Baby Bag

განათლების სამინისტროს ახალი რეგულაციები - რა ვალდებულება ემატებათ სკოლებს?

განათლების სამინისტროს ახალი რეგულაციები - რა ვალდებულება ემატებათ სკოლებს?

პირველად, მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესში ჩართულობის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააწესა რეგულაციები, რომლებიც სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს. საბოლოო ჯამში, იმისათვის, რომ მოზარდი სკოლის მიღმა არ აღმოჩნდეს, პროცესში მთელი განათლების სისტემა ერთვება.

აღნიშნულ რეგულაციებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის საერთაშორისო კონსულტანტთან და UNESCO-ს განათლების მკვლევარებთან ერთად იმუშავა. სწორედ მათ რეკომენდაციებსა და საერთაშორისო გამოცდილებას დაეფუძნა შესაბამისი დოკუმენტი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგულაციები რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

„კერძოდ, მინისტრის ბრძანების მიხედვით, პირველ ეტაპზე, მოსწავლის სკოლაში/გაკვეთილზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ყოველდღიური მონიტორინგის საფუძველზე, არაუგვიანეს მე-10 დღეს, კლასის დამრიგებელი ვალდებულია სკოლის ადმინისტრაციას წარუდგინოს წერილობითი ანგარიში. დოკუმენტში გარკვევით იქნება გაწერილი მოსწავლესა და მის კანონიერ წარმომადგენელთან მუშაობის 10-დღიანი ანგარიში (გაცდენის მიზეზის დადგენა, მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის აღწერა და სხვ.). ამასთან, მთავრობის დადგენილებით, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური პრობლემების გამო მოსწავლეს არ აქვს წვდომა „ტელესკოლასა“ და ონლაინსწავლებაზე, მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მასთან კომუნიკაცია ნებისმიერი, მათ შორის სატელეფონო ფორმით. ხოლო მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, ითანამშრომლოს სკოლასთან. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მოსწავლე დისტანციური სწავლების დროს სტატუსის შეჩერებისგან დაცულია.

ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ კი, პროცესში კლასის დამრიგებელთან ერთად, განათლების სისტემის სოციალური მუშაკები ჩაერთვებიან, რომლებსაც აქვთ ვალდებულება, ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელონ ოჯახში ვიზიტი. განათლების სოციალური მუშაკები მოზარდის სასწავლო პროცესში დაბრუნების მიზნით, იმუშავებენ მოსწავლესთან და მის კანონიერ წარმომადგენელთან.

განათლების სისტემა ყველა კანონიერ ბერკეტს გამოიყენებს მოზარდის სასწავლო პროცესში ჩასართავად.

იმ შემთხვევაში, თუ აღწერილი ეტაპების გავლის შემდეგ მოსწავლე არასაპატიო მიზეზების გამო სკოლაში მაინც არ გამოცხადდა, მას მოსწავლის სტატუსი უჩერდება, თუმცა, სტატუსის აღდგენა შესაძლებელია მშობლის განცხადების საფუძველზე, მიმართვისთანავე.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების საფუძვლად 90 სასწავლო დღის განმავლობაში სკოლის ზედიზედ გაცდენა ითვლებოდა, რაც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია და მოიცავს სასწავლო წლის ნახევარზე მეტს. აქამდე სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება, მოზარდის სკოლაში დასაბრუნებლად გაეტარებინა საჭირო ღონისძიებები. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე 90-დღიანი ვადის ამოწურვამდე ერთხელ მაინც გამოცხადდებოდა სკოლაში, მისთვის გაცდენების აღრიცხვა თავიდან იწყებოდა. შესაბამისად, მოზარდი მოსწავლის სტატუსით სარგებლობას აგრძელებდა იმის მიუხედავად, რომ ფაქტობრივად საგანმანათლებლო პროცესის მიღმა იყო დარჩენილი და სასწავლო პროგრამა აუთვისებელი რჩებოდა. ამასთან, სკოლას არ ჰქონდა ვალდებულება, მოსწავლის სასწავლო პროცესიდან ჩამოშორების პრევენციის მიზნით, დროულად მოეხდინა შესაბამისი რეაგირება.

აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს განათლების სისტემას, უზრუნველყოს თითოეული მოზარდის განათლების ფუნდამენტური უფლების დაცვა,“ - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლებ​ის სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

ერთ კვირაში სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება

ერთ კვირაში სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება

საქართველოს საჯაროს სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. არსებული სტატისტიკა უკვე იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ 2020-2021 სასწავლო წელი სკოლის შენობებში დასრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტატისტიკური მონაცემებით, 29 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2 %-ს და მოსწავლეთა 0,05%-ს დაუდასტურდა.

„მშობელთა თხოვნით, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზეა 59 სკოლა და 145 ცალკეული კლასი.

რაც შეეხება რისკის ჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, რომელთაც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლა ითხოვეს, მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით არის 122.

ვირუსის გამოვლების შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება.

საჯარო და კერძო სკოლებში პედაგოგთა ტესტირება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სკოლებში სისტემატურად მიმდინარეობს უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი, როგორც სამინისტროს პირველი პირების, ასევე, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან,“ - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად