Baby Bag

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში ცვლილება შევიდა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში ცვლილება შევიდა

პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა.

პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა. თუმცა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო შეფერხდა პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვების მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების პროცესი. შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა.

საქართველოს მთავრობის მიერ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გამო ცვლილება შეეხო პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპსაც, რომელიც 2021 წლის 20 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით განხორციელდება.

II ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები:

  • რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
  • რომელთა მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
  • რომელთა ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტებია:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).


​დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.

სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, დროულად მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა შეუფერხებლად შეძლონ.

შეიძლება დაინტერესდეთ

TVschool.ge - როგორ მივცეთ მოსწავლეებს საშინაო დავალებები ყველაზე მარტივად

TVschool.ge - როგორ მივცეთ მოსწავლეებს საშინაო დავალებები ყველაზე მარტივად
ქართულ ინტერნეტსივრცეში ახალი პლატფორმა გამოჩნდა, რომელიც მასწავლებლებისთვის ამარტივებს და აუმჯობესებს სწავლების პროცესს.

​​TVschool.​ge​ მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, ღილაკზე სულ რამდენიმე დაჭერით შექმნან და გაუგზავნონ საშინაო დავალება თავიანთ მოსწავლეებს.

პროცესი საკმაოდ მარტივია:

  • მასწავლებელი ირჩევს კლასს, საგანს და გაკვეთილს
  • შემდეგ პროგრამა საიტის ბაზიდან თავისით ალაგებს შესაბამის კითხვებს და აგენერირებს შექმნილი დავალების უნიკალურ ბმულს
  • აღნიშნულ ბმულს მასწავლებელი უგზავნის მოსწავლეებს ნებისმიერ საკომუნიკაციო არხში - იქნება ეს მაიქროსოფთ თიმსი, მესენჯერი, თუ სხვა
  • მოსწავლე ხსნის ბმულს და აკეთებს დავალებას
  • დავალებას პროგრამა თავისით ასწორებს
აქვე შეგიძლიათ, იხილოთ მოკლე ​ვიდეოინსტრუქცია თუ როგორ იქმნება დავალება TVschool.ge-ზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით გამოსადეგია თვითიზოლაციის პერიოდში, როდესაც მასწავლებლებს სხვა გზა არ აქვთ და უწევთ, დისტანციურად მისცენ და ჩაიბარონ საშინაო დავალებები. პროცესი გამარტივებულია როგორც მასწავლებლელთათვის, ასევე მოსწავლეთათვის, რაც სწავლებას უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს ხდის.

​Tvschool.ge სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩაეშვა. მას უკვე 2500-ზე მეტი მასწავლებელი და 15000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს და ეს რიცხვები ყოველდღიურად სწრაფად იზრდება.

დასარეგისტრირებლად გადადით ბმულზე - რეგისტრაცია

R.

წაიკითხეთ სრულად