოეული მოსწავლის დონეზე, ასევე კლასის დონეზეც. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სახლიდან ან სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიებიდან ჩაერთონ შეფასების პროცესში.

პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“ მუშაობა 2019 წელს დაიწყო. შეფასების ელექტრონული პლატფორმის დახმარებით ჩატარდება მეოთხე და მეექვსეკლასელი მოსწავლეების რეგისტრაცია და ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია კონკრეტული პრობლემების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს, როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.

2020 წლის დასაწყისში ჩატარდა ცალკეული დავალებების აპრობაცია, ახლა კი მიმდინარეობს პროექტის ელექტრონული პლატფორმის გამოცდა.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფ​ი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები დამტკიცდა. შესაბამის ​​ბრძანებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს. 

ეს წესი განსაზღვრავს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ (შემდგომში - ეროვნული სასწავლო გეგმა) I კარით დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებულ პირობებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) დისტანციური სწავლების წარმართვისთვის, ასევე ადგენს დისტანციური სწავლების დროს მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისა და დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნების წინაპირობებს, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და მისი ტერიტორიული ორგანოების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების (შემდგომში – რესურსცენტრი), ასევე, სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი იურიდიული პირების უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროცესში.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ტერმინთა განმარტებასთან ერთად, აქვთ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა.

2. ამ წესის მიზნებისთვის ამ წესში გამოყნებეულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ელექტრონული სწავლება – სწავლება ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით;

ბ) სინქრონული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, ელექტრონული სწავლების ფორმით, როცა მასწავლებელი და მოსწავლე(ები) მათი უნიკალური მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით, ერდროულად იყენებენ რომელიმე ელექტრონულ პლატფორმას, რომელიც იძლევა აუდიო ან/და ვიდეოკომუნიკაციის შესაძლებლობას, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა მყისიერად დასვან შეკითხვები ან უპასუხონ მათ;

გ) ასინქრონული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, ელექტრონული სწავლების ფორმით, როცა მასწავლებელი და მოსწავლე(ები) ერთდროულად ან სხვადასხვა დროს, მასწავლებლის მიერ დაგეგმილი პროცესის შესაბამისად, დამოუკიდებლად სწავლობენ სხვადასხვა დროსა და ადგილას, რეალურ დროში კომუნიკაციის გარეშე, იყენებენ ან ციფრულ რესურსებს, ან აუდიო და/ან ან/და ვიდეო ფაილებს, ან ტელეეთერს;

დ) ჰიბრიდული სწავლება – დისტანციური სწავლების მოდელი, დასწრებით სწავლებისა და ელექტრონული სწავლების რომელიმე ფორმის კომბინაციით;

ე) ციფრული რესურსები – მოსწავლის ასაკისა და განვითარების შესაბამისი სასწავლო რესურსები, რომლებიც შეიქმნა ელექტრონულად ან ანალოგური მასალების ციფრულ ფორმატში გადაყვანით;

ვ) ელექტრონული პლატფორმა – ელექტრონულ-ციფრული სივრცე, სადაც თავმოყრილია სვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსები, ელექტრონული მართვის სისტემები, ონლაინსაკომუნიკაციო სისტემები და ა.შ;

ზ) საგანმანათლებლო პლატფორმა – პლატფორმა, სადაც განთავსებულია საგანმანათლებლო რესურსები, რომლებთან მუშაობა მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად (წინასწარ ჩაწერილი ვიდეოგაკვეთილები, მულტიმედიური რესურსები), ასევე სხვადასხვა ტიპის დავალებები, რომელთა შესრულების შემდეგ მოსწავლე სისტემისგან ავტომატურად იღებს შეფასებასა და უკუკავშირს და ა.შ.;

თ) ონლაინსაკომუნიკაციო სისტემა – სისტემა, რომელიც იძლევა დისტანციური თანამშრომლობისა და ონლაინ გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობას;

ი) დასწრებით სწავლება – სწავლების ტრადიციული ფორმა, როცა მასწავლებელი და მოსწავლეები იმყოფებიან ერთ ფიზიკურ სივრცეში, მაგალითად, საკლასო ოთახში.

თავი II

დისტანციური სწავლების მოდელები, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისა და დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნების წინაპირობები

მუხლი 3. დისტანციური სწავლების მოდელები

1. სკოლაში დისტანციური სწავლება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მოდელების გამოყენებით:

ა) სრულად ელექტრონულად, სინქრონულად, რაც გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში სამინისტროს მიერ რეკომენდებული რომელიმე ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის ერთდროულად ჩართვას;

ბ) სრულად ელექტრონულად, ასინქრონულად, რაც გულისხმობს ტელე/ვიდეოგაკვეთილების ან ხელმისაწვდომი სხვა ელექტრონული პლატფორმების ან/და ციფრული რესურსების გამოყენებით სწავლა-სწავლებას;

გ) ჰიბრიდულად, რაც გულისხმობს სრულად ელექტრონული სინქრონული ან/და ასინქრონული და დასწრებით სწავლების კომბინირებულად გამოყენებას, რაც შეიძლება იყოს დიფერენცირებული საგნების, კლასებისა და განაყოფების მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დისტანციური სწავლების მოდელს ირჩევს სკოლა და ათანხმებს შესაბამის რესურსცენტრთან ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული განაცხადის ფორმით. დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელის სასწავლო წლის დაწყებამდე შერჩევის შემთხვევაში, სკოლა წერილობით მიმართავს შესაბამის რესურსცენტრს სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს 14 დღისა, ხოლო მიმდინარე სასწავლო წლის შემთხვევაში, ამ წესით განსაზღვრული გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

3. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განაცხადით სკოლა ირჩევს დისტანციური სწავლების ჰიბრიდულ მოდელს, აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს რესურსცენტრი და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

4. სკოლის/სკოლების დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონულ (როგორც სინქრონულ, ასევე ასინქრონულ) მოდელზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი რესურსცენტრის შუამდგომლობით იღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რესურსცენტრი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამის სკოლას/სკოლებს აძლევს დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელის ასახვის შესაძლებლობას.

6. სკოლა/სკოლები ვალდებულნი არიან ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახონ შესაბამისი დისტანციური სწავლების სასკოლო საათობრივი ბადე.

7. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული ინფორმაციის სისწორეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან უზრუნველყოფს რესურსცენტრი.

8. დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელის შერჩევისას სკოლა ხელმძღვანელობს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული წინაპირობებით და ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, სკოლის შესაძლებლობებს მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების მიმართულებით.

9. სკოლის/სკოლების დისტანციური სწავლებაზე გადასვლის შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეგზავნება რესურსცენტრს, დისტანციური სწავლების უზრუნველყოფისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძო სკოლების შემთხვევაში ასევე სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

მუხლი 4. დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელზე გადასვლის წინაპირობები

1. სკოლაში დისტანციური სწავლების რომელიმე მოდელზე გადასვლის წინაპირობა შეიძლება იყოს:

ა) სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას დადგენილი დროებითი შეზღუდვები;

ბ) რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვები;

გ) სკოლაში მიმდინარე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმილ ვადებში შეუსრულებლობისას ან გადაუდებელი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას;

დ) ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტი;

ე) ცალკეულ საგანში/საგნებში თანამედროვე ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა ან სკოლის მიერ სხვა დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები დგინდება საქართველოს მთავრობის ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დისტანციური სწავლების დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად რესურცენტრს ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული განაცხადის ფორმასთან ერთად უნდა წარედგინოს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და/ან მისი შესაბამისი უწყების წერილობითი რეკომენდაცია სკოლის/სკოლების სრულად დახურვის შესახებ კონკრეტული ვადის მითითებით;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – შესაბამისი რესურსცენტრის დასაბუთებული შუამდგომლობა;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – სკოლის შუამდგომლობა სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი ორგანიზაციისა და სამუშაოების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყების, ან კერძო სკოლის შემთხვევაში – თავად სკოლის დასაბუთებულ მიმართვასთან ერთად შესაბამისი ვადის მითითებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები საჯარო სკოლისთვის დგინდება სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, შესაბამისი საჯარო სკოლის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

მუხლი 5. დასწრებით სწავლების განახლება

1. სკოლაში დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნების წინაპირობა შეიძლება იყოს:

ა) სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გადამდები დაავადებით გამოწვეული მდგომარეობისას გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გაუქმება;

ბ) სკოლაში/დასახლებაში/მუნიციპალიტეტში/ქვეყანაში არსებული რთული მეტეოროლოგიური/ექსტრემალური პირობებით ან ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გაუქმება;

გ) სკოლაში მიმდინარე გადაუდებელი სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დასრულება;

დ) ცალკეულ საგანში/საგნებში ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტის აღმოფხვრა.

2. სკოლა განაახლებს დასწრებით სწავლებას მინისტრის ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რესურსცენტრის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით წინასწარ განსაზღვრული დისტანციური სწავლების ვადის ამოწურვის შემდეგ.

თავი III

დისტანციური სწავლების სასკოლო სასწავლო გეგმა

მუხლი 6. დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზება

1. დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზების გეგმას ადგენს სკოლა, სკოლის დირექციის, ადმინისტრაციისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (საგნობრივი კათედრები, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო) ჩართულობით.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სინქრონული ელექტრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს. ამ დროს მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) რაოდენობა არის შემდეგი:

3. დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:

ა) I-IV კლასებში – 15-20 წუთი;

ბ) V-IX კლასებში – 25-30 წუთი;

გ) X-XII კლასებში – 35-40 წუთი.

4. რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.

5. რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება.

6. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასინქრონული ელექტრონული სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს სასკოლო საათობრივ ბადეს დისტანციური სწავლების პერიოდისათვის.

7. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში სკოლა ადგენს საგაკვეთილო ცხრილს თითოეული საკლასო ჯგუფისთვის თითოეულ საგანში, რომელშიც მითითებულია გაკვეთილების ჩატარების ფორმა: დისტანციური ან დასწრებით, ასევე განსაზღვრავს საკლასო განაყოფებს დასწრებით გაკვეთილებისთვის.

8. საჯარო სკოლაში ჰიბრიდული დისტანციური სწავლების შემთხვევაში დასაშვებია კლასის გაყოფა დასწრებით გაკვეთილების დაგეგმვისას, ხოლო დისტანციური გაკვეთილების ჩატარება რეკომენდებულია მთელი საკლასო ჯგუფისთვის.

9. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა არც ერთი მოსწავლე არ აღმოჩნდეს დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა, ან არ ჩამორჩეს თანაკლასელებს სწავლაში.

10. სკოლა ვალდებულია მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უზრუნველყოს დასწრებით სასწავლო პროცესი.

11. სკოლა ვალდებულია, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიყენოს იმისათვის, რომ სკოლის სივრცეში უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, მათი საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისი მომსახურების მიწოდება.

12. დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის განხორციელების შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის მის შესაძლებლობებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება, დამრიგებლის, საგნის მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლისა და საჭიროების შემთხვევაში, სკოლის ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების ჩართულობით.

13. სკოლა ვალდებულია დისტანციური სწავლებისას დაიცვას თითოეული მოსწავლის საუკეთესო ინტერესები, პერსონალური მონაცემები და მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.

მუხლი 7. დისტანციურ სწავლების მეთოდოლოგია და სასწავლო რესურსები

1. სკოლაში დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელის გამოყენების დროს მნიშვნელოვანია, მასწავლებლებმა თემების/თემატური ერთეულების და კომპლექსური დავალებების მეშვეობით დაგეგმონ სასწავლო პროცესი.

2. ეროვნულ სასწავლო გეგმაში რიგი საგნებისთვის მოცემულია სავალდებულო თემები (მაგ., საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებები), ხოლო რიგ საგნებში ისინი თავად მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს (მაგ., ხელოვნებაში, მუსიკაში, უცხოურ ენებში, ქართულში) სასწავლო პროცესის დაწყებამდე.

3. დისტანციური სწავლებისას სასწავლო რესურსად შეიძლება გამოყენებულ იქნეს: გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოები, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის დამხმარე ელექტრონული რესურსები, მასწავლებლის, მოსწავლეების, შესაბამისი სპეციალისტების მიერ მომზადებული ელექტრონული რესურსები და სხვა;

4. კომპლექსური დავალებების შედგენა, მათი მეშვეობით სასწავლო პროცესის დაგეგმვა და შეფასება წარმოებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ სკოლისთვის მიწოდებული მეთოდიკური რეკომენდაციებისა და საგნობრივი გზამკვლევების შესაბამისად.

მუხლი 8. მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა

1. სკოლა ვალდებულია სისტემატურად აწარმოოს მოსწავლეთა დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

2. კლასის დამრიგებელი ვალდებულია დაადგინოს მოსწავლის მიერ დისტანციური გაკვეთილის გაცდენის მიზეზები და იმ შემთხვევაში თუ:

ა) აღნიშნული გამოწვეულია მოსწავლის მხრიდან შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის (მოწყობილობისა და ინტერნეტთან წვდომის) არქონით, ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექტორს და პრობლემის მოგვარებამდე მასწავლებელთა ჯგუფთან ერთად ინდივიდუალურად განიხილოს არსებული შესაძლებლობები და დაგეგმოს ალტერნატიული ღონისძიებები მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩასართავად.

ბ) მოსწავლესთან/მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება და უცნობია გაკვეთილებზე დაუსწრებლობის მიზეზები, სკოლამ უნდა იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. სკოლა ვალდებულია გამოყოს შესაბამისი სივრცე მასწავლებლისთვის დისტანციური გაკვეთილის ჩასატარებლად იმ შემთხვევაში თუ:

ა) მასწავლებელი ვერ ახერხებს სახლიდან ჩართვას;

ბ) მასწავლებელს არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/ინტერნეტი.

მუხლი 9. დისტანციური სწავლების შეფასება

1. სკოლაში დისტანციური სწავლების დროს მოსწავლეთა შეფასება წარმოებს როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

2. დამატებითი რეკომენდაციები დისტანციური სასწავლო პროცესის შესაფასებლად, სკოლას მიეწოდება სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ.

თავი IV

დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობა

მუხლი 10. დისტანციური სასწავლო პროცესის მონიტორინგი

1. სკოლა შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს დისტანციური სასწავლო პროცესის მონიტორინგისთვის.

2. დისტანციური სასწავლო პროცესის მონიტორინგისთვის განხორციელებული ღონისძიებები უნდა ითვალისწინებდეს:

ა) დისტანციური გაკვეთილების დადგენილ დროსა და დადგენილი ხანგრძლივობით ჩატარების ზედამხედველობას;

ბ) დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართული მოსწავლეების დასწრების აღრიცხვაზე ზედამხედველობას;

გ) დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების აღრიცხვას და მიზეზების კვლევას;

დ) ეთიკისა და ქცევის ზოგადი ნორმების დაცვის ზედამხედველობას.

მუხლი 11. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის უფლებები და ვალდებულებები დისტანციური სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისთვის

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია:

ა) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს მოსწავლის ჩართულობას დისტანციურ სასწავლო პროცესში, ხელი შეუწყოს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებაში;

ბ) ითანამშრომლოს სკოლასთან და დაეხმაროს მოსწავლეს სკოლის მიერ დასახული სასწავლო მიზნების მიღწევაში;

გ) თვალყური ადევნოს მოსწავლეს და დროულად შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების, მათ შორის, კიბერბულინგის დაფიქსირებისთანავე;

დ) შეატყობინოს სკოლას დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების შესახებ და ითანამშრომლოს სკოლასთან სირთულის დაძლევის გზის მოძებნაში.

ე) პატივი სცეს მასწავლებლის შემოქმედებით და სამუშაო ონლაინ სივრცეს, დაიცვას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 12. დისტანციური სასწავლო პროცესის თანაბარი ხელმისაწვდომობა

1. სკოლა ვალდებულია მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს დისტანციური სასწავლო პროცესის თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის.

2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლისთვის ხელმისაწვდომი რესურსებით ვერ ხერხდება მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში, სკოლა ვალდებულია მოსწავლისთვის უზრუნველყოს ინდივიდუალური კონსულტაციები დასწრებულად ან/და დისტანციურად.

თავი V

დისტანციური სწავლების ხელშეწყობა

მუხლი 13. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვალდებულებები დისტანციური სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის

სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია:

ა) განსაზღვროს სამინისტროს მიერ რეკომენდებული ელექტრონული პლატფორმების ნუსხა;

ბ) საჯარო სკოლის მოსწავლისა და თანამშრომლისთვის უზრუნველყოს წინასწარ განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმისთვის (ზოგადი განათლების მართვის სისტემა, ელექტრონული ჟურნალი, კოლაბორაციის სისტემა და სხვ.) მომხმარებლის პროფილების შექმნა;

გ) საჯარო სკოლებისთვის უზრუნველყოს წინასწარ განსაზღვრული ელექტრონული პლატფორმების (ზოგადი განათლების მართვის სისტემა, ელექტრონული ჟურნალი, კოლაბორაციის სისტემა და სხვ.) დანერგვის ტექნიკური მხარდაჭერა;

დ) სინქრონული სწავლების პროცესში გამოსაყენებელი პლატფორმების ტექნიკური ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;

ე) ელექტრონული სწავლების პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გამოკვეთილი საჭიროებების მიხედვით შესაბამისი სოციალური კამპანიებისა და აქტივობის დაგეგმვა-განხორციელება;

ვ) უზრუნველყოს საჯარო სკოლებში ელექტრონული ჟურნალის გამართული ფუნქციონირების ტექნიკური მხარდაჭერა;

ზ) დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება;

თ) უზრუნველყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დისტანციური სწავლების აღრიცხვის შესაძლებლობა.

მუხლი 14. სსიპ მასწავლებელთა პროფესული განვითარების ეროვნული ცენტრის ვალდებულებები დისტანციური სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის

სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია:

ა) ქვეპროგრამის „დისტანციური სწავლება“ ფარგლებში ყველა საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებლებისა და მასწავლებლისთვის (საგნობრივად) უზრუნველყოს დისტანციური სწავლების მიმართულებით რესურსების მომზადება; ასევე, შესთავაზოს მასწავლებლებს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა: ვებინარები დისტანციური სწავლების მეთოდიკის, ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენების, დისტანციური სწავლებისას მოსწავლეების შეფასებების და სხვა მიმართულებით;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროების მიხედვით დისტანციური სწავლებისთვის შეარჩიოს მასწავლებლები, განახორციელოს მათი პროფესიული მხარდაჭერა (ფასილიტაცია, ვებინარები, კონსულტირება) და მონიტორინგი.

მუხლი 15. რესურსცენტრების ვალდებულებები დისტანციური სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის

რესურსცენტრი ვალდებულია მის სამოქმედო ტერიტორიაზე:

ა) ყველა სკოლისთვის უზრუნველყოს კონსულტაციები სკოლის დირექციის წარმომადგენლებისათვის დისტანციური სწავლების რელევანტური ფორმისა და პერიოდის შერჩევის მიზნით;

ბ) განიხილოს და შეითანხმოს სკოლის შუამდგომლობა ჰიბრიდულ დისტანციურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

გ) ხელი შეუწყოს სკოლას, დისტანციური სწავლების დროს სკოლისა და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებებისა და უფლებამოსილების, ასევე ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მოსწავლეთა კანონიერ წარმომადგენელთან კონსულტაციების ორგანიზებაში. შეიმუშაოს დისტანციურ რეჟიმში შეტყობინების/ინფორმაციის მიღების მექანიზმი, რომელიც დაეხმარება თვალყური ადევნოს ზემოთ აღნიშნული უფლებებისა და ვალდებულებების განხორციელებას;

დ) საჯარო სკოლებში განახორციელოს მონიტორინგი საჭიროების შესაბამისად.

მუხლი 16. სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ვალდებულებები დისტანციური სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის

სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მზაობა დისტანციურ სასწავლო პროცესში რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების, მათ შორის, კიბერბულინგის პრევენციისთვის;

ბ) მოსწავლეებთან დისტანციურად ჩაატაროს ძალადობისა და კიბერბულინგის თაობაზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები და რაიმე ფორმით ძალადობრივი ქმედების დაფიქსირებისთანავე მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 17. სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ვალდებულებები დისტანციური სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის

1. სკოლის დირექტორი და დირექტორის მოადგილე(ები) ვალდებულნი არიან დისტანციური სასწავლო პროცესი დაგეგმონ სკოლის რესურსების, თოთოეული მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

2. სკოლის ექიმი და ფსიქოლოგი ვალდებულია გაუწიოს შესაბამისი კონსულტაციები საგნობრივ კათედრებსა და სკოლის პედაგოგიურ საბჭოს გაკვეთილების ფორმისა და ხანგრძლივობის შესახებ.

3. კლასის დამრიგებელი ვალდებულია კომუნიკაცია იქონიოს თითოეულ მოსწავლესთან, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან. დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩასართავად რაიმე შეფერხების გამოვლენისთანავე მიმართოს სკოლის დირექციას და პარალელურად კლასის საგნის მასწავლებლებთან, მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციით დასახოს გზები მოსწავლის მხარდასაჭერად.

4. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დამრიგებლები, საგნის მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებელი, სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული დამატებითი სპეციალისტები, ვალდებული არიან მუდმივი კომუნიკაცია იქონიონ მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელთან. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობით უზრუნველყონ მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა/განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაცია გაუწიონ სსსმ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს მოსწავლის მხარდაჭერისა და სახლის პირობებში მოსწავლის აკადემიური, სოციალური და ფუნქციური უნარების განვითარებისთვის.

დისტანციური სწავლების შეთანხმების ფორმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

განაცხადის წარდგენის თარიღი:

სკოლის დირექტორი:

წაიკითხეთ სრულად